ხანძარსაწინააღმდეგო ხანძარი
გარემოს დასაცავად და აღსადგენად თუ საკუთარი თემის დასახმარებლად ავსტრალიის აბორიგენმა მოსახლეობამ დაგეგმილი ხანძრების ძველისძველი ტრადიცია გააცოცხლა.


ხანძარსაწინააღმდეგო ხანძარი
გარემოს დასაცავად და აღსადგენად თუ საკუთარი თემის დასახმარებლად ავსტრალიის აბორიგენმა მოსახლეობამ დაგეგმილი ხანძრების ძველისძველი ტრადიცია გააცოცხლა.
ადრიანი დილაა, ნოემბრის პირველი ნახევარი, დეფ-ედერის ხეობაში ვართ – ვორდეკენის მკვიდრ ხალხთა დაცული ტერიტორიის დასავლეთ კიდეში. ტროპიკული სიცხე სახეში ალმურად ეცემა არიჯაი ნაბარლამბარლს, რომელიც ვერტმფრენიდან ხტება და ხანძრისკენ გარბის. დაბალმა, გველივით დაკლაკნილმა ცეცხლმა წყალ-ჭაობები დააშრო და მის ადგილას ხრიოკი, ნახანძრალი მიწა და ძირდამწვარი ხეები (Melaleuca quinquenervia) დატოვა. 25 წლის ნაბარლამბარლი ორ რეინჯერს უდგება გვერდში, ჰაერსაბერების ხმაური ცეცხლის ტკაცატკუცს ფარავს. ეს სამეული ხანძრის განაპირას მოძრაობს და კიდეში მოქცეულ ფოთლებს შუაგულ ცეცხლში აბრუნებს – ასე ხანძარი მეტად ვეღარ გავრცელდება.
ეს ტრიო ერთ-ერთია ადგილობრივი რეინჯერების სამი ჯგუფიდან, რომლებიც დარვინიდან 260 კილომეტრის მოშორებით, არნემლენდის მივარდნილ კუთხეში, მეხისგან გაჩენილ ხანძარს აქრობს.
ნაბარლამბარლი ჩერდება და თვალით ზომავს ხანძრის საკუთარ მონაკვეთს. რეინჯერებში სკოლის დამთავრებისთანავე ჩაეწერა; ამ საქმემ ქალაქის მიტოვების და მშობლიურ მიწაზე დაბრუნების საშუალება მისცა. უკვე რვა წელია, რაც უფროსებისგან ცეცხლსა და ხანძრებზე შეთხზულ ძველისძველ ამბებს ისმენს. ეს ამბები ათობით ათას წელს ითვლის იმ დროიდან, რაც მისი ხალხი ამ მიწაზე სახლობს; მიწებზე, სადაც გადაშენების პირას მყოფი მრავალი ენდემური სახეობა ბინადრობს, მათ შორის: შავი ვალარუ, ჩრდილოეთის ჩანთოსანი კვერნა და თეთრყელა ჭინჭრაქა. აქაურობა საოცარი ჩანჩქერებით, კლდეებით, მდინარეებით და ხელუხლებელი ტყეებითაა სავსე. ახლაც კი, როდესაც იწვის, მშვენიერი სანახავია.

ეს ერთ-ერთია შარშან მშრალი სეზონის მიწურულს გაჩენილი იმ 53 ხანძრიდან, რომლებიც ვორდეკენის რეინჯერებმა ჩააქრეს. აგვისტოდან დეკემბრამდე ვორდეკენში სასტიკი ხანძრები იცის. ტროპიკული სავანა დედამიწის ყველაზე აალებადი ლანდშაფტია, რის გამოც ყოველწლიურად ჩრდილოეთ ავსტრალიის თითქმის ერთი მესამედი იწვის.
მაგრამ აქაურებისთვის ხანძარი არა მხოლოდ პრობლემა, არამედ მასთან ბრძოლის საშუალებაცაა.
ჩრდილოავსტრალიური მშრალი სეზონის დასაწყისში, სანამ მიწა ჯერ ისევ ნოტიო იყო, ნაბარლამბარლი და მისი თანამშრომლები ხანძრის ჩაქრობის ნაცვლად მისი გაჩაღებით იყვნენ დაკავებულნი. ყოველწლიურად, აპრილიდან ივლისის ჩათვლით, რეინჯერები ასობით კილომეტრს გადიან და ცეცხლგამჩენებით და ვერტმფრენიდან გადმოგდებული ალმოდებული გუნდებით დაგეგმილ ხანძრებს აჩენენ.
წელიწადის ამ დროს დაბალი ტემპერატურის, სუსტი ქარებისა და ნამიანი მცენარეულობის გამო ცეცხლი ძალას ვერ იკრებს და, ჩვეულებრივ, ერთ ღამეში ქრება. მცირე ხანძრების წყალობით დიდი ხანძრები, რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია, ნაკლებ საზიანო და უფრო ადვილად სამართავი ხდება.

ასეთი ხანძრებით გარემოს დაცვა აბორიგენი რეინჯერებისთვის მნიშვნელოვანი საქმეა. მათ ღრმა სულიერი კავშირი აქვთ საკუთარ მიწასთან და მისი მოვლა-პატრონობა ეამაყებათ.
„მიყვარს ბუნებაში ყოფნა“, – ამბობს ნაბარლამბარლი, რომელსაც ამ გრძნობამ მშობლიურ მხარეში დაბრუნება და რეინჯერად მუშაობა გადააწყვეტინა.
ხანძარსაწინააღმდეგო ხანძრები ჩვენი დროის აღმოჩენა არ არის. ამ პრაქტიკას საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმართავდნენ. ახლა კი კლიმატის ცვლილებამ და ხანძრების გახშირებამ მეტყევეები მის აღდგენაზე დააფიქრა.
მშრალი სეზონის დაწყებასთან ერთად მცირე ხანძრების გაჩენა ძველად არნემლენდში ტრადიციული პრაქტიკა იყო. ხანძრებს სანადიროდ, ნიადაგის აღსადგენად და სხვადასხვა რიტუალისთვის იყენებდნენ. უფროსი თაობის მკვიდრი ავსტრალიელები ამბობენ, რომ ცეცხლი მიწას აცოცხლებს, რომ ხანძრის შემდეგ მიწა ხელახლა იბადება. ეს ტრადიციები აბორიგენებში დღემდეა შემორჩენილი, საკმარისია შეამჩნიონ, რომ მიწას ცეცხლი სჭირდება და უმალ ხანძარს აჩაღებენ.

მრავალი მკვიდრი ავსტრალიელის მსგავსად, ტერა გუიმალაც ბავშვობიდან შეეჩვია ცეცხლს. 56 წლის გუიმალას კარგად ახსოვს, როგორ ასწავლიდნენ უფროსები ცეცხლის გამოყენებას: კენგურუების მონადირეებამდე მისარეკად, რიტუალური კვამლის გასაჩენად, ნიადაგის სწორად შერჩეულ დროს გასანოყიერებლად. გუიმალა ე.წ. ტრადიციული მფლობელია ანმოის თემიდან, რომელიც ვორდეკენის დაცულ ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს 14 000 კვადრატულ კილომეტრზე სახლობს. ეს მიწა 36 კლანის მიერ ჩვეულებითი სამართლის წესებით იმართება. „დიდი ხნის წინ, – ამბობს გუიმალა, – აქაურობა ხალხით იყო სავსე. ძველმა ხალხმა ცეცხლის მართვა იცოდა. ახლა ეს ადგილები ადამიანებისგან დაიცალა, – ამბობს იგი, – და მიწას ცეცხლი დაეპატრონა“.
კოლონიზაციის მომდევნო წლებში, სხვადასხვა მისიასა და დასახლებაში გადაბარგებული არაერთი ოჯახის მსგავსად, მშობლიური მხარე გუიმალას ოჯახმაც მიატოვა. გუიმალა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მისი მშობლები უკან დაბრუნდნენ. ეს 1970-იან წლებში დაწყებულ მოძრაობას მოჰყვა, რომელსაც მკვიდრი მოსახლეობის ლიდერი და სახელგანთქმული აბორიგენი მხატვარი ბარდაიალ „ლოფტი“ ნაჯამერეკი ედგა სათავეში. ნაჯამერეკმა და სხვა ტრადიციულმა მფლობელებმა შეამჩნიეს, რომ მათ არყოფნაში მშობლიური მიწა შეიცვალა. მომრავლდა უცხო მცენარე და გაველურებული ცხოველი – კატები და კამეჩები, ემუების პოპულაცია კი შემცირდა. კლდის მხატვრობის უძველესი ნიმუშები კამეჩებმა და ხანძარმა დააზიანა, მუსონური ტყეების, ჭალების და სავანების მდგომარეობა კი გაუარესდა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ანბინიკი (Allosyncarpia ternata) იყო – კულტურულად და ეკოლოგიურად უმნიშვნელოვანესი სახეობა. ეს გიგანტური, ენდემური ხეები – რომელთაგან ზოგიერთი საუკუნეზე მეტხანს ცოცხლობს – ძველად ამ ადგილებში ფართოდ იყო გავრცელებული. მის წვენს ანტისეპტიკურ საშუალებად იყენებდნენ, ტოტებისგან საბრძოლო კომბლებს ამზადებდნენ, მის ჩრდილში კი მცხუნვარე მზეს ემალებოდნენ. ახლა ანბინიკი მხოლოდ ხანძრისგან ბუნებრივად დაცულ ტერიტორიებზე იზრდება: ხეობებსა და სავანის უჩვეულოდ იზოლირებულ კორომებში (ანბინიკის ხეების დაცვაში აბორიგენი რეინჯერების ხელშესაწყობად დისნეის კონსერვაციის ფონდმა Karrkad Kanjdji Trust-ი სპეციალური გრანტით დააფინანსა. The Walt Disney Company National Geographic Partners-ის ყველაზე დიდი მოწილეა).
მერი კოლკივარა ნაჯამერეკი სკოლის მოსწავლეებს კლდის მხატვრობაზე ესაუბრება. 1970-იან წლებში ნაჯამერეკი მეუღლესთან ერთად ხელმძღვანელობდა მოძრაობას, რომლის წყალობით მრავალი აბორიგენი დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს.
მათი კლანის წევრებთან ერთად ლაშქრობის შემდეგ, საღამოს, კოცონის გარშემო შემომსხდარი გარნარაჯი და გამარვუ სამი წლის ვინიშნას შუბის გამოყენებას ასწავლიან.
რენტგენის გამოსახულების სტილში შესრულებული კენგურუს ნახატი, რომელიც ცხოველის შინაგან ორგანოებს გვიჩვენებს, მანაამნამის გამოქვაბულის კედელს ამშვენებს. არნემლენდში კლდის მხატვრობის ათობით ათასი ნიმუშია.
მამადავერეს სკოლის მოსწავლეები ხეებს პლანშეტით უღებენ ფოტოებს. გარე გაკვეთილებზე ტრადიციულ და თანამედროვე განათლებას თანაბარი ყურადღება ეთმობა.
მერი კოლკივარა ნაჯამერეკი სკოლის მოსწავლეებს კლდის მხატვრობაზე ესაუბრება. 1970-იან წლებში ნაჯამერეკი მეუღლესთან ერთად ხელმძღვანელობდა მოძრაობას, რომლის წყალობით მრავალი აბორიგენი დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს.
მათი კლანის წევრებთან ერთად ლაშქრობის შემდეგ, საღამოს, კოცონის გარშემო შემომსხდარი გარნარაჯი და გამარვუ სამი წლის ვინიშნას შუბის გამოყენებას ასწავლიან.
რენტგენის გამოსახულების სტილში შესრულებული კენგურუს ნახატი, რომელიც ცხოველის შინაგან ორგანოებს გვიჩვენებს, მანაამნამის გამოქვაბულის კედელს ამშვენებს. არნემლენდში კლდის მხატვრობის ათობით ათასი ნიმუშია.
მამადავერეს სკოლის მოსწავლეები ხეებს პლანშეტით უღებენ ფოტოებს. გარე გაკვეთილებზე ტრადიციულ და თანამედროვე განათლებას თანაბარი ყურადღება ეთმობა.
ტრადიციული მფლობელები ამ ყველაფრის მიზეზს ხანძრებში ხედავდნენ. მრავალი წლის განმავლობაში არნემლენდს დიდი, უკონტროლო ხანძრები ანადგურებდა; მათგან თავდასაცავად მოსახლეობამ მცირე ხანძრების ტრადიცია აღადგინა. ეს მკვიდრი მოსახლეობისთვის არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვა, არამედ ძველ ტრადიციებთან დაბრუნება იყო.
„მიწას ცეცხლი სჭირდება“, – მარტივად ამბობს გუიმალა.
ბინინჯისთვის – ასე ეძახის საკუთარ თავს დასავლეთ არნემლენდის მკვიდრი მოსახლეობა – ისევე როგორც ბალანდასთვის, არააბორიგენი მოსახლეობისთვის, ხანძართან გამკლავების ძველი მეთოდი თანამედროვე ყოფის ნაწილად იქცა. მცირე ხანძრების გაჩაღების ცოდნას და გამოცდილებას მათ თანამედროვე ტექნოლოგიები, სატელიტური რუკები და ვერტმფრენები დაუმატეს. 2006 წელს დასავლეთ არნემლენდში სავანის ხანძრების და ნახშირბადის შემცირების პირველი პროექტი დაიწყო, რომელსაც საკუთარი ემისიების საკომპენსაციოდ დარვინის თხევადი აირის სადგური უჭერდა მხარს.
აბორიგენები, მათ შორის ვორდეკენის ტრადიციული მფლობელები, ახლა იმ დამაბინძურებელ კომპანიებთან თანამშრომლობენ, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის გასაგრძელებლად ატმოსფეროში გაუფრქვეველი სათბურის აირების კრედიტების შეძენა სჭირდებათ. მშრალი სეზონის დასაწყისში გაჩაღებული დაგეგმილი ხანძრები და ბუნებრივად გაჩენილ ხანძრებთან ეფექტური ბრძოლა გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას ამცირებს, იცავს ტყეებს და ამცირებს კვამლის საერთო შემცველობას ატმოსფეროში, თავიდან არიდებული ემისია კი კრედიტების სახით იყიდება.
„ეს გლობალური მნიშვნელობის ნოვატორული მეთოდია და ამ პროცესის სათავეში ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობა დგას“, – ამბობს Warddeken Land Management-ის ყოფილი გენერალური დირექტორი შონ ანსელი. მკვიდრი მოსახლეობის მიერ დაარსებული ეს კომპანია დაცული ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე აგებს პასუხს.

დასავლეთ არნემლენდმა შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. 2004 წელს, პროექტების დაწყებამდე, ხანძრებისგან ყოველწლიურად მიწის 71% იწვებოდა. 2020 წელს გეგმური ხანძრები ტერიტორიის 32%-ზე გაჩაღდა, რის გამოც ბუნებრივი ხანძარი მიწის მხოლოდ 2,1%-ს მოედო. ეს იმას ნიშნავს, რომ რეკორდულად მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ხანძარს არნემლენდის 65,9% გადაურჩა. ათასობით კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული გადამწვარი მიწების ნაცვლად, ახლა იქ მცენარეები ხარობს.
მცენარეულობასთან ერთად არნემლენდში გარეული ცხოველებიც მომრავლდა. ხალხი ამტკიცებს, რომ მრავალი ადგილობრივი ცხოველი, მათ შორის ემუ, უკან დაბრუნდა. ეკოლოგ კარა პენტონის თქმით, ვორდეკენის სახეობებზე მეთვალყურეობის პროექტი ჯერ არ შეჯამებულა, მაგრამ სავანაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა მცირე ძუძუმწოვრების ისეთი სახეობები გამოიჭირა, რომლებიც არნემლენდში წლების განმავლობაში არავის უნახავს. ერთ-ერთი ასეთი სასიხარულო აღმოჩენა იყო გადაშენების პირას მყოფი პატარა მტაცებლები – ჩანთოსანი კვერნები.
„ნგანაბბარრუ!“ – ტინეშა ნარორგა სრულამძრავიან მანქანას წითელ, მტვრიან გზაზე ამუხრუჭებს. 25 წლის რეინჯერი და ორი ქალი გზაზე გადმოდის. ერთ-ერთი შაშხანას იღებს და სამივე ბუშისკენ გარბის. ისინი ნგანაბბარრუს (კამეჩების) მცირე ჯოგის ცხელ კვალს ადგანან. „დალუკი რეინჯერები“ სანადიროდ გამოვიდნენ.
დალუკი რეინჯერების შენაერთი (დალუკი ადგილობრივი აბორიგენების ენაზე ქალს ნიშნავს) 2017 წელს დაარსდა. ამ წამოწყების მოთავე ნარორგას დედა, სუზანა ნაბულვადი იყო. „ჩემი ძმისა და სხვა კაცების შემხედვარემ ვიფიქრე, რომ ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია“, – ამბობს ნაბულვადი. მან პროგრამა დააარსა და როდესაც მისმა ქალიშვილმა სკოლა დაამთავრა, ისიც დალუკ რეინჯერებს შეუერთდა.
მარალანგურა (გვერდით მისი შვილი ტაისონი) არქეოლოგ ჩესტერ კლარკს კლდის მხატვრობის გარშემო ბუშის გაკაფვაზე ესაუბრება მხატვრობის ხანძრებისგან დასაცავად.
ვერტმფრენიდან, რომელსაც ვორდეკენის რეინჯერი ტერა გუიმალა მართავს, ცეცხლგამჩენ საშუალებებს ისვრიან; ისინი მიწაზე დაცემისას ალდება.
ანბინიკის ხეების კორომს გაწმენდილი ბილიკი აკრავს. მკვიდრი მოსახლეობისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ამ ხეების უმეტესობა ხანძრების შედეგად დაიწვა.
ნაჯამერეკი და სხვა რეინჯერები მშრალი სეზონის მეორე ნახევარში გაჩენილი ხანძრის შესაჩერებლად ჰაერსაბერებით ცეცხლის კიდეებში მოქცეულ ფოთლებს უკან აბრუნებენ.
მარალანგურა (გვერდით მისი შვილი ტაისონი) არქეოლოგ ჩესტერ კლარკს კლდის მხატვრობის გარშემო ბუშის გაკაფვაზე ესაუბრება მხატვრობის ხანძრებისგან დასაცავად.
ვერტმფრენიდან, რომელსაც ვორდეკენის რეინჯერი ტერა გუიმალა მართავს, ცეცხლგამჩენ საშუალებებს ისვრიან; ისინი მიწაზე დაცემისას ალდება.
ანბინიკის ხეების კორომს გაწმენდილი ბილიკი აკრავს. მკვიდრი მოსახლეობისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ამ ხეების უმეტესობა ხანძრების შედეგად დაიწვა.
ნაჯამერეკი და სხვა რეინჯერები მშრალი სეზონის მეორე ნახევარში გაჩენილი ხანძრის შესაჩერებლად ჰაერსაბერებით ცეცხლის კიდეებში მოქცეულ ფოთლებს უკან აბრუნებენ.
დალუკი რეინჯერების შენაერთი ერთ-ერთია ნახშირბადის კრედიტებით დაარსებული რეინჯერული პროექტებიდან, რომელიც ვორდეკენში მოქმედებს. ამ პროექტებში მამადავერეს, კაბულვარნამიოს და მანმოის თემის 240 აბორიგენი ქალი და კაცია დასაქმებული. რეინჯერობა აქ საამაყო საქმეა, განსაკუთრებით ნარორგას მსგავსი ახალგაზრდა ქალებისთვის, რომელთაც სხვა შემთხვევაში სამუშაოს საძიებლად მშობლიური მხარის მიტოვება და შორეულ ქალაქებში წასვლა მოუწევდათ.
ნახშირბადის კრედიტებისგან მიღებული შემოსავალი რეინჯერებს სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელებაში ეხმარება – მაგალითად, გაველურებული ცხოველების, მათ შორის კამეჩების, გამოხშირვაში. ინვაზიური მცენარეების ამოძირკვა, ველური ცხოველების მონიტორინგი და კლდის მხატვრობის დაცვაც რეინჯერების საქმეა. არნემლენდის მართვის სადავეები მთლიანად ტრადიციული მფლობელების ხელშია.
„რეინჯერების პროგრამა წინაპრებისგან მიღებულ ცოდნას, ჩვენი მიწის სიყვარულს და ისტორიას დამატებით ღირებულებას სძენს“, – გვიხსნის ანსელი.
მოსწავლეებს ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული, თვალები დაჭყეტილი და თავები მაღლა აწეული. ისინი ლურჯ ნაქსოვ ხალიჩაზე სხედან და გაშიშვლებული კლდოვანი ქანის ჩრდილს აფარებენ თავს. კაბულვარნამიოდან კუნჯორლომჯორლომამდე, სადაც 2009 წელს ვორდეკენის მკვიდრ მოსახლეთა დაცული ტერიტორია დაარსდა, მოსწავლეები სრულამძრავიანი მანქანით მოიყვანეს. მათ წინ, გაფუჭებულ გასაშლელ სკამზე, 89 წლის მერი კოლკივარა ნაჯამერეკი ზის – ერთ-ერთი უხუცესი ტრადიციული მფლობელი და ლოფტი ნაჯამერეკის ქვრივი. კლდე ნახატებით არის დაფარული. ეს ერთ-ერთია იმ დაახლოებით 30 000 ნახატიდან, რომლებიც დაცულ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.
აქამდე კაბულვარნამიოში ყოველწლიურად 50-მდე ბავშვი მიდი-მოდიოდა, მაგრამ თემს საკუთარი სკოლა არ გააჩნდა. განათლების მისაღებად მოსწავლეებს დიდი მანძილის გავლა ან ოჯახთან ერთად შორეულ ქალაქებში გადასახლება უწევდათ. 2015 წელს ტრადიციულმა მფლობელებმა ნახშირბადის კრედიტებით მიღებული ფულით სკოლის გახსნა გადაწყვიტეს. დაარსდა ნავორდეკენის აკადემია, რომელმაც მას შემდეგ კიდევ ორ თემს გაუხსნა სკოლა. ეს სკოლები ბიკულტურული სასწავლებლებია, სადაც ბინინჯის ცოდნას და სტანდარტულ კურიკულუმს თანაბარი ყურადღება ეთმობა.
კოლკივარა ნაჯამერეკი მოსწავლეებს კუნვინკჯუს ენაზე ელაპარაკება მიწასთან კავშირის და კულტურის მნიშვნელობის შესახებ. საუბრის დასასრულს ხელებს შლის და ბავშვებს ძველისძველი ნახატების დასათვალიერებლად ეპატიჟება. მოსწავლეები აქეთ-იქით იფანტებიან, კლდეზე დაძვრებიან და შვერილების ქვეშ დაბობღავენ.
„წერა-კითხვის და არითმეტიკის გაკვეთილებს საკლასო ოთახებში ვატარებთ, მაგრამ სხვა საგნები, ვცდილობთ, ბუშში ვასწავლოთ“, – ამბობს კაბულვარნამიოს სკოლის უფროსი მასწავლებელი ჯოდი ვალაკი.


(მარცხნივ) შავი ძერა, სამიდან ერთ-ერთი მტაცებელი, რომელსაც ცეცხლის ქორებს ეძახიან, რეინჯერების გაჩაღებულ ხანძარს დასტრიალებს თავზე. ის ხანძრისგან გამოქცეულ მწერებზე, ხვლიკებსა და სხვა მცირე ცხოველებზე ნადირობს. ძერა ხშირად იტაცებს ცეცხლმოკიდებულ ტოტს და კილომეტრის მოშორებით აგდებს ახალი ხანძრის გასაჩაღებლად.
(მარჯვნივ) გეგმური ხანძრის კვამლში გახვეული ბავშვები შუბით თევზაობენ. ტყის ხანძრების კონტროლი და ატმოსფეროში კვამლის რაოდენობის შემცირება მკვიდრ მოსახლეობას ნახშირბადის კრედიტების გაყიდვის საშუალებას აძლევს. მიღებული შემოსავალი რეინჯერების ხელფასებს და სხვადასხვა პროექტს – მაგალითად, სკოლების გახსნას – ხმარდება.
რთულია სკოლების მნიშვნელობა გადააჭარბო, ამბობს ვალაკი, სანამ მისი მოსწავლეები წარსულის კვლევა-ძიებით ერთობიან. რეინჯერების პროგრამებმა მოსახლეობის ზრდა გამოიწვია, მოსახლეობის ზრდასთან ერთად კი სკოლების საჭიროება გაჩნდა. ახლა სკოლების არსებობა დამატებითი არგუმენტია მათთვის, ვისაც მშობლიურ მხარეში დაბრუნება უნდა. უფროსებს სჯერათ, რომ ახალი თაობა, ტრადიციულ ცოდნასთან ერთად, თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელ განათლებასაც მიიღებს.
ხაკისფერ უნიფორმაში გამოწყობილ ტერა გუიმალას მანმოის რეინჯერთა სადგურის პარმაღზე გააქვს სკამი. კვამლის თხელმა ფთილებმა Melaleuca quinquenervia-სა და პანდანუსის ტოტებს შორის გაიკვლიეს გზა და ჰაერში გაჩერდნენ. დეფ-ედერის ხეობის ხანძრის შემდეგ ცეცხლი კიდევ რამდენიმე ადგილას გაჩნდა.
გუიმალამ იცის, რომ მისი საქმე ახლა – გლობალური დათბობის ეპოქაში – უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. მისი თქმით, აბორიგენი მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ კლიმატი ყოველდღიურად იცვლება. „ბავშვობაში მთელ დღეებს გარეთ ვატარებდით. ბუში ცხოველებით იყო სავსე და წვიმაც ხშირად მოდიოდა. მაშინ მიჩვეულები ვიყავით, რომ ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა, დღეს კი ყველაფერი არეულია, – გვიხსნის გუიმალა, – წესით, ახლა მწვანე ქლიავის სეზონი უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. კლიმატის ცვლილება ყველაფერზე ახდენს გავლენას – ჩვენი ცხოვრების წესზე, ამინდზე, წყალზე“.

კლიმატოლოგების ვარაუდით, 2050 წლისთვის ჩრდილოეთ ავსტრალიაში საშუალო წლიური ტემპერატურა 2,5 გრადუსით მოიმატებს. მნიშვნელოვნად გახშირდება ისეთი დღეებიც, როდესაც ტემპერატურა 35 გრადუსს ასცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხანძრების სეზონი უფრო დიდხანს გასტანს და ხანძარსაშიში დღეები 40%-ით მოიმატებს.
ავის მომასწავებელი პროგნოზის მიუხედავად, გუიმალა მომავალს იმედიანად უყურებს. მკვიდრი მოსახლეები მშობლიური მხარის სიყვარულმა დააბრუნა უკან, მაგრამ ის, რაც მათ აქ დარჩენაში ეხმარება, სამუშაო ადგილები, ოჯახი და სკოლებია. გუიმალას სჯერა, რომ „თუ დედა ბუნებას გავუფრთხილდებით, ისიც მოგვიბრუნდება და ყველაფერი ძველებურად იქნება. უფრო ხშირად უნდა ველაპარაკოთ ბუნებას, უფრო ხშირად უნდა ვუმღეროთ. ეს აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს“.
კაილი სტივენსონი დარვინში ცხოვრობს. ის ლარიმას, ჩრდილოეთ ავსტრალიის მომაკვდავი ქალაქის შესახებ დაწერილი წიგნის თანაავტორია. მეთიუ ებოტი სიდნეიში მცხოვრები ფოტოგრაფია, რომელმაც ორი წელი გაატარა არნემლენდში.