
დავით ფრანგიშვილი
სამეცნიერო საბჭოს წევრი
დავით ფრანგიშვილი არის ქართველი ვირუსოლოგი, პროფესორი პარიზის პასტერის ინსტიტუტში და წამყვანი ექსპერტი არქეების ვირუსების კვლევაში.
დავით ფრანგიშვილი დაიბადა ქართველი ფსიქოლოგის ალექსანდრე ფრანგიშვილის ოჯახში. დედა – ელისაბედ ლასხიშვილი იყო სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი განათლების მინისტრის გიორგი ლასხიშვილის ქალიშვილი.
დავით ფრანგიშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს, მეცნიერებათა კანდიდატის და დოქტორის ხარისხები მიიღო მოსკოვში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. 1986-1991 წლებში იყო განყოფილების გამგე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. 1992-2004 წლებში მუშაობდა გერმანიაში, მაქს-პლანკის ბიოქიმიის ინსტიტუტში (მიუნხენი) და რეგენსბურგის უნივერსიტეტში. 2004 წლიდან მუშაობს საფრანგეთში, არის პარიზის პასტერის ინსტიტუტის პროფესორი. 2019 წლიდან არის ევროპის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ცენტრის აკადემიური დირექტორი, ხოლო 2020 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიტის მოწვეული პროფესორი.
დავით ფრანგიშვილს მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1979), ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის და მაქს პლანკის სტიპენდიები (1983, 1992-1999). დავით ფრანგიშვილი არის ევროპის მეცნიერებათა აკადემიის Academia Europaea წევრი (2018), მიკრობიოლოგიის ევროპული აკადემიის European Academy of Microbiology წევრი (2015), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2011), ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მოწვეული პროფესორი (2015), საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი (2015).