თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ქეთევან ჭუმბურიძე

მთავარი რედაქტორი

ქეთევან ჭუმბურიძე არის National Geographic Magazine – საქართველოს სამეცნიერო რედაქტორი 2018 წლიდან. გუნდს შეუერთდა 2017 წელს მთავარი რედაქტორის თანაშემწის პოზიციაზე, თუმცა ჟურნალთან დაარსების დღიდან თანამშრომლობდა როგორც შტატგარეშე მთარგმნელი.

განათლებით გეოგრაფი, ჟურნალის რედკოლეგიასთან ერთად, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციასა და სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ზრუნავს National Geographic Magazine – საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მასალის მეცნიერულ სიზუსტეზე.

მართავს National Geographic-ის ინგლისურენოვანი სტატიების ქართულ ენაზე თარგმნის სრულ პროცესს და ჩართულია ამ სტატიების რედაქტირების სრულ ციკლში; ჟურნალისთვის თავადაც ხშირად თარგმნის სტატიებს ინგლისურიდან ქართულად.

ჟურნალ National Geographic Magazine – საქართველოს 2019 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა ქეთევან ჭუმბურიძის ვრცელი სტატია „ვირუსების პლანეტა“. სტატიაში ლაპარაკია ე.წ. „კეთილი“ ვირუსებისა და მათი შემსწავლელი ქართველი მეცნიერების შესახებ – ასი წლის წინ დარგის ფუძემდებლის, პროფესორ გიორგი ელიავას მიერ „ბაქტერიის მჭამელი“ ვირუსებისა და უფრო ნაკლებად ცნობილი მიკროორგანიზმის, არქეას, მაინფიცირებელი ვირუსების შესახებ, რასაც დღეს პარიზის პასტერის ინსტიტუტის პროფესორი დავით ფრანგიშვილი იკვლევს.

2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე National Geographic Magazine – საქართველოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) თანამშრომლობის ფარგლებში შედგა რამდენიმე ექსპედიცია, რომელთა საფუძველზეც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის შეიქმნა და გამოქვეყნდა მასალები ტრადიციული ქართული აგროპროდუქტების წარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ. ქეთევან ჭუმბურიძე იყო ამ პროექტის მენეჯერი.

აღნიშნულ პროექტში მოიყარა თავი ჟურნალის დღევანდელი სამეცნიერო რედაქტორის წარსულში მიღებულმა სამუშაო გამოცდილებამ. ქეთევან ჭუმბურიძის პროფესიული საქმიანობა თითქმის ათი წლის განმავლობაში (2007-2016 წწ.) უკავშირდებოდა სოფლის მეურნეობას, კვების მრეწველობას, მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების სექტორს – მათ ინდუსტრიულ ნაწილს, ექსპორტსა და მარკეტინგს. 2016 წლამდე იგი იყო სააქციო საზოგადოება „მარგებელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

ქეთევან ჭუმბურიძე პერიოდულად ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნის პუბლიკაციებს სხვადასხვა ბეჭდური თუ ციფრული გამოცემისთვის.
2014 წელს წარმატებით გაიარა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების პროგრამა – CMM (Certified Marketing Manager) და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

ქეთევან ჭუმბურიძემ უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2007 წელს დაამთავრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საზოგადოებრივი გეოგრაფიის განხრით. 2009 წელს წარმატებით დაიცვა ნაშრომი „სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის გეოგრაფიული ასპექტები“ და მოიპოვა საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.