ჯონ სტენმაიერისთვის პოლ სალოპეკის „ედემიდან სვლამ“ ეთიოპიის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ აიღო სტარტი. მოგზაურობა 50-70 ათასი წლის წინ სომალის ნახევარკუნძულიდან დაძრული ადამიანების პირველი დიდი მიგრაციის რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად (იხ. სტატია “მოგზაურობის გაკვეთილები”) და აფარის რეგიონში გატარებული დაუვიწყარი საღამოთი დაიწყო.
„ხშირად მახსენდება ის საღამო, – ამბობს სტენმაიერი, სინათლის ერთადერთი წყარო ვარსკვლავები იყო. მწყემსები სიბნელეში ცეკვავდნენ და მღეროდნენ და მეც მიმიწვიეს. ახალგაზრდა ქალების და კაცების საერთო დუდუნში ვიღაც სიტყვას ან ფრაზას შემოსძახებდა, რომელიც მეორეს ლექსად უნდა გაევრცო. ამ ხმების კორიანტელში ცეკვავდნენ და ხტოდნენ. ერთმანეთს მგზნებარე სიტყვებს ესროდნენ, რომელთა მნიშვნელობაც არ ვიცოდი, მაგრამ ვგრძნობდი“.
პოლ სალოპეკმა, რომელმაც Homo sapiens-ის კვალდაკვალ ათწლიანი და 39 000-კილომეტრიანი მოგზაურობა დაიწყო, უკვე გაიარა 16 ქვეყანა და 18 000 კილომეტრი. აქედან 800 კილომეტრი სტენმაიერმა გადაიღო: „18 ამბიდან, რომლებიც National Geographic-ისთვის გადავიღეთ, ჩემთვის შეუდარებელი ედემიდან სვლის დასაწყისია. ეს ადამიანური ერთობის უდავო საბუთია, ყველანი დები და ძმები რომ ვართ და ერთადერთი სახლი გვაქვს – დედამიწა“.

ამერიკელი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი ჯონ სტენმაიერი პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და გარემოს საკითხებზე მუშაობს. სტენმაიერი World Press Photo-ს ლაურეატია.
ფოტო: ფრანჩესკა სტენმაიერი