ძაღლები ყოველთვის განსაკუთრებულები იყვნენ. ძაღლი ადამიანის არა მხოლოდ საუკეთესო, არამედ ყველაზე ძველი მეგობარიცაა. ჩვენ შორის არსებული ოჯახური კავშირი შინაური ძაღლის სამეცნიერო სახელწოდებაშიც კი ჩანს: Canis lupus familiaris. მგელი (Canis lupus), რომელიც ოდესღაც ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენდა მტაცებლური ცხოვრების ნირისა და საკვებზე მეტოქეობის გამო, დროთა განმავლობაში ადამიანის პარტნიორად, დამცველად და მეგობრად ჩამოყალიბდა. მაგრამ როდის, სად და როგორ წარიმართა ძაღლების ევოლუცია? ფაქტია, რომ ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები ჯერ კიდევ არ გვაქვს. მიუხედავად თეორიების სიმრავლისა, მეცნიერები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ მოაშინაურა ძაღლი ან კონკრეტულად სად მოხდა ეს. შინაური ძაღლის გამოჩენის ზუსტი დრო ცხარე კამათის საგანია, თუმცა, უახლეს სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით, ეს, სავარაუდოდ, 15 000-დან 40 000-მდე წლის წინ უნდა მომხდარიყო.
2022 წლის კვლევამ, რომლის ფარგლებშიც ევროპაში, ციმბირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში 100 000 წლის განმავლობაში მობინადრე 72 უძველესი მგლის დნმ გააანალიზეს, აჩვენა, რომ ძაღლისებრთა მოშინაურება ზემოაღნიშნული პერიოდის ადრეულ მონაკვეთში – დაახლოებით 40 000 წლის წინ დაიწყო. ამ მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლები ყველაზე ახლოს ენათესავებიან აღმოსავლეთ ევრაზიის უძველეს მგლებს, თუმცა გამოვლინდა მოშინაურების ორი პარალელური შემთხვევის მტკიცებულებაც, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
ძაღლის ევოლუციის მტკიცებულებები
ერთადერთი საკითხი, რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ ძაღლის წინაპარი მგელია. შინაური ძაღლის გამოჩენა წინ უსწრებს დამწერლობის შექმნას, ამიტომ, ძაღლის ევოლუციის თეორიების გასამყარებლად, მკვლევრები თავდაპირველად არქეოლოგიურ მონაცემებს ეყრდნობოდნენ. განამარხებული ნაშთები მიუთითებდა, რომ ძაღლი მგლისგან წარმოიშვა, ხოლო 1997 წელს ძაღლისა და მგლის დნმ-ის პირველმა ანალიზმა ეს მოსაზრება საბოლოოდ დაადასტურა. არქეოლოგები და მკვლევრები დიდხანს მიიჩნევდნენ, რომ ძაღლი კონკრეტულად რუხი მგლისგან წარმოიშვა. ძაღლი და რუხი მგელი მართლაც იზიარებს დნმ-ის 99,9%-ს, თუმცა უახლესი კვლევები მიუთითებს, რომ ძაღლი, შესაძლოა, მგლის სხვა, ჯერჯერობით უცნობი და ამჟამად გადაშენებული ქვესახეობისგან წარმოიშვა. 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ თანამედროვე ძაღლის უახლოეს ნათესავად იაპონური მგელი (Canis lupus hodophilax) დაასახელა. რუხი მგლის ეს ქვესახეობა 1905 წლიდან გადაშენებულად მიიჩნევა (მეცნიერებმა დნმ მოიპოვეს მუზეუმებში დაცული ეგზემპლარებიდან). ის, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ აზიიდან გადმოვიდა. ძაღლის ევოლუციის ამოსახსნელად გენეტიკური კვლევების მიმართულებით მეცნიერებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა თავდაპირველი წინაპარი ჯერაც დასადგენია.
სრული ვერსია წაიკითხეთ ბეჭდურ ვერსიაში.