პური ჩვენი არსობისა
საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისთვის დოკუმენტირებული უძველესი კერაა
პური ჩვენი არსობისა
საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისთვის დოკუმენტირებული უძველესი კერაა
რუბრიკა: ელ. სტატიები
დიდ ეზოს წნული, დაბალი ღობე საზღვრავს. ჭიშკართან ახლოს უზარმაზარი საუკუნოვანი კაკლის ხე დგას. კაკლის ჩრდილში სახელდახელოდ მოწყობილ დაბალ ხის მაგიდასთან თავსაფრიანი ქალი ფუსფუსებს – ცომს ანაწევრებს, აგუნდავებს და ფორმას აძლევს. დროდადრო იქვე ახლოს, თონეს საქმიანად ახდის თავს და ამოწმებს – ნაკვერჩხალი სასიამოვნოდ ტკაცუნობს, თონეც მზადაა. და, აი, გახურებულ კედელს ჯერ ერთ გუნდას მიაკრავს, მერე – მეორეს, მესამეს და სულ რამდენიმე წამში ჰაერი მშობლიური, სასიამოვნო სურნელით ივსება. მოუთმენლობა გიპყრობს – სულ ცოტაც და, შენი ხელით გატეხ გვერდებდაბრაწულ ცხელ-ცხელ პურს და შეექცევი ყველაზე ძველ და გემრიელ პროდუქტს დედამიწაზე.
და მაინც, რამდენად ძველია ეს პროდუქტი? როდიდან იღებს სათავეს პურის ცხობის ტრადიცია? რამდენად არქაულია ჩვენი ცოდნა?
მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველო კულტურული მცენარეების წარმოშობის ერთ-ერთი კერაა, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში გამოთქვა სელექციის მეცნიერების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, გენეტიკოსმა და გეოგრაფმა ნიკოლოზ ვავილოვმა. იგი თვლიდა, რომ სადაც კულტურის ყველაზე დიდი გენეტიკური მრავალფეროვნებაა, იქ უნდა ვეძებოთ მისი წარმოშობის კერაც. კავკასიაში – განსაკუთრებით საქართველოში – მან მიაკვლია ხორბლის არაერთ ენდემურ სახეობას. ქართველ მკვლევრებთან ერთად სწორედ მის სახელს უკავშირდება ზანდურის, მახას, დიკასა თუ გეორგიკუმის აღწერა. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ამ რეგიონში არსებობდა პრიმიტიული ხორბლის ფორმები, რაც ხანგრძლივ აგრარულ ტრადიციაზე მიანიშნებდა. ვავილოვის მოსაზრებით, საქართველო და, ზოგადად, კავკასია წარმოადგენდა კულტურული მცენარეების „ცოცხალ მუზეუმს“, სადაც დაცულია უძველესი აგრარული ბიომრავალფეროვნება.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი/მირიან კილაძე
ქართული ხორბლის კვლევა უწყვეტად მიმდინარეობს ზემოხსენებული პერიოდიდან და აი, 2026 წლის 27 აპრილს სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS)-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო არამხოლოდ მეღვინეობის, არამედ პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი და, რაც მთავარია – დამოუკიდებელი კერაა.
სტატია ეფუძნება მრავალწლიან მულტიდისციპლინურ კვლევას, რომელშიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ ტორონტოს უნივერსიტეტისა (კანადა) და ვაისმანის ინსტიტუტის (ისრაელი) სპეციალისტები. მათ შეისწავლეს და ზუსტი რადიონახშირბადული (C14) ანალიზის მეთოდით დაათარიღეს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნეოლითურ ნამოსახლარებზე – გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე გამოვლენილი არქეობოტანიკური მასალა.
ნეოლითური ნამოსახლარები გადაჭრილი გორა და შულავერის გორა მარნეულის მუნიციპალიტეტში, თბილისის სამხრეთით, მანქანით სულ რაღაც ერთი საათის სავალზე მდებარეობს. მათი შესწავლა დაიწყო 1970-იან წლებში, არქეოლოგების ალექსანდრე ჯავახიშვილისა და თამაზ კიღურაძის ხელმძღვანელობით. კვლევები განახლდა 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ. ძეგლებზე გამოვლენილია: ალიზის ნაგებობები, მდიდარი კერამიკული მასალა და ძვლოვანი არტეფაქტები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განვითარებულ მიწათმოქმედებას ეწეოდა. სწორედ იქ აღმოაჩინეს პროფ. მინდია ჯალაბაძისა და პროფ. სტეფან ბატიუკის ხელმძღვანელობით სპეციალისტებმა კარბონიზებული მარცვლები და თავთავის ღეროს ნაწევრები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის VI ათასწლეულით, უფრო ზუსტად, ძვ.წ. 5922-5832 და 5808-5747 წლებით დათარიღდა და რბილ ხორბალს, იგივე პურის ხორბალს (Triticum aestivum) წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიწაზე დაახლოებით 8000 წლის წინ სწორედ ისეთი პური ცხვებოდა, როგორსაც დღესაც ასე გემრიელად შევექცევით ხოლმე.
ეგილოფსისა (Aegilops tauschii) (მარცხნივ) და რბილი ხორბლის (Triticum aestivum) (მარჯვნივ) კარბონიზებული მარცვლები შიშველი თვალისთვის სულაც არ არის საინტერესო, თუმცა, თუკი მათ პეტრის ფინჯანზე მოათავსებთ და მიკროსკოპით დააკვირდებით, თვალწინ გადაგეშლებათ სამყარო, რომელიც კოსმოსს მოგაგონებთ, თავად მარცვლების ზედაპირი კი რვაათასწლიან ისტორიას მოგითხრობთ.
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი/ინგა მარტყოფლიშვილი, ნიკოლოზ გოგოჭური
„ეს არქეოლოგიური ძეგლები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. აქ, არამხოლოდ რბილი ხორბლის, არამედ მისი თანადროული ღვინის კვალიც დადასტურდა“, – გვიხსნის მულტიდისციპლინური პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი აკად. დავით ლორთქიფანიძე – „ახალი აღმოჩენა პირდაპირი დასტურია იმისა, რომ ჩვენი წინაპრები ძალიან პროგრესულები იყვნენ. მათ გამორჩეული ადგილი უკავიათ პირველ მიწათმოქმედთა შორის და მათ მიერ დატოვებული მემკვიდრეობა შესაძლებლობას გვაძლევს შევისწავლოთ, თუ როგორი იყო ცხოვრება 8000 წლის წინ“.
მართლაც, როგორი პროგრესულნი და დაკვირვებულნი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი ნეოლითელი წინაპრები, რომ ადვილად ლეწვადი ხორბლისა და ველური მარცვლოვანი მცენარის, ეგილოფსის (Aegilops tauschii) ჰიბრიდიზაციისა და სელექციის გზით რბილი ხორბალი (Triticum aestivum) გამოეყვანათ და საფუძველი ჩაეყარათ ათასწლოვანი კულინარიული ტრადიციისთვის, რომელიც, სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ UNESCO-მ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ორგანიზაციის განმარტების თანახმად: „ქართული ხორბლის კულტურა მოიცავს იმ სრულ ციკლს, რომელიც ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს: ნიადაგის მომზადება დასათესად გუთნით, მოსავლის აღება შნაკვით და თავთავიდან მარცვლის გამოლეწვა კევრით. … მის განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს ასევე პურის ცხობის ტრადიცია – თონეში, ფურნეში, კერასა და კეცზე“.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე შულავერი-შომუთეფეს კულტურული წრის ძეგლები გადაჭრილი გორა (მარცხნივ) და შულავერის გორა (მარჯვნივ) ნეოლითურ პერიოდს ეკუთვნის. მათთან ახლოს მდებარეობს ხრამის დიდი გორა და იმირის გორაც. ძეგლებზე გამოვლენილია: ალიზის ნაგებობები, მდიდარი კერამიკული მასალა და ძვლოვანი არტეფაქტები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განვითარებულ მიწათმოქმედებას ეწეოდა.
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში მიკროსკოპს თეთრხალათიანი ქალბატონი ჩასცქერის. ის მთელი ყურადღებით აკვირდება პეტრის ფინჯანზე მოთავსებულ რამდენიმე მარცვალს. ცოტა ხნით მიკროსკოპს სწყდება და გვესალმება – ეს მორიდებული, სანდომიანი ადამიანი პალეოეთნობოტანიკოსი დოქტორი ნანა რუსიშვილი გახლავთ. იგი ხუთ ათწლეულზე მეტია სწავლობს პალეობოტანიკურ მასალას და PNAS-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები დიდწილად სწორედ მის კვლევებს ეფუძნება: „გადაჭრილი გორისა და შულავერის გორის მასალის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნიმუშებში რბილი ხორბლის მარცვლებთან და თავთავის ღერძის ნაწევრებთან ერთად, იყო ასევე Aegilops tauschii-ის მარცვლები და თავთუნის ფუძე. ეს გვაძლევს შესაძლებლობას დავამტკიცოთ, რომ პურის ხორბლის წარმოშობა დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიასთან და, შედეგად, საქართველო წარმოადგენს პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ კერას“, – გვიხსნის ქალბატონი ნანა და პეტრის ფინჯანზე მოთავსებული, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული მარცვლები წამში იძენს კოსმოსურ მნიშვნელობას. ქალბატონ ნანასთან ერთად მასალის შესწავლაზე მუშაობდნენ ბოტანიკოსი პროფ. მარინე მოსულიშვილი და დოქ. ინგა მარტყოფლიშვილი, რომელმაც პალეობოტანიკური კვლევა მასალის მორფომეტრიული მონაცემების სტატისტიკური ანალიზით გაამყარა. ვინტერესდები, მორფომეტრიული ანალიზი რას ნიშნავს-მეთქი და ახალგაზრდა მეცნიერიც ხალისიანად მიხსნის: „მორფომეტრიული ანალიზი არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ზომისა და ფორმის პარამეტრების შესწავლით ვადგენთ ობიექტების ფორმასა და სტრუქტურას. ჩვენი კვლევის ფარგლებში განამარხებული და თანამედროვე მარცვლების მორფომეტრიულმა შესწავლამ და მიღებული მონაცემების სტატისტიკურმა დამუშავებამ საშუალება მოგვცა დაგვემტკიცებინა, რომ განამარხებულ მასალაში ნამდვილად Aegilops tauschii-ი იყო და არა მისი რომელიმე სხვა სახეობა“.

ინფოგრაფიკა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი/ირაკლი ხუციშვილი
თუმცა, მასალის პალეობოტანიკური კვლევა მხოლოდ ნაწილია პროექტისა – ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ძვ.წ. 5922-5832 და 5808-5747 წლებით განისაზღვრა. პროფ. ელიზაბეტა ბოარეტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „რადიონახშირბადული მეთოდი უტყუარი სიზუსტით დათარიღების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ პურის ხორბალი უკვე ითესებოდა კავკასიაში დაახლოებით 8000 წლის წინ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა რბილი ხორბლის წარმოშობის პერიოდისა და გეოგრაფიული არეალის განსასაზღვრად“.
დიახ, ახალი აღმოჩენის მნიშვნელობა ნამდვილად სცილდება საქართველოს საზღვრებს; ის ცვლის არსებულ წარმოდგენას ცივილიზაციის საწყისების შესახებ. სტამბოლის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და პრეისტორიული არქეოლოგიის ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორი მეჰმედ ოზდოღანი აღნიშნავს, რომ „საქართველოში ადრეული პურის ხორბლის არსებობა მიუთითებს მიწათმოქმედების განვითარებაში არსებულ აქამდე უცნობ ეტაპზე“. იგი ფიქრობს, რომ ახალი კვლევა სამხრეთ კავკასიას წარმოაჩენს, როგორც კულტურული და ეკონომიკური ინოვაციებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს და, ამავდროულად, ხაზს უსვამს ანატოლიასა და კავკასიას შორის მდებარე ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილი რეგიონების კვლევის საჭიროებას. პროფ. ოზდოღანი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რეგიონის კვლევა ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან აღმოჩენას მოიტანს და ამატებს: „წარმოდგენილი შედეგები მნიშვნელოვნად აფართოებს ადრეული ცივილიზაციის გავრცელების არეალს და ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონი „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ ნაწილია“.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი/ინგა მარტყოფლიშვილი, ნიკოლოზ გოგოჭური
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. გადაჭრილი გორა და შულავერის გორა რამდენიმე წლის წინ უკვე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში – 2017 წელს, ასევე PNAS-ში გამოქვეყნებული სტატია იუწყებოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
პური და ღვინო – ქართული (და არამხოლოდ) სუფრის განმსაზღვრელი ორი საკრალური ელემენტი 8000 წელია თანაარსებობს. ეს დამთხვევა სულაც არ უნდა იყოს შემთხვევითი; ამ ორი ელემენტის თანაარსებობა მეტყველებს მაღალგანვითარებულ, პროგრესულ საზოგადოებაზე, რომელმაც იცოდა მიწის დამუშავება, ჰქონდა მცენარეთა სელექციის უნარი და, რაც მთავარია, შეეძლო ბუნების მიერ ნაბოძები სიმდიდრის საზრდოდ ქცევა – ჰქონდა ცოდნა, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველს წარმოადგენს.
მიუხედავად დღემდე არსებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებისა, საქართველო და სამხრეთ კავკასია აქამდე არ მოიაზრებოდა ე.წ. „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ ნაწილად, ტერიტორიისა, სადაც ნეოლითის ეპოქაში რამდენიმე დამოუკიდებელი ცენტრი არსებობდა და რომელთანაც დაკავშირებულია „ნეოლითური რევოლუციის“ სახელით ცნობილი პროცესი, რომელმაც შედეგად მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარება მოიტანა და თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველს წარმოადგენს. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასია პურის ხორბლის ჰიბრიდიზაციის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ცენტრია და ის სრულად ჯდება „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ არეალში.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი/ინგა მარტყოფლიშვილი, ნიკოლოზ გოგოჭური
დაბოლოს, სიახლეს ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის სექციის ხელმძღვანელი, პროფ. მელინდა ზედერი გამოეხმაურა სტატიით: „პური და ღვინო, იდეალური კულინარიული შეხამების ისტორია“, სადაც აღნიშნავს: „პური და ღვინო ადამიანის კულტურის ფუნდამენტური კომპონენტებია და სამხრეთ კავკასიის მოსახლეობამ უნდა იამაყოს იმით, რომ მათმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ადრეული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებაში ცოდნის, რესურსებისა და გამჭრიახობის შერწყმით“.
ასე რომ ის, რაც დიდი ხანია ჩვენი კულტურის ნაწილია, დღეს თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა.
და როდესაც თონეში ნაკვერჩხლის ტკაცუნი ისმის, გახურებულ კედელს ცომის გუნდა ეკვრება და ჰაერი ახლად გამომცხვარი პურის სურნელით ივსება, ჩვენ უმნიშვნელო ყოველდღიური რუტინის მოწმენი კი არ ვხდებით, არამედ ვმონაწილეობთ რვაათასწლოვან რიტუალში, რომელიც უწყვეტად გადაეცემა თაობიდან თაობას. გვერდებდაბრაწული ცხელ-ცხელი პური, დღეს რომ გავტეხეთ, იმ ტრადიციის გაგრძელებაა ნეოლითურ ცეცხლთან რომ ჩაეყარა საფუძველი და ჩვენს სუფრამდე მოაღწია. ალბათ ამიტომაც, გამოთქმა „პური ჩვენი არსობისა“ მხოლოდ მეტაფორა კი არა, ცოცხალი ისტორიაა ჩვენთვის.