რიონის უძველესი ბინადარი
რიონი ერთ-ერთი უკანასკნელი მდინარეა შავი ზღვის აუზში, რომელშიც იშვიათი ზუთხისებრები ქვირითობენ. საფრთხეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ქართველი მკვლევრები მათი პოპულაციის გადარჩენის იმედს არ კარგავენ.
რიონის უძველესი ბინადარი
რიონი ერთ-ერთი უკანასკნელი მდინარეა შავი ზღვის აუზში, რომელშიც იშვიათი ზუთხისებრები ქვირითობენ. საფრთხეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ქართველი მკვლევრები მათი პოპულაციის გადარჩენის იმედს არ კარგავენ.
ამ ადგილს ყოველთვის იცნობთ მარილისა და ფიჭვის სუნით, კიდევ ზღვით, რომელიც არასოდეს იღლება ტალღების სანაპიროზე დგაფუნით – ზოგჯერ გაშმაგებით, ხანაც მშვიდად. მას ამოიცნობთ სიტყვებითაც – არგო და იასონი, მედეა და ოქროს საწმისი თუ ფაზისი აქაურ სასტუმროთა და მაღაზიების სახელებად ქცეულა, როგორც უძველესი მითის ფრაგმენტები. მითი დიდებულ მდინარე რიონზე.
რატომ დაილექა ეს ბერძნული მითი ჩვენს გონებაში ასე ღრმად? კიდევ სხვა საგანძურსაც ხომ არ მალავს რიონი?
რიონის დელტაში შავ ქვიშაზე ვდგავარ. ახლომდებარე ფოთის გარეუბანში თანდათან სინათლე ინთება. მარჯვენა ყურში ზღვის ზვირთცემის ბოხი ხმა ჩამესმის – შტორმი ახლოვდება. მარცხენა ყურში რიონი წკრიალებს. მდინარისა და ზღვის ტალღები ერთმანეთს ეხეთქება.
სანაპიროზე, სადაც მდინარის რძიანი კაკაოსფერი წყალი ზღვას უერთდება, მაღალი გამავლობის ავტომობილი დგას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგოთი. მახლობლად ორი მამაკაცი და ორი ქალი წყალგაუმტარ კომბინეზონებს იცვამენ. ერთ-ერთი მათგანი, მაღალი კაცი მკაცრი გამომეტყველებით, მოკლე მითითებებს გასცემს. ეს გახლავთ დოქტორი ლევან ნინუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი.
„ზუთხების ამბავი ბავშვობიდან მსმენია“, – ამბობს ლევანი და თან ავტომობილიდან იღებს ავზებს, ბადეებს, სახაზავებსა და საველე წიგნაკებს, სინჯარებს, პინცეტებს, რეზინის ხელთათმანებსა და მაკრატლებს. „ყოველ ზაფხულს სამტრედიაში ჩავდიოდი. იქ ჩამავალი რიონის მონაკვეთი, შესაძლოა, ერთადერთია მდინარის მთელ სიგრძეზე, სადაც ზუთხის საქვირითე ჰაბიტატი შემორჩა. უამრავი ისტორია გამიგია ჩემი პაპისა და მეზობლებისგან. რიონი რაღაც მისტიკური მდინარეა. იქ ერთ-ერთი უკანასკნელი მოქვირითე სვია [ზუთხისებრთა ოჯახის სახეობა] ჩემი თვალითაც ვნახე, მეზობელმა დაიჭირა ასე 25 წლის წინ, მდედრი იყო და 270 კილოგრამს იწონიდა. რამდენადაც ვიცი, მას შემდეგ იქ სვია აღარავის უნახავს“.

დღეს რიონი და დუნაი ორი უკანასკნელი მდინარეა შავი ზღვის აუზში, სადაც ზუთხი კვლავ ქვირითობს, თუმცა რიონი ძლიერ შეცვლილია: 1930-70-იან წლებში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების ზეგავლენით საქვირითე ზონების უმეტესობა განადგურდა. 2016 წლის სამეცნიერო კვლევით, საქართველოში ზუთხის პოპულაცია შეადგენდა დაახლოებით 13 600 ინდივიდს, რაც 1906 წელს აღწერილ რაოდენობას (372 000) 27-ჯერ ჩამორჩება.
რიონი მხოლოდ ასამდე კილომეტრზე მიედინება თავისუფლად. მდინარის შესართავთან მდებარე წყალ-ჭაობები მოქცეულია კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული – თუმცა თავად მდინარეს ეს სტატუსი არ აქვს.
დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2022 წლის ივნისში, როდესაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მხარდაჭერით კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრები 671,5 ჰექტრით გაფართოვდა. ახალი საზღვრები მოიცავს საზღვაო ზონას, სადაც ახალგაზრდა ზუთხები იზრდებიან და რიონის მონაკვეთს შესართავიდან თითქმის 7 კილომეტრამდე. მდინარის ზემო წელზე მდებარე საქვირითე ზონები კვლავ დაუცველი რჩება.
ზუთხებს ქვირითის დასაყრელად 5-6 სმ-იანი ქვები სჭირდებათ. მდინარე რიონის ქვემო წელზე ფსკერი ძირითადად ქვიშითაა დაფარული და მხოლოდ 9 კმ-იანი ზოლია კვლავ ხელსაყრელი ქვირითობისთვის. რიონის სხვა 30 კილომეტრზე ისტორიული საქვირითე ჰაბიტატი კაშხლების კასკადმა დაარღვია. თავის მხრივ, ამ მცირედ შემორჩენილ მონაკვეთსაც საფრთხეს უქმნის ხრეშის მოპოვება. საქვირითე ჰაბიტატების შემცირება, ზუთხისებრთა რიცხოვნობის შემცირებასთან ერთად, სახეობათშორისი ჰიბრიდიზაციის ალბათობას ზრდის, რაც დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ ვცდილობთ, ავაწყოთ გამართული მონიტორინგის სისტემა, რომელიც სანდო მონაცემებს მოგვაწვდის. გულახდილად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამ ვიცით ჩვენს ზუთხებზე“, – განმარტავს ლევანი.
ეს მონიტორინგის პროექტი, რომელმაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მდინარე რიონზე ჩამოიყვანა, WWF კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ ხორციელდება WWF შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით. 2000-იან წლებში ჩატარებული ადრეული კვლევით გამოვლინდა, რომ რიონი კვლავ მასპინძლობდა ზუთხის მნიშვნელოვან პოპულაციას – აღმოჩენა, რომელმაც WWF-ის ძალისხმევითა და თაოსნობით იმ დროიდან არაერთ ზუთხისებრთა კონსერვაციის პროექტს დაუდო სათავე.

როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საველე ბაზაზე მწველი მზე გადაიწვერა, WWF-ის პროექტის კოორდინატორ ნინო ფერაძეს შევხვდი. იქ დაბანაკებული მკვლევრები აბურდულ ბადეებს აწესრიგებდნენ ღამის სამუშაოსთვის. ამ მონიტორინგის პროექტზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი ჯგუფი მუშაობს და გუნდის თითოეული წევრი აქტიურად არის ჩართული საველე პროცესში.
ნინოც ყველა თანამშრომლის გვერდით მუშაობდა. წინა ღამით მდინარე რიონს უამრავი ნაშალი მასალა ჩამოეტანა და მისი თხელი, ოფისის სამუშაოს მიჩვეული თითები გასაკვირად სწრაფად მოძრაობდა ბადის ხლართებში. ვერაფრით შევედრებოდი. ნინოს თქმით, „საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა მცირეთაგან, სადაც ზუთხი კვლავ ქვირითობს ველურ გარემოში, რაც გლობალურ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“.
ნინო პლასტმასის ნაკუწებს ბადიდან გამოგლეჯს და თან ლაპარაკს განაგრძობს: „ყველაფერს სჭირდება მონაცემები – და სწორედ ეს გვაკლია. უნდა შეგვეძლოს სახეობის დადგენა, აღრიცხვა, მათი სტატუსისა და საფრთხეების განსაზღვრა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ზუთხისებრთათვის სათანადო კონსერვაციული სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა“.
ბადეები დროულად გავასუფთავეთ და დავახარისხეთ, თუმცა რიონს სხვა გეგმა ჰქონდა. მდინარის ზემო წელზე ძლიერად იწვიმა და წყლის ნაკადი კვლავ ფოთლებით, ტოტებითა და ღეროებით აავსო.
მზის ჩასვლისას ქარი გაძლიერდა. სანაპიროსგან მოშორებით, ზღვაში, ბობოქარმა ტალღებმა ბადე დახია და ბაწარივით დაგრიხა. მკვლევრებს მისი ამოღება და ხელახლა ჩაშვება მოუხდათ. იმ ღამეს არ უძინიათ: ბადე ყოველ 1,5 საათში უნდა შეემოწმებინათ შიგნით გახლართული თევზის გასათავისუფლებლად – ეს ერთადერთი გზა იყო ზუთხის გადასარჩენად მისი ბადეში გაბმის შემთხვევაში. ყველა თევზი უნდა გაეშვათ. მათ შორის იყო ათიოდე დიდი ზომის კეფალიც.
ღამის 4 საათზე დავნებდი და ჩამეძინა. გამოღვიძებისას მზე უკვე თავზე დამყურებდა, მკვლევრები კი მოღუშულნი ბრუნდებოდნენ ზღვიდან მას შემდეგ, რაც ბადე უკანასკნელად შეამოწმეს. ყველაფერი ცხადია. ზუთხი არ გამოჩნდა.
ლევანი მანუგეშებს და მეუბნება: „მათი არყოფნაც გარკვეული მონაცემია. ახლა ჩვენ მონიტორინგს ვატარებთ. გასულ ზაფხულს უამრავი ღამე ამაოდ ველოდით, შემდეგ კი 30 ზუთხი მოვიხელთეთ ერთ ღამეში“.
ერთ დროს საქართველოს წყლებში ბინადრობდა ზუთხისებრთა რამდენიმე სახეობა: სვია (Huso huso), მტკნარი წყლის უდიდესი თევზი, რომელიც შეიძლება 7,2 მეტრს აღწევდეს სიგრძეში და 1570 კგ-ს იწონიდეს. დღეს ამ სახეობის რიონში არსებობა რეპროდუქციული პოპულაციის სახით ძლიერ საეჭვოა; ფორონჯი, იგივე ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio), რომლის ერთი ინდივიდი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან ბოლოს 2002 წელს დაიჭირეს. მდინარე რიონში აღნიშნული სახეობის ქვირითობა უკანასკნელად დასტურდება მისი ლიფსიტების დაჭერით 1993 წელს. დღეს მოქვირითე ფორონჯის პოპულაციის არსებობის მტკიცებულება არ მოიპოვება. IUCN-ის სახეობების გადარჩენის კომისიის ზუთხისებრთა სპეციალისტების გუნდის თანახმად, ახლა ეს სახეობა გამქრალია მთელ შავი ზღვის აუზში; ტარაღანა (Acipenser stellatus), ერთ დროს დიდად დაფასებული თავისი გემრიელი ხორცითა და ხიზილალით, დღემდე ბინადრობს მდინარე რიონში, თუმცა მისი რეპროდუქციული პოპულაცია მცირე და არასტაბილურია; ჯარღალა (Acipenser nudiventris), რომლის ხორციც იმდენად მკვრივია, ტრადიციულად ღია ცეცხლზე ამზადებდნენ, მკვლევრებმა ათეულობით წლის შემდეგ პირველად ნახეს 2020-2022 წლებში. ისინი ადგილობრივმა მეთევზეებმა დაიჭირეს და მეცნიერებმა გენეტიკური ნიმუშების აღებით დაადგინეს სახეობა; რუსული ზუთხი (Acipenser gueldenstaedtii) და კოლხური ზუთხი (Acipenser persicus colchicus), რომელიც სპარსული ზუთხის ქვესახეობაა, ზუთხისებრების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ წარმომადგენლებად მიიჩნევიან (თუმცა, დღეს იშვიათობაა ზუთხის ნებისმიერი სახეობის დაჭერა) საქართველოს წყლებში.

როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მდინარის შესართავთან მუშაობს, მეორე ჯგუფი, ბიოლოგიის დოქტორისა და იქთიოლოგიის ექსპერტის, არჩილ გუჩმანიძის ხელმძღვანელობით, მონიტორინგს აწარმოებს ზღვის მხრიდან. არჩილმა მთელი თავისი ცხოვრება ზუთხს მიუძღვნა – არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, არამედ რაღაც უფრო სიღრმისეული ფორმითაც: მეხსიერების გაცოცხლებით. იგი იქექებოდა დოკუმენტებში, ფოტოებში, თვითმხილველთა ისტორიებსა თუ ტრადიციულ სათევზაო იარაღებში – ეძებდა ნებისმიერ ხელჩასაჭიდს, რასაც შეეძლო გამოეაშკარავებინა ქართველებისა და ამ მდინარის გიგანტების ძველი ურთიერთობა.
„ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც ზურაბ ზარქუას ველზე წაყოლა ვთხოვე“, – მოგვითხრობს არჩილი თავის მგზნებარე გატაცებაზე. – „იმ ღამით რამდენიმე მეთევზესთან ერთად გავედით მდინარე რიონზე. ჩვენ გამოვიყენეთ დასაცურებელი ბადე – ზუთხზე სათევზაო ქართული ტრადიციული ხელსაწყო, რომელიც დღეს მივიწყებულია.
აღნიშნულ სცენას არჩილი რიტუალივით აღწერს. ღამის წყვდიადში ორი ხის ტივი მიცურავს. ათი მამაკაცი ერთი ამოსუნთქვით, სინქრონულად მუშაობს და უსიტყვოდ, მხოლოდ ჟესტებითა და ჩირაღდნის მინიშნებებით ურთიერთობენ, რათა ბადის მოძრაობას უხელმძღვანელონ.
„ბადე რიონზე გაჭიმეს და დინების ქვემო წელს დაუყვნენ, – ჰყვება არჩილი, – ერთს ბადე ეჭირა, მეორე კურსს განსაზღვრავდა, მესამე კი ნიშნებს გასცემდა. ყველა დანარჩენიც ამ რიტმს მიჰყვებოდა“.
ასეთ სამუშაო რეჟიმში რამდენიმე დღე გაატარეს და ბოლოს, როგორც იქნა, ბადე შეფართხალდა.
„ჩვენ დავიჭირეთ კოლხური ზუთხი“, – იხსენებს არჩილი და მისი თვალები რაღაც უჩინარზეა მიმართული, თითქოს იმ მომენტს აცოცხლებს. „თევზი იწონიდა დაახლოებით 100 კგ-ს, უზარმაზარი იყო. ჩემი პირველი შთაბეჭდილებით ის სხვა სამყაროდან მოვლენილ არსებად აღვიქვი: გვერდითი ფარეკლები და გრძელი, უცნაური დინგი. ფარნის შუქზე მოყვითალო-მომწვანოდ ელვარებდა“.
„იმავე ღამით, მოგვიანებით, ყველანი ერთად დავსხედით, – განაგრძობს იგი, – მეთევზეები ჩურჩულებდნენ და ზუთხებზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. აი, სწორედ მაშინ „მოვიწამლე“. ეს არ არის მხოლოდ ბიოლოგია, მეცნიერება ან თევზაობა, ეს არის ფოლკლორი, ტრადიცია, ისტორია და ჩვენი გენეტიკა“.
იმ ღამიდან მოყოლებული, არჩილმა დაიწყო ყველაფრის შეგროვება, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა.
თბილისის ბაზრის ძველი ფოტოები, რომლებიც გვიჩვენებს შებოლილ ზუთხს დახლებზე; შავ-თეთრი ფოტოები, სადაც მამაკაცები 2-3 მეტრიან ზუთხს სანაპიროზე ფატრავენ სპეციალური დანებით, რომელთა ტარი ადამიანის სიმაღლისაა; ახლა უკვე დიდი ხნის წინ გაუჩინარებული შავი ზღვის სათევზაო ფლოტის მატიანე.
ასევე, დავიწყებული სიტყვები, რომლებიც მზესუმზირას მარცვლებივით გაფანტულა ძველ დოკუმენტებში. „ტარაღანა, სვია, ფორონჯი“ და კიდევ ათეულობით სხვა. ჯამში 30 სიტყვა, რომელთაგან თითოეული აღნიშნავს ზუთხის სახეობებს ან ზუთხთან დაკავშირებულ ტერმინსა თუ მოვლენას – თითოეული მათგანი მეხსიერების პატარა ფრაგმენტს შეიცავს.
არჩილის მოსმენისას უცნაური განცდა მეუფლება, რომ იგი მხოლოდ თევზზე კი არ ლაპარაკობს, არამედ რაღაც უძველესზე, რომელიც ერთ დროს ჩვენს სამდინარო კულტურას ძერწავდა და იმდენად ღრმად გაუდგამს ფესვი, ზუთხის სახელები დღემდე აჩრდილებივით ილანდება, მიუხედავად თავად ზუთხების გაუჩინარების გზაზე დგომისა.
მოახლოებული შტორმის მიზეზით არჩილის გუნდმა საველე სამუშაო მომდევნო კვირისთვის გადადო, ლევანის ჯგუფი კი ვერ ცხრებოდა წინა ღამის იმედგაცრუების შემდეგ და კიდევ ერთი ცდისთვის ემზადებოდა.
მდინარის შესართავს რომ მივადექით, ჰორიზონტზე დაშვებულმა მზემ ლანდშაფტი თბილი ყვითლის ელფერით შემოსა.
მეცნიერები მდუმარედ შლიან გრძელ, გამჭვირვალე ბადეებს, მათი ხელები ოსტატურად მოძრაობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრები მღვრიე დინებაში შედიან, მეცნიერთა სილუეტები ბინდს ერწყმის, მათ უკან კი პლასტმასის ბოთლები ტივტივებს, რომლებიც იმავე დინებამ ჩამოიტანა. უცებ ვამჩნევ სანაპიროზე დაგროვილი ნაგვის რაოდენობას და გულზე სიმძიმე მაწვება.
ვუყურებ მკვლევრების ფუსფუსს არაერთი წარუმატებელი ღამის შემდეგ და მიჭირს დავიჯერო, რომ ჯერ კიდევ შევძლებთ ზუთხის დაჭერას. მოულოდნელად ყვირილი ისმის შორიდან. სიტყვებს ვერ ვარჩევ, მაგრამ სიხარულით აღსავსე ტონით ვხვდები: იქ! იქ ზუთხია!
განცვიფრებული დავცქერი არსებას, რომელიც თითის სიგრძესაც არ აღემატება – ლევანის ხელებში ისე სრიალებს, თითქოს, ტბორში ცურავდეს. ვუყურებ და ვერ ვიჯერებ. აი, რას მალავს რიონი! საწმისი კი არა – ეს არის მდინარის ნამდვილი საგანძური, ნორჩი და უძველესი, ცოცხალი, ვარსკვლავების ჯავშნით.
ჯარღალა – ვიღაც ჩურჩულებს ჩემ უკან – ეს სიტყვა არასოდეს გამიგია. „ის შესაძლოა იყოს Acipenser nudiventris-ი“, – ამბობს ლევანი ხმადაბლა და სიფრთხილით. „ან შეიძლება ჰიბრიდია. მხოლოდ გენეტიკური კვლევით გავიგებთ“. მოგვიანებით, მორფოლოგიის უფრო დეტალური შესწავლით, მკვლევრები მას არაადგილობრივ სახეობად, ციმბირულ ზუთხად მიიჩნევენ, თუმცა საბოლოო პასუხის მისაღებად გენეტიკური კვლევის შედეგებს დაელოდებიან.
იგი აჭრის ფარფლის პაწაწინა ნაჭერს, თევზი მშვიდი და დამჯერია. ლევანის მოძრაობები სწრაფი და ზუსტია. შემდეგ, როდესაც იგი თევზის გასაშვებად მოემზადა, მე ინსტინქტურად ფოტოაპარატს ვტაცე ხელი და ვთხოვ, რომ დამიცადოს – მაგრამ ლევანი თავს გააქნევს. ზუთხი ახლავე უნდა დაუბრუნდეს წყალს. არავითარი დაყოვნება. მისი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული.
მე ხარბი მზერა გავაყოლე მის პაწაწინა სილუეტს – ცოდნა და პასუხები მწყუროდა იმ საიდუმლოზე, რომელსაც ეს პაწაწინა მითოსური არსება დაატარებდა.
ლევანი ჩემს აზრებს კითხულობს და ჩვეული მშვიდი ხმით მანუგეშებს: „ჩვენ ვიცით მისი სიგრძე; ამგვარად, მისი ზომისა და ახალგაზრდა ზუთხის ზრდის ტემპის მიხედვით, შეგვიძლია ამ სახეობის ქვირითობის პერიოდის დაახლოებით გამოთვლა. ქვირითობის პერიოდის დაზუსტებაში შესაძლოა მდინარის წყლის დონისა და ტემპერატურის ცვლილების მონაცემებიც დაგვეხმაროს. გენეტიკური ნიმუშები გვამცნობს, ასევე, რიონის ზუთხის განსხვავებებს ზუთხისებრთა სხვა სახეობებისგან. ისინი დაგვეხმარება გავიგოთ, ზუთხის რომელი გენეტიკური ხაზი გვხვდება მდინარე რიონში. უზარმაზარი ინფორმაცია შეგროვდება ჩვენი დაჭერილი პაწაწინა თევზისგან. ცნობისთვის წელს ზუთხის სხვა სახეობის კიდევ 13 ინდივიდი დავიჭირეთ“.
ლევანს ვეკითხები, თუ სჯერა, რომ ზუთხის ამ სახეობის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. იგი იღიმის – დაქანცული, გულწრფელი ღიმილით. „სხვა შემთხვევაში, ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებდი“, – ამბობს იგი.
ახლა ეს პატარა თევზი სადღაც დაცურავს – ეფემერულად რომ დაუბრუნდა რძისფერ მდინარეს – მაგრამ მას სურვილს ჩავუთქვამ. ნეტავ, გადაურჩეს ყველა საფრთხეს: მტაცებლის ხახას, ბრაკონიერის ბადეს, ზღვაში გაჟონილ ნავთობს. მწამს, რომ ასეც იქნება. წლები ჩაივლის – შვიდი, შესაძლოა თხუთმეტიც – სანამ ეს ზუთხი გაიზრდება, მომწიფდება და თავისი დაბადების ადგილს დაუბრუნდება. წარმოვიდგენ, როგორ მიიწევს დინების აღმა, ქვირითით სავსე. იმ ღამით სამტრედიიდან მომავალი შუქი მდინარის ორივე ნაპირს გაანათებს, როდესაც ეს დიდებული თევზი მდინარის ქვებს გადაევლება – შეკრავს რა ციკლს და საგანძურს მშობლიურ კერას დაუბრუნებს.