ინფექციის აღმოჩენა დედამიწის დასალიერში
კლიმატის ცვლილება მსოფლიოში პათოგენების გავრცელებას აჩქარებს. დაავადებების გადაადგილების დასადგენად ეკოლოგი ჯეინ იანგერი დედამიწის ყველაზე იზოლირებულ კონტინენტზე იკვლევს ცხოველებს.
ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც National Geographic-ის მკვლევარმა, ჯეინ იანგერმა, ანტარქტიდის უედელის ზღვაში მიმავალ კვლევით გემზე ავისმომასწავებელი შეტყობინება მიიღო: „აქაც ბევრი მკვდარი კიბოჭამია სელაპია“. გზავნილი მეგობარმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ახლომდებარე გემიდან გამოგზავნა, რომელმაც ზღვის ყინულის კიდეებზე არაერთი მკვდარი სელაპი შეამჩნია. ამ დროს იანგერი იკვლევდა, თუ როგორ ვრცელდებოდა მსოფლიოს მოდებული ფრინველის გრიპი ამ რეგიონში და აღმოაჩინა, რომ ვირუსი სელაპებზეც გადასულიყო.
მაგრამ ეს ამბავი შეიძლება ბევრად დიდი თავსატეხის ნაწილიც ყოფილიყო – ანტარქტიდა ერთ-ერთი ადგილია, სადაც გლობალური დათბობა ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს. აქ ტემპერატურა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტად იზრდება, რაც მომდევნო 50 წლის განმავლობაში ახალი დაავადებების მოსალოდნელ ზრდას შეუწყობს ხელს. ამ კონტინენტის ეკოსისტემა „გამაფრთხილებელი ნიშანია“ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კლიმატის ცვლილებამ გაავრცელოს ეპიდემიები მომავალში, ამბობს ტასმანიის უნივერსიტეტის მოლეკულური ეკოლოგი იანგერი.

იანგერმა, მეცნიერთა გუნდთან ერთად, გეზი იქითკენ აიღო, საითაც მკვდარი სელაპები ბოლოს იპოვეს. მეცნიერები National Geographic-ისა და Rolex Perpetual Planet Ocean Expeditions-ის წევრები იყვნენ, მასშტაბური კვლევითი პროექტისა, რომელიც დედამიწის ხუთ ოკეანეს იკვლევს. გასული წლის დეკემბერში სამდღენახევრის განმავლობაში ყინულოვან წყლებში ცურვის შემდეგ, მათ დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, თუმცა მისვლის დროისთვის ყველაფერი შეცვლილი დახვდათ. ყინულის კიდე პატარა ნატეხებად დანაწევრებულიყო, რაც გემით ამ ტერიტორიის შესწავლას შეუძლებელს ხდიდა, ამიტომ მათ დრონის გამოყენება მოუწიათ.
დრონის ობიექტივმა მალევე დააფიქსირა ყინულის მოტივტივე ნატეხზე ნახევრად გაყინული, მკვდარი კიბოჭამია სელაპი. იანგერი და კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარი და ვეტერინარი ამანდინ გემბლი გასაბერი ნავით გაემართნენ ამ სელაპისკენ. რადგან გრიპის ვირუსები ტვინში კონცენტრირდება, მკვლევრებმა სელაპის ტვინის კოლოფი სახრახნისით და ჩაქუჩით ფრთხილად გახვრიტეს, გახსნილ ქსოვილში გრძელი ჩხირი ამოუსვეს და ნიმუში ბუფერული ხსნარით სავსე სინჯარაში დალუქეს.
ავსტრალიაში დაბრუნებისთანავე ნიმუში იანგერის ლაბორატორიაში შეისწავლეს. სელაპს ფრინველის გრიპი აღმოაჩნდა, რაც პირველი დადასტურებული შემთხვევა იყო ანტარქტიკის სელაპებში. H5N1 ქვეტიპი 2021 წლიდან გავრცელდა სხვადასხვა კონტინენტზე, რამაც მილიონობით ფრინველი და ათასობით ზღვის ძუძუმწოვარი იმსხვერპლა. სამხრეთ ამერიკაში ამ დაავადებამ ზღვის ლომების მთელი კოლონიები გაანადგურა. ანტარქტიდის ცხოველებს განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება.

დედამიწაზე კლიმატის დათბობის გამო სულ უფრო მეტი ცხოველი მიიწევს პოლუსებისკენ და, მკვლევართა ვარაუდით, დაავადებები ამ ტერიტორიებზეც გავრცელდება. „სელაპები ხანგრძლივად ცხოვრობენ, ნელა მრავლდებიან და უმაღლესი მტაცებლები არიან“, – ამბობს იანგერი. „მათი დაკარგვა ეკოსისტემაში დიდ ძვრებს გამოიწვევს, რომელთა განსაზღვრა ჯერ რთულია“.
გარდა სელაპებისა, მეცნიერებმა პინგვინები და ლეშისმჭამელი ფრინველებიც გამოიკვლიეს. მათ შორის მხოლოდ დომინიკურ თოლიას, მეზღვიასებრებსა და მეჭვავიასებრებს ჰქონდათ გამომუშავებული ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი გადაიტანეს და მას გაუმკლავდნენ. პინგვინებს ანტისხეულები არ აღმოაჩნდათ და, სავარაუდოდ, რომლებიც დაავადდნენ, ვერ გადარჩნენ. „სწორედ ეს არის შემაშფოთებელი“, – ამბობს იანგერი. „ისინი, სხვა ცხოველების მსგავსად, ლეშს არ ჭამენ, ამიტომ ნაკლები ალბათობაა, ინფექციის ზემოქმედების ქვეშ მოხვდნენ, მაგრამ თუ ვირუსი შეხვდათ, როგორც ჩანს, ეს მათთვის მომაკვდინებელია“.
როგორ მიაღწია ვირუსმა ანტარქტიდამდე? ორი ცხოველისგან აღებული ნიმუშებით დადასტურდა, რომ ვირუსი სამხრეთ ამერიკიდან მოდიოდა, სავარაუდო გადამტანები კი გადამფრენი ფრინველები არიან, ამბობს იანგერი. ზოგიერთი გიგანტური ქარიშხალა და მეზღვიასებრი ანტარქტიდაში მრავლდება და შორ მანძილებს ფარავს მიგრაციისას. ზოგჯერ სამხრეთ ამერიკასა და აზიას გადაიფრენს სამხრეთში დაბრუნებამდე. კონტინენტების გადამჭრელი მოგზაურობისას მათ ვირუსი შესაძლოა არაერთხელ გაევრცელებინათ სხვადასხვა ადგილას.
გუნდი კვლევით გემს ტოვებს და გასაბერი ნავით (მარცხნივ) ანტარქტიდის სანაპიროსკენ მიემართება ნიმუშების, მაგალითად, პინგვინის ექსკრემენტების (მარჯვნივ) შესაგროვებლად, რათა ამ ცხოველის ბაქტერიები და პათოგენები შეისწავლონ.
იანგერის მიზანია, ამგვარი საველე სამუშაოებით შეიქმნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ადრეული გაფრთხილების სისტემა სამხრეთის ოკეანეში დაავადებების გამოჩენის შესახებ. მაშინ როდესაც მეტეოროლოგები ატმოსფერულ მონაცემებს იყენებენ შტორმების პროგნოზირებისთვის, იგი გენეტიკური მონაცემებისა და ადგილზე დაკვირვებით ადევნებს თვალყურს პათოგენებს. ეს სისტემა მეცნიერებს დაეხმარება მანამდე იმოქმედონ, სანამ ველურ ცხოველთა დიდი პოპულაციები დაიღუპება. იანგერი იმედოვნებს, რომ მომავალში ლეშისმჭამელი ფრინველები გუშაგის როლს შეასრულებენ და ეპიდემიის შესახებ ადრეულად შეგვატყობინებენ. საბოლოოდ შესაძლოა მათი ვაქცინაციაც მოხდეს, რითაც უფრო მოწყვლად პოპულაციებს, მაგალითად, პინგვინებს დავიცავთ ვირუსისგან. „ანტარქტიდა უნიკალური საწყისი წერტილია, – ამბობს იანგერი, – რომ გამკლავების მეთოდები გამოვცადოთ და დავხვეწოთ, სანამ მათ ფართო მასშტაბით დავნერგავთ“.