ივერია
თბილისის პირველი მრავალსართულიანი ნაგებობა, რომელიც თითქმის 60 წლის წინ აშენდა, სამი ეპოქის ისტორიას ირეკლავს.
2000-იანი წლების თბილისში მოუვლელობით განადგურებული შენობები თანდათან კარგავს „კონკურენტუნარიანობას“ და დანგრევის პირას მიდის. ზოგადად, სოციალისტური ეპოქის დიდი მოდერნისტული შენობები ამ პერიოდში საინვესტიციო ობიექტებად მოიაზრებოდა, რომელთა რეკონსტრუქცია საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში განხორციელდა. ასეთ შენობათა რიცხვს განეკუთვნებოდა საბჭოთა ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს, „ინტურისტის“ დაქვემდებარებაში მყოფი სასტუმრო „ივერია“ (დღევანდელი „რადისონ ბლუ ივერია“. ამჟამად სასტუმრო შედის „სილქ როუდ ჯგუფის“ შემადგენლობაში, რომელიც საქართველოში National Geographic-ის ლიცენზიის მფლობელია).
1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლას თან მოჰყვა რეგიონული კონფლიქტები. 1992 წლიდან სასტუმრო „ივერია“ დროებით თავშესაფრად იქცა, თავდაპირველად მათთვის, ვინც თბილისის სამოქალაქო ომის დროს დაზარალდა (სახლები დაეწვათ), 1993 წლიდან კი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქართველი მოსახლეობისთვის; მათ აქ ათ წელიწადზე მეტი გაატარეს და ამ პერიოდში შეძლეს შენობის ადაპტირება თავიანთი საჭიროებების მიხედვით, რამაც გავლენა მოახდინა ნაგებობის თავდაპირველ არქიტექტურულ იერსახეზე. მალევე შენობას გამოუჩნდა ინვესტორი – „სილქ როუდ ჯგუფი“, რომელმაც საწყისი კაპიტალი გამოყო და შეადგინა გეგმა, რომლის საფუძველზეც 2004 წელს სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.
1968/1971
„ივერია“ ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს, „ინტურისტის“ დაქვემდებარებაში იყო. აქ ცხოვრობდნენ სტუმრები როგორც კაპიტალისტური ქვეყნებიდან, ასევე სოციალისტური რესპუბლიკებიდან. შენობის აღმოსავლეთით მდებარეობდა შიდა ეზო დეკორატიული აუზით, სადაც იდგა გურამ კორძახიას თეთრი მარმარილოს ქანდაკება „გოგონა ყვავილით“ (მარცხნივ).
ფოტოები: ვალერი ოდიკაძე (ზემოთ); რობერტ დავიდიანცი (მარცხნივ) / საქინფორმის ფოტოარქივი / საქართველოს ეროვნული არქივი
ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის განხორციელება გერმანულ ფირმას GRAFT Architects დაევალა: „ჩვენ დაგვიკავშირდნენ ლოს-ანჯელესში და გვთხოვეს, სასტუმროს გადაკეთების პროექტი მოგვემზადებინა. დიდი ენთუზიაზმი იგრძნობოდა. მოვამზადეთ შეთავაზება და რამდენიმე სატელეფონო საუბრის შემდეგ თბილისში ხელშეკრულების დეტალების განსახილველ შეხვედრაზე შევთანხმდით“, – იხსენებენ ახალი შენობის ავტორები ინტერვიუში, რომელიც 2018 წელს გერმანიის არქიტექტურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნში Hybrid Tbilisi დაიბეჭდა.
საბოლოო არქიტექტურული პროექტი 2005 წელს დამტკიცდა. ხუთწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, 2009 წლის ოქტომბერში „რადისონ ბლუ ივერიამ“ პირველი სტუმრები მიიღო.
თუმცა ამ სრულიად გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე შენობის ისტორია გაცილებით ადრე იწყება. 1964 წლის 16 იანვარს რუსთაველის პროსპექტისა და ინაშვილის ქუჩის კუთხეში საძირკველი ჩაეყარა იმ დროს ქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობის, ოცსართულიანი სასტუმროს მშენებლობას, რომელიც სამ წელიწადში დასრულდა.
1967 წელს სასტუმრო „ივერიის“ საზეიმო გახსნას იმ დროს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა.
„ივერია“ საბჭოთა ეპოქაში არქიტექტურულად ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შენობად ითვლებოდა. ის შედგებოდა სასტუმროს ვერტიკალური და რესტორნის ჰორიზონტალური შენობებისგან. მიუხედავად საკმაოდ დიდი მოცულობისა, ის არ თრგუნავდა გარშემო ლანდშაფტს. პროექტი დამუშავდა ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“. მისი ავტორი იყო არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი, თანაავტორი ირაკლი ცხომელიძე, ხოლო კონსტრუქტორი – დავით ქაჯაია. სასტუმროს 289 ნომერი ჰქონდა და 540 სტუმარზე იყო გათვლილი.

ხედი სასტუმროდან რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ერთ დროს სამთავრობო ტრიბუნა, ე.წ. „ანდროპოვის ყურები“ იდგა. ამ მოედანს არაერთი დემონსტრაცია ახსოვს, რომელმაც ქვეყნის ბედზე იქონია გავლენა („ანდროპოვის ყურები“ დაანგრიეს 2005-13 წლებში). მოედნის პროექტის ავტორები: ოთარ კალანდარიშვილი, გიზო ფოცხიშვილი.
ფოტო: შახ აივაზოვი / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“
საინტერესოა, რომ სასტუმროს სახელწოდება ქართულ ენაზე შენობის მთავარ ფასადებზე, აღმოსავლეთით და დასავლეთით იყო წარმოდგენილი, რუსული წარწერა – ჩრდილოეთით (მტკვრის სანაპიროს მხარეს) და ლათინური, შესაბამისად, სამხრეთით, რუსთაველის გამზირის მხარეს იკითხებოდა, რაც სასტუმროს საერთაშორისო მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. საქართველოს მოქალაქეებს, გარდა პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენლებისა, „ივერიაში“ შესვლა ეკრძალებოდათ.
იმ დროის ფოტოებზე კარგად ჩანს შენობის გარე და შიდა სივრცეების გადაწყვეტა, რაც ქართული არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზის მაღალ დონეზე მეტყველებს. პირველი სართულის ფოიეს ამშვენებდა წიფლის ხის შეკიდული ჭერი, ხოლო იატაკი და კედლები მუქი ფერის გრანიტითა და მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. ფოიეს მთავარ ელემენტს წარმოადგენდა ვესტიბიულისა და რესტორნის დამაკავშირებელი ელეგანტური სპირალური კიბე, რომლის უკან მხატვარ ვახტანგ ქოქიაშვილის ცნობილი ვიტრაჟი იყო განთავსებული.

1993 წლიდან „ივერია“ იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი თავშესაფარი და ერთგვარი საზოგადოებრივი ცენტრი ხდება, სადაც დევნილთა ცხოვრების წესები ვრცელდებოდა. მათ შეძლეს შენობის ადაპტირება საკუთარი საჭიროებების მიხედვით, რამაც გავლენა მოახდინა სასტუმროს გარეგნულ სახეზე.
ფოტო: ერიკ-იან ოვერკერკი
სასტუმროები იმ ადგილებს განეკუთვნებიან, რომლებიც ადამიანებს საკუთარი შარმით აჯადოებენ. მათი არსებობა თითქმის ყოველთვის უკავშირდება ქალაქის ისტორიას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და, რაც მთავარია, ოდესღაც იქ მცხოვრებ ადამიანებს…
ასეთია, მაგალითად, გერმანელი ლირიკოსი ადოლფ ენდლერი, რომელმაც 1969 წელს, თავის თანამემამულე მწერალთან და მთარგმნელთან, რაინერ კირშთან ერთად რამდენიმე თვე დაჰყო საქართველოში. მისი მოგზაურობა „დაიწყო დასავლეთ საქართველოდან, შავი ზღვის სანაპიროზე, გაგრაში, საიდანაც ის სიცხით გაჟღენთილ თბილისში“ აღმოჩნდა. ენდლერი თავის წიგნში Zwei Versuche, über Georgien zu erzählen („საქართველოზე თხრობის ორი მცდელობა“) მოიხსენიებს „ივერიას“, სადაც მას შესაძლებლობა მიეცა „შეეგრძნო (ქართული) პოეზიის უნატიფესი ნიუანსები“. წიგნის 97-ე გვერდზე ვკითხულობთ: „ოფლიანები ვსხედვართ სასტუმრო „ივერიაში“ და ვკითხულობთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ჩვენეულ, გერმანულ თარგმანს“.
2004 – სასტუმრო „ივერიის“ შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დევნილთა ევაკუაციით დაიწყო. მას შემდეგ, რაც ნაგებობა დაცარიელდა, კარგად გამოჩნდა თავდაპირველი, 1960-იან წლებში თეძამის ფირუზისფერი ტუფით მოპირკეთებული მომწვანო ფერის ფასადი, რაც ქალაქის ფონზე საოცრად ჰარმონიულად იკითხებოდა. ფოტო: სებასტიან შობერტი
2006 – სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2004 წელს დაიწყო და 2008 წელს დასრულდა. შენარჩუნებული იქნა რკინა-ბეტონის უნიკალური კარკასი, სადაც სართულებს შორის გადახურვის სიმაღლე 3 მ იყო. საბჭოთა დროის სტანდარტებით 2,8 მ სიმაღლის ჭერი ნორმას წარმოადგენდა სასტუმროებისთვის. – ფოტო: სოფო ტაბატაძე
1973 წლის ზაფხულში „ივერიაში“ ცხოვრობდა საბჭოთა მომღერალი ვლადიმირ ვისოცკიც, რომელიც თბილისს მოსკოვის ტაგანკის თეატრთან ერთად სტუმრობდა, 1982 წელს კი „ივერიაში“ ორი კვირით ოჯახთან ერთად იყო გაჩერებული კინორეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი. მოგვიანებით იგი „ივერიას“ თავის მოგონებების წიგნში Martirolog II. Tagebücher: 1981–1986 (მარტიროლოგი 2. დღიურები: 1981–1986) ახსენებს: „6 იანვარი 1982, ღამე, თბილისი, სასტუმრო „ივერია“…“
სასტუმროს რესტორნის ხშირი სტუმარი იყო მწერალი კონსტანტინე გამსახურდიაც, რომელიც, როგორც ამბობენ, კუთხის მაგიდასთან იჯდა ხოლმე.

ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ცნობილ გერმანულ არქიტექტურულ ფირმას GRAFT Architects. თანამედროვე სტანდარტების „რადისონ ბლუ ივერია“ შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს. 5-წლიანი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების შემდეგ ის 2009 წელს გაიხსნა.
ფოტო: ერიკ-იან ოვერკერკი
1980-იანი წლების დასაწყისი „ანდროპოვის ეპოქის“ სახელწოდებითაა ცნობილი. ეს ის დროა, როდესაც ვერის აღმართის მიმდებარე ხეობაში სამდონიანი ნაგებობა ააშენეს, რომლის ზედა დონე მოედნის სახით რუსთაველის პროსპექტსა და კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩას უერთდებოდა. თავისი გეგმარებით ეს იყო სრულიად ახლებური კულტურულ-საზოგადოებრივი კომპლექსი. მოედანზე აღლუმების ტრიბუნაც ააგეს, რომელიც რკინა-ბეტონის ერთმანეთში გადაზრდილი მონუმენტური თაღებისგან შედგებოდა. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, „რუსთაველის მოედანს“ სახელი შეეცვალა და ის „რესპუბლიკის მოედნად“ იქცა. თბილისის ისტორიას თუ გადავხედავთ, ქალაქი და მისი უბნები ხშირად იცვლიდა სახეს. ის არეალი, სადაც დღეს „რადისონ ბლუ ივერია“ დგას, ტერიტორიის ტოპოგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე რთული ურბანული ადგილია თბილისში. ის ბოლო 60 წლის განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა, თუმცა, მაინც შეინარჩუნა თავისი ხასიათი სწორედ აქ არსებული უნიკალური სივრცით-არქიტექტურული მახასიათებლების გამო.