2025 წლის ფოტოები
ჩვენმა ფოტოგრაფებმა მთელ მსოფლიოში ათასობით ფოტო გადაიღეს. წარმოგიდგენთ რჩეულებს, რომლებმაც ჩვენში ყველაზე მეტი ემოცია და შთაგონება გამოიწვია.
2025 წლის ფოტოები
ჩვენმა ფოტოგრაფებმა მთელ მსოფლიოში ათასობით ფოტო გადაიღეს. წარმოგიდგენთ რჩეულებს, რომლებმაც ჩვენში ყველაზე მეტი ემოცია და შთაგონება გამოიწვია.
მეფის ბრძანება ანგოლის ნისლიან მთიანეთში, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად გამოკვლეულ ეკოსისტემაში მიმავალ გზას ლუჩაზის ხალხის მმართველი, მეფე მვენე ჩივუეკა VI აკონტროლებს. თაობების განმავლობაში მისი თემი სპილოს ერთ მოუხელთებელ ჯოგს ეთაყვანება. მეფის თანხმობით მეცნიერებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს მათი აღრიცხვა. ფოტო იასპერ დუსტი ლუენა, ანგოლა.
ხელახალი დაბადება მდინარეში მდინარე ტიგროსის სანაპიროზე მანდეიზმის მიმდევარ ქალებს მირტის საზეიმო გვირგვინები უჭირავთ და ამ ჯგუფის მთავარი რიტუალისთვის ემზადებიან: მდინარეში მონათვლისთვის. მანდეიზმის უმთავრესი წინასწარმეტყველია იოანე ნათლისმცემელი. 2003 წელს აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ, ამ რელიგიის მიმდევრებს ექსტრემისტები დევნიდნენ და მათ გადასახლებაც მოუწიათ. ამან საფრთხეში ჩააგდო ნათლობის უძველესი ადათები. ფოტო მოისეს სამანი ბაღდადი, ერაყი
დიდი მწვანე ამბიციები
ფოტო მიორა რაჯაონარი მბაიე-ავა, სენეგალი
დასავლეთ სენეგალის მშრალ ვაკეებზე აფრიკის „დიდი მწვანე კედლის“ ამბიციური პროექტი მიმდინარეობს. 2007 წელს აფრიკის კავშირის ლიდერებმა გაბედული ინიციატივა წამოაყენეს: გაუტყეურებასთან საბრძოლველად 8000 კილომეტრისა და 20 ქვეყნის ჩაყოლებაზე ვეებერთელა ხის მასივის დარგვა 2030 წლამდე. „კედელზე“ ადგილობრივი ფერმერები ზრუნავენ. მარიემ სამბა ბა (წინა პლანზე) ხაზინადარია სენეგალელი ქალების კოოპერატივისა „ჩვენ ვიზიარებთ სიმდიდრეს“. 9 წლის წინ ამ კოოპერატივს მთავრობამ 6 ჰექტარი მიწა გადასცა, დღეს კი მისი 400-ზე მეტი წევრი იქ მოყვანილ თავის პროდუქტს ადგილობრივ ბაზრებში ყიდის ან ოჯახის გამოსაკვებად მიაქვს.
„კედლის“ კრიტიკოსების აზრით, პროექტი ძვირადღირებულია და მისი მონიტორინგიც რთულია. პოლიტიკური არასტაბილურობა, ტერორისტული თავდასხმები და კლიმატის ცვლილება დამატებითი მძიმე პრობლემებია. და მაინც, რაც უფრო ვიწროვდება პროექტის მისია, ის მით უფრო წარმატებული ხდება. ამ ინიციატივის პატარა, ადგილობრივი თემებისთვის გადაცემით იქმნება სამუშაო ადგილები და ადამიანები იღებენ ყოველდღიურ სარგებელს. მათ მოჰყავთ პომიდორი და ჰიბისკუსი (კარკადე). ამ უკანასკნელს თუ გამოაშრობთ და პიტნასა და ჯანჯაფილს დაუმატებთ, სენეგალის ეროვნული სასმელი გამოგივათ. ფოტოგრაფი მიორა რაჯაონარი განსაკუთრებით გაოცდა, როდესაც ნახა, რამოდენა მანძილის გავლა უწევთ ამ ადამიანებს ცხელ უდაბნოში, რომ ნათესებამდე წყალი მიიტანონ. „გამორიცხულია, ამან დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინოს თქვენზე, მაგრამ, ასევე, არ გაიფიქროთ: დაასრულებენ ამ პროექტს?“ – ამბობს იგი. სამბა ბას გაცნობის შემდეგ რაჯაონარის ეჭვები გაუქარწყლდა. „მე დავინახე დისციპლინირებული ქალი, რომელიც სრულად იაზრებს თავის პასუხისმგებლობას. დიდი ლიდერი“.
მოუხელთებელი მტაცებელი ფოტოგრაფი ფერნანდო ფაჩოლე ბრაზილიის ატლანტისპირა ტყეში იშვიათი გიგანტი არმადილის სოროსთან იყო ჩასაფრებული, როდესაც სხვა მოწყვლად ცხოველს წააწყდა: იაგუარს. გაუტყეურებამ აღნიშნული სახეობის პოპულაცია მკვეთრად შეამცირა და დღეს ამ საშტატო პარკშიც ათზე ნაკლები იაგუარიღაა დარჩენილი. ფოტო ფერნანდო ფაჩოლე რიო-დოსეს ეროვნული პარკი, მინას-ჟერაისი, ბრაზილია
ნუგეში ზღვისპირა ქალაქ მასეიოს უბნები მიწაში ვარდება. ამის მიზეზი ათწლეულების განმავლობაში ქვამარილის მოპოვებაა. ათასობით მცხოვრებს გადასახლება მოუწია. მათ შორისაა დამიან კარლუს და სილვა, რომელიც დროებით საცხოვრებელში სახლობს. იგი ნუგეშს პოულობს შინაურ წიწილასთან დროის გატარებით. ფოტო მაირა ერლიხი მასეიო, ალაგოასი, ბრაზილია.
ექვსი მილიონი გზაში დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სამხრეთ სუდანმა გამოაქვეყნა ცხოველთა აეროგადაღებით აღწერის არაჩვეულებრივი შედეგები: ქვეყნის აღმოსავლეთ დაბლობებს დაახლოებით ექვსი მილიონი ანტილოპა კვეთდა. ფოტოგრაფმა მარკუს ვესტბერგმა ეს მოვლენა დრონის მეშვეობით გადაიღო. დედამიწის უდიდეს სახმელეთო მიგრაციას „იმედის სიმბოლო“ დაარქვა – იმედი რეგიონისთვის, სადაც წლების განმავლობაში სამოქალაქო არეულობაა. ფოტო მარკუს ვესტბერგი სამხრეთი სუდანი
სადილი ყინულზე
ფოტო როი გლიცი – ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, სვალბარდის ჩრდილოეთით, ნორვეგია
მკვდარი კაშალოტი არქტიკული ყინულის ნატეხებს შორის ტივტივებს და იხრწნება. როდესაც ფოტოგრაფმა როი გლიცმა ეს სცენა დრონით გადაიღო, სურათი იმდენად მომნუსხველი იყო, მისი მნახველი მხოლოდ მცირე შეყოვნების შემდეგ ამჩნევს მშიერ მდედრ თეთრ დათვს, რომელიც ცდილობს, კაშალოტის ტყავს კბილები ჩაასოს. გლიცი ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგზე ფოტოგრაფიულ ექსპედიციას უძღვებოდა, როდესაც ჰორიზონტზე შავ მოტივტივე ლაქას მოჰკრა თვალი. ყინულმჭრელით მიახლოებისას გლიცმა დაინახა ვეებერთელა ხრწნადი ლეში, რომელიც შიგადაშიგ მომწამვლელ აირს უშვებდა, „გეგონება ჰაერის დიდი ბალიში იყოსო“. გაჩნდა კითხვა: რას აკეთებდა აქ კაშალოტი? ეს სახეობა თბილ კლიმატს ამჯობინებს, მაგრამ როდესაც არქტიკის წყლები თბება, ზოგიერთი ვეშაპი ტრადიციულ არეალს ტოვებს. შესაძლოა, ცხოველი ძლიერმა დინებამ და ქარმაც მოისროლა ჩრდილოეთით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სიურპრიზი იყო როგორც გლიცისთვის, ისე თეთრი დათვისთვის, რომელმაც ბევრი იშრომა ამ სადილისთვის.
ქალიშვილის სევდა ცხრა წლის ხულია ლოპესი მამის, ხუანის საფლავზეა. ხუანს 2024 წლის სექტემბერში მის თვალწინ სასიკვდილოდ ესროლეს. იგი ადგილობრივ ეროვნულ პარკში სამთო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებდა. ხუანი იყო ერთ-ერთი იმ 18 აქტივისტიდან, რომლებიც შარშან ჰონდურასში დახოცეს. ფოტო ბრენტ სტირტონი ტოკოა, კოლონი, ჰონდურასი.
მოულოდნელი გმირი ეს სელექციურად გამოყვანილი გოჭი ორი დღის წინ გაჩნდა სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. მეცნიერებმა მისი გენები ისე შეცვალეს, რომ გოჭის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვა შესაძლებელი გახადონ. ასეთი გოჭები ახალ იმედს წარმოადგენენ იმ ათობით ათასი ამერიკელისთვის, რომელთაც სასწრაფოდ სჭირდებათ თირკმელი. ფოტო კრეგ კატლერიუისკონსინი, აშშ
ქათამი თუ კვერცხი?
წლების განმავლობაში ფოტოგრაფი ანანდ ვარმა ცდილობდა დაეფიქსირებინა მომენტი, როდესაც კვერცხის გული ჯერ კიდევ მოჩანს, მაგრამ ფრინველის ფორმაც გამოკვეთილია. მან ემბრიონების ხელოვნურ ნაჭუჭში ინკუბაციაც სცადა, ბოლოს კი ეს ტრანსფორმაცია 12 დღის ასაკში გადაიღო. ვარმამ ზოგიერთი ემბრიონი წიწილებადაც გამოზარდა და გააჩუქა. ფოტოები ანანდ ვარმა ბერკლი, კალიფორნია, აშშ
კიდევ ერთი დიდი ნახტომი NASA-ს Artemis II-ის მისია მთვარის უხილავ მხარეზე უნდა გაემგზავროს. პილოტი ვიქტორ გლოვერი და სამი ასტრონავტი დედამიწას 50 000 კილომეტრით დაშორდებიან. ფოტოგრაფმა მიკაია კარტერმა გლოვერს ეს ფოტო გაფრენისთვის მზადების პროცესში გადაუღო. ფოტო მიკაია კარტერი ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ.
სამოთხის დაცვა სოლომონის კუნძულებზე დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მარჯნის რიფებია. მიმდინარე წლის დასაწყისში ამ კუნძულოვანმა სახელმწიფომ ზღვის 24 მილიონ ჰექტრამდე ფართობის დაცვის პირობა დადო. აღნიშნული ტერიტორიის ნაწილია წყლები, რომლებიც ამ სიმწვანეში ჩაფლულ კუნძულს აკრავს გარშემო. ეს ტერიტორია, ასევე, უმნიშვნელოვანესი საზღვაო რეგიონის, მარჯნის სამკუთხედის ნაწილია. ფოტო მანუ სან ფელიქსი ტინაკულა, სოლომონის კუნძულები.
დიდებული შეხვედრა ფოტოგრაფი ბრაიან სკერი ოკეანის სიცოცხლეს ათწლეულების განმავლობაში იღებს. თუმცა ამ სურათში იგი პირველად ხვდება თეთრ ზვიგენს მენის ყურეში. თეთრ ზვიგენებს, როგორიც აქ გამოსახული სამმეტრიანი ინდივიდია, კეიპ-კოდიდან ახალ შოტლანდიამდე არეალში უფრო და უფრო ხშირად ნახავთ – სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილების გამო. ფოტო ბრაიან სკერი მენის ყურე.
ვარსკვლავური ძალა გლობალურ ენერგოკრიზისზე ფოკუსირებული მეცნიერები ქმნიან ბირთვული სინთეზის ძლიერ აპარატებს, სახელად სტელარატორებს. ეს მოდელი შეიქმნა გერმანულ ლაბორატორიაში, სადაც საერთაშორისო მკვლევრებმა ააგეს გაცილებით უფრო დიდი აპარატიც, რომელმაც 30 მილიონი გრადუსის ტოლი რეაქცია წარმოქმნა. რეკორდული 43 წამის განმავლობაში ის ყველაზე ცხელი ობიექტი იყო მთელ მზის სისტემაში. ფოტო პაოლო ვერძონე გრაიფსვალდი, გერმანია.
ერთდღიანი დრამა
ფოტო სტივენ უილქსი – ბოტსვანა და კანადა
ერთი დღის განმავლობაში ფოტოგრაფი სტივენ უილქსი აკვირდებოდა, როგორ მირბოდნენ ცხოველები გალეული სარწყულებლისკენ ბოტსვანის ოკავანგოს დელტაში, გვალვის პიკში. სპილოები ყურებს აპარტყუნებდნენ. ანტილოპები და ზებრები გაშმაგებით იქნევდნენ ფეხებს. ბეჰემოთი ვეებერთელა პირს აღებდა. უილქსმა თავისი საფირმო „დღე-ღამის“ ტექნიკა გამოიყენა, რომლითაც ერთი და იმავე წერტილიდან, 18-36 საათის განმავლობაში, 1500-მდე ფოტოს იღებს. საბოლოო სურათის შესაქმნელად 50 საუკეთესო ფოტოს ფენებად ერთმანეთს ადებს. უილქსის თქმით, ცხოველები იყვნენ „მწყურვალენი, დასიცხულნი და დასტრესილნი. თითოეული ცხოველი საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძოდა და არავისთან თანამშრომლობდა“.
ათი წლის წინ უილქსი სერენგეტიში მსგავს სარწყულებელთან იყო ჩასაფრებული. მაშინ რადიკალურად განსხვავებულ სცენას შეესწრო – სიმშვიდითა და თანამშრომლობით სავსეს. ცვლილება ძალიან თვალშისაცემია. ოკავანგოს დელტასა და ბოტსვანის სხვა წერტილებში სპილოები წყლის საძიებლად მახლობელ ფერმებში იჭრებიან. უილქსის აზრით, ეს საზიარო რესურსებისთვის მსოფლიო ბრძოლის დასაწყისია.
მომდევნო გვერდებზე უილქსის ფოტო იმავე ტექნიკითაა გადაღებული. აქ ჩანს ადგილი, სადაც ბუნებრივი ჰარმონია ბრუნდება. ზღვის ძაღლების კოლონია კანადაში, მალასპინის სრუტესთან, მაკრეის კუნძულის ლოდებზე დაფუძნდა. ერთ დროს მათ პოპულაციას გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა, ახლა კი ნელ-ნელა სტაბილურდება, ნაწილობრივ კანადასა და აშშ-ში მოქმედი სახელმწიფო რეგულაციების გამო. უილქსი უყურებდა, როგორ ცდილობდნენ მამრები ყველაზე მაღალი წერტილის დაკავებას საკუთარი ტერიტორიის დასაცავად.
ამ გამოცდილებამ უილქსი დაარწმუნა, რომ რეგულაციებს შეუძლია აღადგინოს ან შეამციროს მაინც ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანი გარემოში. „ცხოველები ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით გვისწრებენ – მათ მდგომარეობამდე ჩვენც მივალთ“, – ამბობს უილქსი. „ეს ფოტოები ჩემთვის მოქმედებისაკენ მოწოდებაა“.
ბრიტანეთის კოლუმბიაში მალასპინის სრუტის ზღვის ძაღლები კისერს იგრძელებენ. ფოტოგრაფი სტივენ უილქსი აფიქსირებს მათი ცხოვრების რიტმს – და მიმოქცევის 4-მეტრიან ცვლილებას. ეს სურათი მან ათობით კადრის შეერთებით შექმნა.
ამაყად ჭენება დიეგო პარედესი ცხენის, ლობუნოს, უნაგირზე დგას და აკვირდება ოდესღაც ცოცხალ სავაჭრო გზას, რომელიც ჩრდილოეთ არგენტინის ამ ულამაზეს ველზე გადიოდა. თავის ძმასთან, უგოსთან ერთად, დიეგო ამაყობს, რომ მიწას ახალი სიცოცხლე შთაბერეს საგანმანათლებლო ტურების მოწყობით. ფოტო ნატალია ფავრი კებრადა-დე-უმაუაკა, არგენტინა
ტრადიციები გაქრობის პირას
ფოტო ჯასტინ ძინი კირუნა, შვედეთი.
საამებისთვის ჩრდილოეთის ირმის მწყემსვის ფესვგადგმული ტრადიცია თაობებიდან თაობებს გადაეცემა. ზოგი ცნობით, ისინი ერთადერთ აღიარებულ მკვიდრ ხალხს წარმოადგენენ ევროპაში. მათი მოსახლეობა, დაახლოებით, 100 000-ს აღწევს. ისინი ჩრდილოეთ ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთისა და რუსეთის ტერიტორიებზე სახლობენ. საამები მტკიცედ იცავენ მემკვიდრეობას და მუდმივად ეწინააღმდეგებიან ახალ ინფრასტრუქტურულ თუ ინდუსტრიულ წამოწყებებს, რომლებიც ირმის სამიგრაციო მარშრუტებს აფერხებს.
დღეს მომრავლდა ლითიუმისა და ნიკელის მომპოვებელი პროექტები, რომლებსაც ევროპაში მდგრადი ტექნოლოგიებისთვის იყენებენ. გარე თვალისთვის მწვანე ინიციატივები, თითქოს, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ უამრავი ასეთი პროექტის პრობლემა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ შვედეთში, ისაა, რომ ისინი საამების დაცულ ტერიტორიებზე იჭრება.
არქტიკულ რეგიონში მოგზაურობისას ფოტოგრაფმა ჯასტინ ძინმა დაინახა, როგორ მოცოცავდნენ ამწეებისა და ტურბინების მეტალის საცეცები თოვლიან ჰორიზონტზე. მოგზაურობისას მან გაიცნო ასლაკ ალასი, აქ წარმოდგენილი საამების ტრადიციული შალის ქურთუკითა („გაკტი“) და ახალდაკლული ირმით. მახლობელი სადგარი ლეშის გასაჭიმად გამოიყენებოდა.
„მას ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით შევხვდი“, – ამბობს ძინი. „ეს საამი ადამიანის ცხოვრების ამსახველი მომენტალური კადრია, ადამიანისა, რომელიც მისთვის და მისი თემისთვის სანუკვარი ცხოვრებით ცხოვრობს“. ასეთ სცენას ასობით წლის წინაც შეესწრებოდით – მხოლოდ ფონად ელექტროგაყვანილობა არ დაგხვდებოდათ. მშენებლობები საამების დიდ თავსატეხებს შორის მხოლოდ ერთ-ერთია. თბილი, ნაკლებად პროგნოზირებადი ზამთრის გამო, ირმებს ურთულდებათ თავიანთი საარსებო წყაროს, ლიქენის მოძიება, რაც ქმნის შიმშილის რისკს. „ბევრ დონეზე იქმნება საფრთხე“, – ამბობს ძინი.


რუსეთ–უკრაინის კონფლიქტი გრძელდება, სიცოცხლე კი ისეთი მყიფეა, როგორც არასოდეს. სანამ ტიმოფიი ცვეტკოვის მამა ომში იყო წასული, მისი მშობლიური ქალაქი რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიპყრეს, ოჯახი კი ცენტრალურ უკრაინაში, ნათესავების ოჯახში, გაიქცა. ბავშვს, რომელსაც დეიდა ოლღა ჰირნიკი ეხუტება, მაისური აცვია წარწერით: „მამაჩემი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს“.
ფოტო ანასტასია ტეილორ-ლინდი პოლტავის ოლქი, უკრაინა.
საზღვრის კარები მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე ვეებერთელა კედლები ადგილობრივი სახეობების მიგრაციას აფერხებს. აშშ-ის მთავრობამ ე.წ. „ძაღლის კარები“ დაამონტაჟა, რომ ამ პეკარისნაირმა მომცრო არსებებმა გასვლა შეძლონ, მაგრამ ბარიბალები და თეთრკუდა ირმები ასეთი კარით ვერ ისარგებლებენ. ფოტო ხაიმე როხო კუენკა-ლოს-ოხოსის ნაკრძალი, სონორა, მექსიკა
ცხოვრება წყალდიდობის ზონაში ანამანის, მდინარე ამაზონის ჭალაში მდებარე ქალაქის, მცხოვრებლებს ორწლიანი უპრეცედენტო გვალვის შემდეგ წვიმების სეზონი დაუბრუნდათ. ისინი წელამდე წყალში ფრენბურთს თამაშობდნენ და ქუჩებში ნავით დადიოდნენ. წყალდიდობის მასშტაბი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ არასტაბილურობაზეც მეტყველებს. ფოტო ლალო დე ალმეიდა – ანამანი, ბრაზილია.
ჯანსაღი მოსავალი დღის მიწურულს შიამალა გუნასეკარანი თავის ორგანული ბანანის პლანტაციაში სიმშვიდეს პოვებს. ინდოეთში კომერციული ფერმერები ხშირად პესტიციდებს იყენებენ, მაგრამ გუნასეკარანი სოფლის მეურნეობის მდგრადი პრაქტიკის გამოყენების ერთგულია. იგი „მიწის გადარჩენის“ მოძრაობის წევრია, რომელიც ცდილობს დაბინძურებული მიწის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ფოტო ჯონ სტენმაიერი ტამილნადუ, ინდოეთი.
ჯვართამაღლების გზა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულს ემთხვევა, სასულიერო პირები პარაკლისს ატარებენ ენგურის ხიდთან. ტრადიციად ქცეული „ჯვართამაღლების გზა“ არის მლოცველთა მსვლელობა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან აფხაზეთისკენ. ეს ერთკვირიანი მსვლელობა საოკუპაციო ხაზთან სრულდება. ფოტო თაკო რობაქიძე – რუხი, საქართველო.