ეს ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია იერუსალიმში – და მთელ დედამიწაზეც. ასობით მილიონი ვიზიტორიდან მხოლოდ რამდენიმეს მისცემია პრივილეგია, რომ ამ ტაძრის ინტერიერი ზედხედიდან ეხილა. ერთ-ერთი მათგანია ფოტოგრაფი ზია გაფიჩი, რომელიც 25 მეტრის სიმაღლეზე უსაფრთხოების აღჭურვილობით ჩამოეკიდა კლდის გუმბათში. ამ წერტილიდან მან თავისი ობიექტივი საძირკვლის ქვისა და წრიულად განლაგებული სვეტებისკენ მიმართა, რომლებიც დაახლოებით 14 საუკუნის წინ ააგეს. მან გამოიყენა Canon R5 EF 11-24 მმ ობიექტივით – ერთადერთი აპარატი, რომელსაც შეეძლო მაღალი ხარისხით და, ამავდროულად, მინიმალური გამრუდებით აესახა დეტალები.
იერუსალიმის ძველ ქალაქში დრონის გამოყენება აკრძალულია, განგვიმარტავს გაფიჩი. ამგვარად, მან ძველი მეთოდებით იმუშავა და კიბე მოიშველია. ფასადზე აძრომის შემდეგ იგი წვრილ შვერილზე შემოჯდა. ორმეტრიანი ფოტოგრაფისთვის ეს არც ისე მარტივი იყო, როგორც თავად აღნიშნავს, „ამასთან, მთელი ხმაური და სითბო გუმბათის წვერში იყრიდა თავს“.
მიუხედავად სირთულეებისა, გაფიჩმა აღბეჭდა კლდის გუმბათის მარადიული სიმშვიდე და მისი გადაღებული ფოტო ერთ-ერთი მცირეთაგანია, რომელიც უნიკალური ხედით, სრულად წარმოგვიჩენს საძირკვლის ქვას. „ეს იყო ჩინებული წერტილი მისი მთელი დიდებულების საჩვენებლად“.

მშობლიურ სარაევოში (ბოსნია და ჰერცეგოვინა) მცხოვრებ ზია გაფიჩს ამბები 50-მდე ქვეყნიდან აქვს გაშუქებული. იგი „World Press Photo“-ს სამი ჯილდოსა და „Viza pour l’image Young Reporter“-ის პრიზის მფლობელია. როგორც „VII Academy“-ის დირექტორი, ხელს უწყობს ხარისხიანი ჟურნალისტიკის განვითარებას და უფასო კურსებს სთავაზობს ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ამ სფეროში უმცირესობას წარმოადგენენ.