გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
როდესაც გზა ვიწროვდება, თევზები რიგში ჩამწკრივების უჩვეულო უნარს ავლენენ.
თავაზიანი ქცევის წესები
ამაზონის აუზსა და სახლის აკვარიუმებში მობინადრე მტკნარი წყლის პატარა თევზის სახეობას აღმოაჩნდა თვისება, რომელიც ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს: რიგის დაცვის უნარი. Scientific Reports-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ცისფერი ნეონის (Paracheirodon innesi) გუნდები ავზის ვიწრო ხვრელში შეუშვეს და აღმოაჩინეს, რომ სიმჭიდროვეში შეგროვების და გასასვლელის დაბლოკვის ნაცვლად თევზები მწკრივში ეწყობიან. ეს 3 სმ-მდე სიგრძის „თავაზიანი“ არსებები გასასვლელთან მიახლოებისას ერთმანეთს არ ეჯახებიან. ასეთი ორგანიზებულობა აქამდე მხოლოდ ჭიანჭველებში იყო შემჩნეული. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ცისფერ ნეონს ეს ქცევა მდინარის ჰაბიტატში ქვებს შორის ნავიგაციისთვის განუვითარდათ. ავტორების თქმით, ეს აღმოჩენები დაგვეხმარება თვითმართვადი ავტომანქანების მოძრაობის დასარეგულირებელი სტრატეგიების გაუმჯობესებაში და იქნებ, ხალხის დიდი ნაკადის მართვაშიც გამოდგეს. – ენი როთი
პიცა პომპეიში?

რამდენიმე თვის წინ არქეოლოგებმა პომპეიში 2000 წლის ფრესკა აღმოაჩინეს. მათი დაკვირვებით, მასზე სხვადასხვა ინგრედიენტით დაფარული ფოკაჩის ნაჭერია გამოსახული. ის ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი პიცისგან განსხვავდება. პროტოპიცა შეიძლება შეკაზმული ყოფილიყო, თუმცა იმ დროს ევროპაში პომიდორი ჯერ არ არსებობდა. მის ნაცვლად პომპეის მკვიდრნი იყენებდნენ გარუმს, თევზის მარილიან სოუსს, როგორც „უძველეს კეტჩუპს“ და დელიკატესად ფარშირებულ ძილგუდას მიირთმევდნენ. – კრისტინა სტერბენსი
უნაკლო შურისძიება

ფრინველებმა შენობა რომ არ დააბინძურონ, სახლის პატრონები, ზოგჯერ, ფანჯრის რაფაზე ფოლადის ეკლიან ლენტებს ამაგრებენ. თუმცა საზრიანი კაჭკაჭები წვეტებს გლეჯენ და ბუდეებზე ათავსებენ, სავარაუდოდ, ყვავებისგან დასაცავად, – აღნიშნულია ახალ კვლევაში. – ჯეისონ ბიტელი