სიდნეის ხიდი
ავსტრალიამ ინფრასტრუქტურული ობიექტი უჩვეულო ტურისტულ ღირსშესანიშნაობად აქცია.
სიდნეის ნავსადგურის თავზე, 134 მეტრის სიმაღლეზე ვიდექი ფოლადის საფეხმავლო ბილიკზე, როდესაც ყურსასმენით გიდის ხმა გავიგონე. ის მეუბნებოდა, რომ მარჯვნივ გამეხედა და მსოფლიოს ერთ-ერთი შთამბეჭდავი სანახაობით დავმტკბარიყავი.
იქიდან მოჩანდა სიდნეის ოპერის მოლუსკის ნიჟარის მსგავსი სახურავი, მბზინავ წყლის ზედაპირზე კი ბორნები მიდი-მოდიოდნენ. ქვემოთ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღოვანი მალის გასწვრივ, მანქანების გუგუნი ისმოდა. თუმცა შებინდებისას თავით ღრუბლებს ვწვდებოდი და მეგონა, რომ სათამაშო ქალაქის თავზე დავფრინავდი.
ახლა ვხვდები, რატომ არის სიდნეის ნავსადგურის ხიდზე ასვლა ასეთი პოპულარული. პირველად 25 წლის წინ დააბიჯეს ფეხი და მას შემდეგ აქ ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა.
ხიდი განსაკუთრებით იზიდავს მძაფრი ემოციების მაძიებელ ახალგაზრდებს. „ხალხს უფრო მეტი სურდა, ვიდრე ღირსშესანიშნაობის დათვალიერება; ისეთი რამის გაკეთება უნდოდათ, რაც ცოტა საშიშად გამოიყურება“, – ამბობს დევიდ ბირმენი, რომელიც ტურიზმს ასწავლის სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
სიდნეის ხიდზე ცოცვა, ალბათ, სულისშემძვრელად გამოიყურება, მაგრამ ეს არც ისეთი რთულია. აქ მომსვლელთა ასაკობრივი ჯგუფი 8-დან 100 წლამდეა. ტურისტული სეზონის დროს გიდები ყოველ ხუთ წუთში გადიან ჯგუფებით. უსაფრთხოების ღვედები ყველას უკეთია და ყველას ამავე ხიდის ფერი ლურჯი კომბინეზონი აცვია, რათა მძღოლებს ყურადღება არ გაეფანტოთ. „აქ დაუშვებელია თავისუფალი სამოსი, კამერა ან მზის სათვალე. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, კამერა რომ ჩავარდეს და მანქანის მინას დაეცეს“, – ამბობს ბარი ნიულინგი, სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ამ ხიდის მალს მართავს. „კატასტროფა იქნება“.
ახალი მწვერვალების დაპყრობა
იაპონიის ქალაქ კობეში, აკაში-კაიკიოს ხიდზე, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული მალი აქვს, ვიზიტორებს შეუძლიათ მის ქვეშ მოწყობილ საფეხმავლო გასასვლელში იარონ. ახალ ზელანდიაში, ექსტრემალური შეგრძნებების მაძიებლებს შეუძლიათ ოკლენდის ნავსადგურის ხიდიდან ბანჯი-ჯამპინგით ისიამოვნონ, ხოლო დასავლეთ ვირჯინიაში, ნიუ-რივერის ხეობის ხიდზე, წყლიდან 267 მეტრ სიმაღლეზე, საფეხმავლო ტურები იმართება.