შარშანდელი გაზაფხული ცვლილებით დაიწყო National Geographic-ის ქართულ
გამოცემაში – მარტის ნომრიდან პირველად მოგესალმეთ როგორც მთავარი რედაქტორი. წლევანდელ გაზაფხულს კი გლობალური ცვლილებით ვეგებებით: ჟურნალს განახლებული იერსახით წარმოგიდგენთ, თუმცა ჩვენი სამყაროს შესახებ საინტერესო ამბების თხრობის პრინციპი უცვლელი რჩება.
მართალია, გაზაფხულის მოსვლა გახარეთ, მაგრამ ზამთარს ჯერ არ ვემშვიდობებით. ამ ნომრის გარეკანზე გამოსახულია თოვლიანი კავკასიონის ხედი ტრადიციული „გზამკვლევი სტატიიდან”, რომელშიც National Geographic-ის ექსპერტები მკითხველს ყოველწლიურ სამოგზაურო მიმართულებებს სთავაზობენ. ქართულ რედაქციაში გადავწყვიტეთ, საუკეთესო ოცეულში მოხვედრილი სვანეთის თემა განგვევრცო, ასე რომ, ამ განსაკუთრებულ კუთხეს რამდენიმე სტატიაში შეხვდებით.
რედაქტორის სვეტში ადგილს ვუთმობთ აფრიკული სავანის უგვირგვინო დედოფლის ფოტოს. ხალებიანი აფთრისთვის ეს წოდება შეუსაბამოდ თუ გეჩვენებათ, აუცილებლად გაეცანით ვრცელ სტატიას არაჩვეულებრივი ფოტოებითა და ილუსტრაციებით, რომელიც სრულიად შეგიცვლით სტერეოტიპულ წარმოდგენას ამ ცხოველზე.
გავრცელებული წარმოდგენების ცვლილება არც სამეცნიერო საზოგადოებისათვის არის უცხო. ასე მოხდა მაიას ცივილიზაციის მკვლევართა შემთხვევაშიც – თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაუკვალავ ჯუნგლებში მათ სრულიად ახალი სამყარო აღმოაჩინეს, რის შესახებაც ვრცლად მოგითხრობთ.
ჟურნალის განახლებულ სტრუქტურაში ვრცელი და მოკლე სტატიები ერთმანეთის მონაცვლეობით შეგხვდებათ და თქვენთვის საინტერესო კიდევ უამრავ მასალას აღმოაჩენთ, მათ შორის: დემენციის მქონე ადამიანებზე ზრუნვის ინოვაციურ მეთოდებსა თუ ოკეანის ბინადართა ადაპტაციებზე.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic – საქართველოს.