ლუხმედი
ძველებური ციგურების ახალი სიცოცხლე
სახელურიანი ხის ციგურები, რომლებიც ყინულსა ან დატკეპნილ თოვლზე სასრიალოდაა განკუთვნილი, ქართულ ისტორიულ წყაროებში XIX საუკუნიდან ჩნდება. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციების კურატორი, მანანა ხიზანიშვილი აღნიშნავს, მთის მოსახლეობა მათ მხოლოდ გასართობად და დღესასწაულებზე, სანახაობრივი დატვირთვით იყენებდა. ყოველდღიურად, თოვლში გადაადგილებისთვის კი იმ ეპოქის საქართველოს მთიან რეგიონებში ე.წ. ხალხურ თხილამურებს იყენებდნენ, რომლებიც ფეხზე ბაწრით მაგრდებოდა. მივიწყებული ხის ციგურები XXI საუკუნეში ისევ გამოჩნდა სვანეთში, სახელწოდებით – „ლუხმედი“, რაც სვანურად სახელურს ნიშნავს. ლენჯერის თემში მცხოვრები ციგურების ოსტატის, გია ფილფანის თქმით, ლუხმედები თანამედროვე თხილამურებმა 1980-იან წლებში ჩაანაცვლა. ლუხმედით სრიალის ტრადიცია სვანეთში 2022 წელს გაცოცხლდა, როდესაც ყოველწლიურ სპორტულ შეჯიბრს, „Red Bull ლუკვრამეს“ (სვანურად „ლუკვრამე“ ნიშნავს გაყინულს) ჩაეყარა საფუძველი. იდეა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მეგობრები ლერი ნიგურიანი და ანდრო ბურდული სოფელ ეცერში ძველებური ციგურებით მოსრიალე ბავშვს წააწყდნენ. თოვლიან სვანეთში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ლუხმედებით მოსრიალე ბავშვებს და ოსტატებს, რომლებიც ტრადიციულ ციგურებს ამზადებენ.