წიფლის ხეზე ამოსულ ამ სოკოს ადამიანთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე მის მასპინძელ მცენარესთან. ის არც მცენარეა, არც ცხოველი – სოკოებს ცოცხალ ორგანიზმთა კლასიფიკაციაში საკუთარი სამეფო აქვთ, რომელშიც შედიან როგორც ტყის ბინადარი თვალისმომჭრელი ქუდიანი შხამასოკოები, ისე საფუარები და ობის სოკოები, რომელთა წყალობით მზადდება, მაგალითად, გემრიელი ყველიც და სიცოცხლის მხსნელი პენიცილინიც. 100 ათასზე მეტ აღწერილ სახეობას, რომელთაც ერთი ქოლგის ქვეშ ვაერთიანებთ და სოკოებს ვუწოდებთ, იმაზე გაცილებით დიდი დამსახურება აქვთ ბიოსფეროს ფორმირებაში, ვიდრე მათი ჩუმი ცხოვრების წესი გვაფიქრებინებს. აპრილის მთავარ სტატიაში მოგითხრობთ ამ საკვირველ ორგანიზმებზე, რომელთა გარეშე სიცოცხლე დედამიწაზე სულ სხვანაირი იქნებოდა და რომელთა უკეთ გაცნობამ შეიძლება უკეთესი მომავალი განაპირობოს.
სწორედ ზოგიერთ სოკოსავით პათოგენური და სწრაფად მზარდი შეიძლება ვუწოდოთ თანამედროვე მოდის ინდუსტრიას, რომელმაც უზარმაზარი ნაგვის ლაქა გააჩინა ატაკამის უდაბნოში და ამის შესახებ ასევე ძალიან საინტერესო სტატიას გთავაზობთ.
ჩრდილოეთ ამერიკიდან კი იმედისმომცემი ამბები გვაქვს და ვრცლად გაგცემთ პასუხს „მარადიულ კითხვაზე“, სად და რამდენი წერო მიფრინავს.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic – საქართველოს.