რვა ფეხი, უფრო სწორად, ხელი ან კიდევ უფრო სწორად, საცეცი, სამი გული, ორი მახვილი თვალი, ნისკარტი, დაკბილული ენა, ორმხრივი სიმეტრიის მქონე რბილი ტანი მახასიათებელთა ის კომბინაციაა, რომელიც რვაფეხებს სხვა რიგის თავფეხიანებისგან გამოარჩევს. ფოტოზე გამოსახული გამჭვირვალე არსებაც ერთ-ერთია რვაფეხათა დაახლოებით 300 სახეობიდან. ერთი შეხედვით ძალიან არაათლეტური აღნაგობის ეს მოლუსკები დაუჯერებლად მოქნილები და მოხერხებულები არიან. ოკეანის ამ გასაოცარი ბინადრების ფიზიკურ თუ გონებრივ უნარებზე მოგითხრობთ დეტალური ილუსტრაციებითა და ფოტოებით გაჯერებული ვრცელი სტატია „რვაფეხას საიდუმლოებანი“. მათ გასაცნობად უფრო ღრმად ჩაყვინთვის სურვილი თუ გაგიჩნდებათ, ინტერნეტოკეანეში შეგიძლიათ მოიძიოთ National Geographic-ის დოკუმენტური სერიალი „Secrets of the Octopus“ და ამავე სახელწოდების წიგნი.
ოკეანიდან გადავინაცვლებთ მტკნარ წყალში და ინგლისის ცარცის მდინარეებზე მოგითხრობთ; ჩრდილოეთ ამერიკიდან კი მკვიდრი ხალხების კლდის მხატვრობას გაგაცნობთ.
ქართველი მკითხველისთვის, რომელიც ზოროასტრიზმს ჩვენი ქვეყნის წარსულიდანაც იცნობს, საინტერესო უნდა იყოს სტატია ამ უძველესი რელიგიის თანამედროვე მიმდევრების შესახებ. პატარა სტატიებით საქართველოს შორეულ და არც ისე შორეულ ისტორიასაც შევეხებით.
მაისის ნომრის წარდგენის ბოლოს კი საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!