ოჯახური სადილი
როდ-აილენდი

მაშპი ვამპანოაგის ტომის წევრი შერი პოკნეტი შეფ-მზარეულია. გასულ წელს იგი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი მკვიდრი ხალხებიდან, რომელმაც ჯეიმს ბირდის ჯილდო მიიღო, რაც განსაკუთრებული კულინარიული ნიჭის აღიარებას ნიშნავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩარლსტონში გახსნილი რესტორნით „Sly Fox Den Too“, იგი პატივს მიაგებს თავის ვუდლენდურ წამოშობასა და ოჯახის მდიდარ კულინარიულ ტრადიციებს. რესტორანი სტუმრებს კლასიკურ ამერიკულ კერძებს სთავაზობს, რომელთაც მოჰყვება შერი პოკნეტის კულინარიული მემკვიდრეობის ისეთი განსაკუთრებული ელემენტები, როგორებიცაა მოლუსკების წვნიანი „ჩაუდა“, სამი მთავარი ინგრედიენტის (სიმინდი, ლობიო, გოგრა) სუკოტაში და აქაურობისთვის დამახასიათებელი შემწვარი პურით მომზადებული სენდვიჩები.
შერი, რომელიც ამჟამად ძუძუს კიბოს ებრძვის, თავის კულინარიულ ქმნილებებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთი ჯანსაღი ინგრედიენტების გამოყენებას, როგორებიცაა პასუხისმგებლობით მოშენებული ან მონადირებული ხორცი და ახალი, უმეტესად საკუთარ ბოსტანში მოყვანილი პროდუქტები; ამ ყველაფერს იგი ტრადიციული მეთოდებით ამზადებს, რაც სასარგებლო ნივთიერებებს უნარჩუნებს საკვებს. სხვა ინდიელი მზარეულების მსგავსად, შერიც დარწმუნებულია, რომ ტრადიციულად მომზადებული საკვები ერთგვარი მკურნალია, რომელიც არა მხოლოდ სხეულს ასაზრდოებს, არამედ გონებას და სულსაც.

თავისი კერძები ოჯახურ სადილებს ახსენებს, მაგალითად – თევზის ჰეში, რომელსაც წინა დღის სადილიდან მონარჩენი მოხარშული კარტოფილით ამზადებდნენ. „ბავშვობაში დედა იმას ამზადებდა, რასაც მამა სახლში შემოიტანდა, – ამბობს შერი, – ოკეანიდან, ტყიდან თუ ჩვენი პატარა მეურნეობიდან. შერი აქვე წარმოგვიდგენს ამ პოპულარული კერძის რეცეპტს, რომელიც კარგად გამოხატავს მისი ტომის მრავალფეროვან კულინარიულ კულტურას.
