„პირველად რომ დავინახე, ჯერ დიდებულ ქანდაკებად აღვიქვი, შემდეგ კი – დინოზავრად“, – იხსენებს კრეგ კატლერი. ამას, ალბათ, განაპირობებს როგორც დინოზავრის ზომა (22 მეტრი), ისე ლითონის დამჭერი კონსტრუქციაც, რომელიც 150 მილიონი წლის ჩონჩხს გამართულად დგომისათვის ესაჭიროება, ასევე განამარხებული ძვლების უჩვეულო, მომწვანო შეფერილობაც, რომელსაც მას სელადონიტის ნაწილაკები ანიჭებს. ფოტოგრაფის წინაშე დიდი გამოწვევა იდგა: „ნატალი (მეტსახელი) ერთ ოთახში ვერ ეტეოდა, კუდი მეორეში ჰქონდა. ერთ კადრში ვერაფრით მოვაქცევდი, ამიტომ ვცადე, გამოსახულება ხუთკადრიან პანოზე გადამენაწილებინა, ჩემთვის უპრეცედენტო მასშტაბით!“ გადაღება კანადის ქალაქ ტრენტონში შარშან, 5 მარტს შედგა ხანგრძლივი მზადებისა და ცდების შემდეგ, ნამარხების დამუშავებაში სპეციალიზებული კომპანიის, Research Casting International-ის შენობაში. ამ ზომის ინდივიდის „მასშტაბის აღქმა რთული გადმოსაცემია, ამიტომ კადრში ადამიანი უნდა ჩამერთო“, – აგვიხსნა ფოტოგრაფმა. მეორე გამოწვევა ამსიგრძე ობიექტის განათება იყო – „ობიექტივის ყოველ გადადგმასთან ერთად განათებებსაც ვუცვლიდით ადგილს; ჯამში ხუთი გადაადგილება გამოვიდა“. შედეგად მივიღეთ ზავროპოდის (მცენარიჭამია დინოზავრის) ერთ-ერთი ყველაზე სრული ჩონჩხის პორტრეტი, ხელოვნებისა და მეცნიერების შერწყმის ნიმუში. ჯერაც ამოუცნობი გიგანტის გადაღებაზე მუშაობამ კრეგ კატლერზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა: „ექვსი წლის წინ დაწყებული პროექტის გაცოცხლებასა და სისრულეში მოყვანაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივი იყო“.

ამერიკელი ფოტოგრაფი და რეჟისორი კრეგ კატლერი შემოქმედებით პროცესში მომთხოვნია და ყველა სფერო აინტერესებს. მისი ნამუშევრების ხილვა პიტსბურგში, კარნეგის ხელოვნების მუზეუმში შეგიძლიათ.