XVI საუკუნეში მოღვაწე ფლამანდიელი კარტოგრაფი გერჰარდ მერკატორი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კარტოგრაფად და გლობუსების ოსტატად მიიჩნევა. 1552 წლიდან მერკატორი გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში დასახლდა, სადაც 1569 წელს თვრამეტი ნაწილისგან შემდგარი მსოფლიოს ცნობილი რუკა შექმნა. რუკაზე მერკატორმა მსოფლიო ახალი პროექციით გამოსახა, რამაც შემდგომში მერკატორის პროექციის სახელი მიიღო.
მერკატორის კარტოგრაფიული საქმიანობის მწვერვალად მსოფლიოს ატლასის სამნაწილიანი გამოცემა მიიჩნევა, რომელიც 1585, 1589 და 1595 წლებში დაიბეჭდა დუისბურგში.
1595 წელს გამოცემული მერკატორის ატლასის მესამე ტომის ნაწილს წარმოადგენს ევროპის რუკა, რომლის მარჯვენა მხარეს, შავ და კასპიის ზღვებს შორის, მოცემულია ცნობები საქართველოს შესახებ. რუკაზე საქართველოს აღსანიშნავად გამოყენებულია ტოპონიმი Giorgia. კარგად იკითხება: ფაზისი (Faso), ტამიში (Tamasa), სოხუმი (Sauatopoli), ბიჭვინთა (Pezonda), გაგრა (Cacari), სამეგრელო (Mengrelia) და გორი (Gorides). გერჰარდ მერკატორი პირველი კარტოგრაფია, რომელმაც რუკებით გაწყობილი გამოცემის სახელწოდებაში სიტყვა ატლასი გამოიყენა.