ადამიანები საკუთარ თუ ერთმანეთის გარეგნობას ხშირად საზოგადოებაში დამკვიდრებული, პერიოდულად ცვალებადი, სტანდარტებით ვაფასებთ. ცხოველთა სილამაზის შეფასებისას უფრო მყარი სტანდარტები გვაქვს და, როგორც ამბობენ, ბიოლოგიურად დაპროგრამებულები ვართ, გველამაზებოდეს, მაგალითად, ფუმფულა დათვი, რომელიც თვალის დახამხამებაში გაგვფატრავდა და ამრეზით ვუყურებდეთ ლეშისმჭამელ სვავს, რომელიც სანიტრის სამსახურს გვიწევს. ჩვენთვის კომიკურად გრძელი ცხვირის მქონე მაიმუნს თუ საზარელი სუნის მფრქვეველ მაჩვს თავიანთ საზოგადოებაში ძალიანაც მიმზიდველად აღიქვამენ და ჩვენი შეფასება არ აინტერესებთ; მათ მიმართ ადამიანის დამოკიდებულება მნიშვნელობას მაშინ იძენს, როდესაც საქმე სახეობათა დაცვას ეხება – შეუხედავად მიჩნეული ცხოველების გადაშენების საფრთხე ისე მწვავედ არ აღიქმება, როგორც ქარიზმატული ფაუნისა. ამ ნომრის ერთი სტატიით პატივს მივაგებთ აუტსაიდერ ცხოველებს, რომლებიც ევოლუციამ ისეთი ექსტერიერით აღჭურვა, როგორიც ჩვენ არ გველამაზება, თუმცა მათ სუპერძალებს ანიჭებს.
ივლისის ნომრის მთავარი სტატია კი ადამიანების სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სუპერძალებსა და ცხოველების მიერ ჩვენთვის გაწეულ სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაზე მოგითხრობთ. დიახ, ჟურნალის გარეკანზე გამოსახულ გოჭს შეუძლია ადამიანი სიკვდილს გადაარჩინოს – დეტალებს შეიტყობთ ძალიან საინტერესო სტატიიდან ქსენოტრანსპლანტაციის მიღწევების შესახებ.
იმედი გვაქვს, ისიამოვნებთ მიმდინარე ნომერში გამოქვეყნებული ამ და სხვა საინტერესო მასალებით.