წლიდან წლამდე ჟურნალის გვერდებიდან მოთხრობილი რეალური ამბები კოსმოსური პროგრესის შესახებ სულ უფრო ემსგავსება სამეცნიერო ფანტასტიკას. მალე დედამიწის თანამგზავრი მეცნიერული და კომერციული ამბიციების პოლიგონად იქცევა: მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 84 მისია, მათ შორის, ადამიანის მთვარეზე დაბრუნება პირველად 1972 წლის შემდეგ. ასე რომ, მიმდინარე ნომრის მთავარ სტატიაში უკვე ვმსჯელობთ მთვარის პოტენციურ ეკონომიკასა და გარემოს დაცვის საკითხებზე.
ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის გარდა, დედამიწის ორბიტაზე უამრავი ხელოვნური თანამგზავრიც მოძრაობს და მათ შორისაა, ერთი შეხედვით, ჯართად, ხოლო მეორე მხრივ, ძვირფას რელიკვიად ქცეული სულ პირველი კოსმოსური აპარატები, რომელთაც პატარა ილუსტრირებული სტატიით გაგაცნობთ. ასევე წარმოგიდგენთ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომუშავე ასტრონავტისა და National Geographic-ის მკვლევრის ერთობლივ ფოტოპროექტს, რომელიც ორი სრულიად განსხვავებული რაკურსით გვაჩვენებს ჩვენი პლანეტის მშვენიერებას.
სხვა ვრცელი სტატიებით გიამბობთ ნაკლებად ცნობილ ისტორიას ვერცხლის მაძიებელი რომაელებისა და ინდოეთში ბენგალური ვეფხვის პოპულაციის აღდგენის მოულოდნელ შედეგზე.
2025 წელს ჟურნალის ქართული გამოცემა მზის ორბიტაზე მე-13, ამერიკული გამოცემა კი 137-ე წრეს ასრულებს. ნეტავ მერამდენე წრეზე იმოძრავებს National Geographic-ი, როდესაც „კოსმოსური ბიომრავალფეროვნების დაცვის“ შესახებ მოგითხრობთ…