
იულია პეტროსიან ბოილი
საერთაშორისო მედიისა და ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
National Geographic Partners
National Geographic-ი გულითადად ულოცავს National Geographic Magazine (NGM) – საქართველოს შეუდარებელ და ღირსეულ მთავარ რედაქტორს, ნათია ხულუზაურს და შეუპოვარსა და ინიციატივიან გამომცემელს, ანი ციბაძეს, ჟურნალის ქართული გამოცემის 10 წლის იუბილეს.
ამ თარიღის აღნიშვნა განსაკუთრებულ პირად და პროფესიულ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან 2012 წელს ჩემს გუნდთან ერთად დავაარსე National Geographic – საქართველო.
ეს დაუვიწყარი ცერემონია იყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელსაც მეცნიერებისა და თამამი წამოწყებების პოპულარიზაციისთვის შთამაგონებელი ღონისძიებების მთელი რიგი მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით.
მას შემდეგ National Geographic – საქართველომ არაერთ წარმატებას მიაღწია, მათ შორის: გამოავლინა მრავალი წარმატებული ქართველი ფოტოგრაფი, მეცნიერებისა და კვლევების შესახებ ჩაატარა ღონისძიებათა მთელი ციკლი, მოგვითხრო შთამბეჭდავი ამბები საქართველოს კულტურაზე, ხალხზე, მის ჯადოსნურ მიწაზე და მოიგო ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020 საუკეთესო სტატიისთვის ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში, რომელიც საოცარი თუშეთის შესახებ მოგვითხრობდა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი რამიშვილს, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელს და მთელ მის გუნდს ჟურნალის უწყვეტი მხარდაჭერისთვის – იმისთვის, რომ სჯერათ და ხელს უწყობენ შთამბეჭდავი ამბების თხრობასა და ქმედით ჟურნალისტურ საქმიანობას. ასევე, მადლობას ვუხდით დავით ლორთქიფანიძეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირა National Geographic-ის სამეცნიერო და კვლევით მისიას და გვერდში უდგას National Geographic-ის საქმიანობას საქართველოში.

მარკ თისენი
შტატიანი ფოტოგრაფი
National Geographic Magazine
ქართული გამოცემის 10 წლის იუბილეს ვულოცავ ნათია ხულუზაურს, გიორგი რამიშვილს და National Geographic-ის ყველა თანამშრომელს. სასიამოვნო მოგონებები დამრჩა ჟურნალის დაარსების ცერემონიიდან, რომელსაც საინტერესო საზოგადოება ესწრებოდა. მე ამ დღეს სიტყვით გამოვედი და ახალი მეგობრებიც გავიჩინე. მთელ ჩემს მოგზაურობათა შორის, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც პასპორტში ბეჭდის დარტყმის შემდეგ ღვინის ბოთლი მომართვეს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ათწლეულშიც ვითანამშრომლებ თქვენთან, რათა ქართველ მკითხველთან მოვიყვანოთ სამყარო.

პოლ სალოპეკი
ავტორი და მკვლევარი
National Geographic Magazine
National Geographic – საქართველოს გუნდმა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო დონის ფოტოჟურნალისტიკა და სტატიები შესთავაზა მკითხველს, რითაც ხელი შეუწყო ამბის თხრობის სტანდარტის ამაღლებასა და საზოგადოების თვალსაწიერის გაფართოებას. ვულოცავ ჩემს მეგობრებს National Geographic-ში ხარისხიანი თხრობისა და აღმოჩენების 10 წლის იუბილეს. ახალ აღმოჩენებსა და საოცრებებს გისურვებთ!

აარონ ჰიუი
ფოტოგრაფი
National Geographic Magazine
„ჩახედე მეგობარს თვალებში…“ – საქართველოზე ფიქრისას ყოველთვის ეს ფრაზა მახსენდება. საქართველო და ქართველი ხალხი ჩემი მეგობრები არიან, ჩემი ოჯახი. თქვენს ქვეყანაში თითქოს ჩემი გულის ნაწილი დავტოვე. ჩემი, როგორც ფოტოჟურნალისტის, კარიერა საქართველოში, სვანეთში დაიწყო. სწორედ იქ შემიყვარდა ამბის თხრობა და ჩემი პირველი ფირის (1998 წელს) უმეტესი ნაწილი სვანეთის ფოტოებს დავუთმე; 2012 წელს კი National Geographic-ის ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს სტატიაზე სამუშაოდ ისევ სვანეთში დავბრუნდი. გამიმართლა და იმავე წელს თბილისში, სცენიდან შევეგებე National Geographic – საქართველოს დაბადებას ჩემი ქართული ოჯახის გარემოცვაში.
გილოცავთ მსოფლიო კლასის ჟურნალისტიკის 10 წლის იუბილეს!

შიგეო ოცუკა
მთავარი რედაქტორი
National Geographic Magazine – იაპონია
ომედეტო გოძაიმას! おめでとうございます!
National Geographic – საქართველოს ყველა მკითხველს ვულოცავ იაპონიიდან 10 წლის იუბილეს. მჯერა, რომ ქართველი მკითხველი და აუდიტორია ბედნიერია ამ გამოცემის არსებობით. მიხარია, რომ ჟურნალის საშუალებით შემიძლია ვიურთიერთო ქართველ ხალხთან, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ თარიღს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ!

ტომაშ ტურეჩეკი
მთავარი რედაქტორი
National Geographic Magazine – ჩეხეთი
მართლაც სასიამოვნო დამთხვევაა, რომ National Geographic – საქართველოს 10 წლის იუბილე ჩეხეთის გამოცემის 20 წლის იუბილეს ემთხვევა. მახარებს ჩვენი ოჯახის უმცროსი წევრის წარმატება, მეამაყება, რომ თუშეთის შესახებ სტატია ჩვენს გამოცემაშიც დაიბეჭდა. ეს ერთ-ერთი ბრწყინვალე სტატია იყო თქვენი ქვეყნიდან და მისი საშუალებით საქართველო კიდევ უფრო ახლობელი გახდა National Geographic-ის მკითხველთა ოჯახისათვის, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო. გილოცავთ, მეგობრებო!

აგნიეშკა ფრანუსი
მთავარი რედაქტორი
National Geographic Magazine – პოლონეთი
პოლონეთის გუნდი გილოცავთ იუბილეს! ჩვენ გვიყვარს საქართველო, თქვენი ქვეყანა ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ტურისტული დანიშნულების ადგილია. თქვენ შესანიშნავ სამუშაოს ეწევით და ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ National Geographic-ის დიდი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ. კიდევ მრავალ წარმატებას გისურვებთ მომავალში.

იდით ელნათანი
მთავარი რედაქტორი
National Geographic Magazine – ისრაელი
National Geographic – საქართველოს ვულოცავ 10 წლის იუბილეს! ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ვხედავთ თქვენ მიერ მომზადებულ ადგილობრივ სტატიებს თქვენი კულტურისა და ლამაზი ქვეყნის შესახებ, რომელიც ჩვენ, ისრაელელებს, ძალიან გვიყვარს. გისურვებთ მრავალ საუკეთესო სტატიას და ბედნიერებას თქვენს საქმიანობაში.

მარია იავორნიკი
მთავარი რედაქტორი
National Geographic Magazine – სლოვენია
სალამი საქართველოს!
არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, რომელიც დამეუფლა National Geographic – სლოვენიის პირველი გამოცემის გადაფურცვლისას 2006 წელს. მახსოვს თითოეული გვერდი, სტატია და ლამაზი ფოტო, რომელსაც ინგლისურის ნაცვლად ჩემს მშობლიურ ენაზე ახლდა ტექსტი. უეცრად უზარმაზარი სამყარო მოვიდა ჩემთან და ძალიან ახლობელი გახდა. ეს ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის უდავოდ განსაკუთრებული დღე იყო და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოშიც იგივე განცდა დაგეუფლათ. მიხარია, რომ 10 წლის წინ შემოუერთდით National Geographic-ის მკითხველთა დიდ თემს და გაქვთ შესაძლებლობა შეხედოთ ამ სამყაროს ყვითელი ჩარჩოს ჭრილში და იკითხოთ ჟურნალი თქვენს მშობლიურ ენაზე. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს – მრავალწლიან მოგზაურობას National Geographic-ის ფლოტის შემადგენლობაში!

ვერნერ ზიფერი
მთავარი რედაქტორი
National Geographic Magazine – გერმანია
მე ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა მემოგზაურა საქართველოში – ამ საოცარ და სრულიად მისტიკურ ქვეყანაში. ჩასვლისთანავე სახლში ვიგრძენი თავი! ძალიან დავინტერესდი მევენახეობით, ყურძნის სხვადასხვა ჯიშითა და ქართული ღვინის კულტურით. კახეთში ყოფნისას ერთმა მეღვინემ საინტერესო ისტორია მომითხრო, რომელიც კარგად აღწერს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მევენახეობა ქართველებისთვის. ამ ისტორიის მიხედვით, საქართველოში შემოჭრილი უცხოელი დამპყრობლები გაოგნებულები დარჩნენ ქართველი მებრძოლების სიძლიერით. როდესაც გაიგეს, რომ ღვინო არის მათი ძალისა და სიმტკიცის წყარო, მათ ვენახების გაჩეხის ბრძანება გასცეს, თუმცა, ერთი რამ არ იცოდნენ – ვაზის ყველა ძირიდან ორი ღერო ამოდის. სწორედ ასეთი გაორმაგებული და წარმოუდგენელი წარმატება მინდა ვუსურვო ჩემს ქართველ კოლეგებს. ვუსურვებ ასევე, რომ გერმანულ გამოცემაში მრავალი სტატია დაიბეჭდოს საქართველოს, ძლიერი ქართველი ხალხისა და მათი საოცარი ბუნების შესახებ. National Geographic – საქართველოს ვულოცავ 10 წლის იუბილეს!