
10 წელი საქართველოში
დამფუძნებლისგან
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიო მედიაინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდი National Geographic შემოვიყვანეთ საქართველოში და უკვე 10 წელია ეს სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი ქართულ ენაზე გამოიცემა.
ამ პროექტს თავიდანვე განვიხილავდით, როგორც გრძელვადიან ინვესტიციას განათლებაში და არა მოგებაზე გათვლილ კომერციულ წამოწყებას. გვინდოდა, რომ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი მასალა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ქართველი მკითხველისთვის და ამით გაგვეზარდა განათლებაზე წვდომა.

ფოტო: კევინ გარეტი
სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდი მედიაში, რომელიც აერთიანებს უმაღლესი ხარისხის ჟურნალისტიკასა და კაცობრიობის სწრაფვას სამყაროსა და დედამიწის შემეცნებისკენ, მოგზაურობისა თუ, ზოგადად, ახალი ჰორიზონტების აღმოჩენისკენ.
ამ წამოწყებას ვუყურებთ, ასევე, როგორც კიდევ ერთ კულტურულ და სამეცნიერო ხიდს ამერიკასა და საქართველოს შორის. ამერიკულ გამოცემას 134 წლის ისტორია აქვს, ქართული გამოცემა კი 10 წლის გახდა. მე მჯერა, რომ ამ წლების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების გავრცელების საშუალებით კიდევ უფრო გამყარდა კულტურული კავშირი ამერიკასა და საქართველოს შორის.
National Geographic Society-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი სპონსორი გახლდათ ალექსანდერ გრემ ბელი, ამერიკის სატელეკომუნიკაციო გიგანტის (American Telephone and Telegraph Company) თანადამფუძნებელი, მეცნიერი, ინჟინერი და გამომგონებელი, რომელსაც კაცობრიობა პრაქტიკული ტელეფონიის შექმნას უმადლის. სიმბოლურია, რომ საქართველოში ამ პრესტიჟული ბრენდის შემოყვანის პატივი სწორედ სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტს“ ხვდა წილად.
National Geographic – საქართველო მკითხველს აწვდის ხარისხიან პუბლიკაციებს უმაღლესი დონის ფოტოგრაფიასთან ერთად. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ქართველი მკვლევრებისა და ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალა არ ჩამოუვარდება ამ საერთაშორისო ბრენდის მაღალ სტანდარტებს და ხშირად განსაკუთრებულ შეფასებასაც იმსახურებს National Geographic-ის საერთაშორისო ოჯახის მხრიდან. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 2020 წლის ოქტომბრის ნომერი, რომელშიც დაიბეჭდა ქართული გუნდის მიერ მომზადებული სტატია თუშეთის შესახებ. ეს მასალა 11 ქვეყნის National Geographic-ში გამოქვეყნდა, განთავსდა ინგლისურენოვან ვებგვერდზე და National Geographic-ის მილიონობით მკითხველისთვის გახდა ხელმისაწვდომი. პუბლიკაციამ, ასევე, მოიპოვა ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.
მთელი ამ წლების განმავლობაში National Geographic – საქართველო თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან, ჩვენი ჟურნალები მთელი ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გადაეცემა საშუალო სკოლების ბიბლიოთეკებს, უმაღლეს სასწავლებლებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე პენიტენციურ სისტემას.
პანდემიის პირველ თვეებში, როდესაც დროებით მოგვიწია ჟურნალის ბეჭდური გამოცემის შეჩერება, National Geographic – საქართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრებმა და ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა – დავით ლორთქიფანიძემ, ზაალ კოკაიამ, გია დვალმა და დავით ფრანგიშვილმა წამოიწყეს ვიდეოსაუბრების ცილკი. ისინი, სხვადასხვა დარგის მეცნიერებთან ერთად, სპეციალურად ქართული აუდიტორიისთვის აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე მსჯელობდნენ. ვიდეოსაუბრები ქვეყნდებოდა ინტერნეტსივრცეში; ასეთი გზით ჩვენ შევძელით ჩვენს ერთგულ აუდიტორიასთან კავშირის შენარჩუნება.
პირადად მე, როგორც ამ ჟურნალის ქართულენოვანი ვერსიის დამფუძნებელს, მიხარია, რომ მალე ახალ პროდუქტს შევთავაზებთ საზოგადოებას. `სილქნეტთან“ ერთად ვმუშაობთ ჟურნალის პუბლიკაციების მაღალი ხარისხის აუდიოვერსიების მომზადებაზე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, პოპულარული გახდება.
მჯერა, რომ National Geographic-ის ქართუთლენოვანი გამოცემა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ნათელი მომავლისკენ, კიდევ ერთი აგურია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების ერთიან სივრცეში.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 2020 წლის ოქტომბრის ნომერი, რომელშიც დაიბეჭდა ქართული გუნდის მიერ მომზადებული სტატია „გზაზე“. სტატია 11 ქვეყნის National Geographic-ში გამოქვეყნდა, განთავსდა ინგლისურენოვან ვებგვერდზე და National Geographic-ის მილიონობით მკითხველისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამასთანავე, სტატია აღინიშნა ევროკავშირის პრიზით ჟურნალისტიკაში“.
ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო