
ამბები ზღვის ფსკერიდან ცის კიდემდე
ვენესუელელი ჟურნალისტი პაულა რამონი და ბრაზილიელი ფოტოგრაფი ლუიზა დორი აქარწყლებენ გლობალურ მედიაში გავრცელებულ მითს, რომლის თანახმადაც ბრაზილიაში არსებობს დასახლება, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა, ამორძალების მსგავსი ქალები ცხოვრობენ და უცხო ქვეყნებიდან ეპატიჟებიან სასურველ მამაკაცებს; თუმცა თანამედროვე მსოფლიოში სოფელ ნოივა-დუ-კორდეირუს ჰარმონიული ცხოვრების რეალური ამბავიც მითივით მოჩანს და მისი დაარსების ისტორიამაც შეიძლება რომელიმე ლათინოამერიკული მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი მოგაგონოთ.
გარდა ამისა, ივნისის ნომერში წარმოგიდგენთ National Geographic-ის მკვლევართა თვალით დანახულ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს: გაიგებთ, რა ხდება წყალქვეშა ვულკანებით გამორჩეული ტირენიის ზღვის ფსკერზე და მის მიღმა; ემუქრება თუ არა საფრთხე ნეაპოლს – იტალიის სიდიდით მესამე (და ამ ბოლო დროს ქართველებისთვის, გარკვეული მნიშვნელობით, პირველ) ქალაქს.
სტატიაში ზღვის წავების შესახებ უკეთ გაგაცნობთ იმ საყვარელ ბეწვიან ძუძუმწოვრებს, რომელთა ზურგზე ტივტივის კადრები ალბათ არაერთხელ შეგხვედრიათ ინტერნეტში. როგორც ირკვევა, ერთ დროს გადაშენების პირას მყოფი სახეობის პოპულაციის აღდგენა ყველა ადამიანს ერთნაირად არ ახარებს.
მოგიყვებით მდინარე კონგოს აუზის ქვეყნების კულინარიულ თავისებურებაზე. აფრიკის ამ რეგიონში მილიონობით ადამიანისათვის ველური ცხოველის ხორცი რაციონის განუყოფელი ნაწილია: ზოგისთვის ფუფუნება, ზოგისთვის – საარსებო წყარო.
ასევე მოგითხრობთ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ უძველესი კულტურებისთვის მეტეორიტულ წვიმას, საკრალურის გარდა, პრაქტიკული დატვირთვაც ჰქონდა.
იმედი გვაქვს, კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს აღმოაჩენთ ამ ნომერში.