
სათავგადასავლო ლიტერატურა
National Geographic-ის მკითხველებს ბავშვობაში კლასიკური სათავგადასავლო მხატვრული ლიტერატურა გეყვარებოდათ… და ალბათ, ჟურნალის აგვისტოს ნომრის მთავარი სტატიაც მოგაგონებთ სკოლის ასაკში ზაფხულის არდადეგებზე წაკითხულ ჟიულ ვერნის თხზულებებს თავგადასავლების მაძიებელი ადამიანების ფათერაკებიან მოგზაურობებზე. ეს პარალელი შემთხვევითი არ არის, რადგან ჟიულ ვერნის „არაჩვეულებრივ მოგზაურობათა“ სერიაში არაერთი სათავგადასავლო სიუჟეტის შთაგონების წყარო ყოფილა ავტორის თანამედროვე ინგლისელი მოგზაური, ჯონ ფრანკლინი, რომელიც ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში გამავალ უმოკლეს გზას ეძებდა. მისი არქტიკული ექსპედიციის წევრების იდუმალებით მოცული გაუჩინარების ამოხსნის სურვილმა წარმოშვა ე.წ. ფრანკლინელების მრავალი თაობა. ერთ-ერთი ცნობისმოყვარე ფრანკლინელი აღმოჩნდა National Geographic-ის მკვლევარი მარკ სინოტი, რომელმაც მასავით შეუპოვარ, თავგადასავლების მაძიებელ ფოტოგრაფ რენან ოზთურქთან ერთად აუშვა თავისი გემის – „პოლარული მზის“ – აფრა…
ჩვენი სხვა ვრცელი სტატიების სიუჟეტი უფრო თბილ, დაბალ განედებში ვითარდება და მოგითხრობთ მუმიფიკაციის ინდუსტრიაზე ძველ ეგვიპტეში, ლტოლვილ ცხოველთა თავშესაფარზე იორდანიაში, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ სკეიტით მოსრიალე ქალებზე ბოლივიაში. საინტერესო ისტორია გვაქვს შავი ზღვის გაღმა ნაპირიდანაც. იქ, სადაც ჩვენთვის უჩვეულოდ, მზე ზღვიდან ამოდის, არსებობდა კულტურა, რომელმაც ოქროს უძველესი საგანძური და უდიდესი თავსატეხი დაგვიტოვა…
ერთი სიტყვით, ჩვენ ჩვენი ჟანრის კლასიკას გთავაზობთ ზაფხულის არდადეგებზე წასაკითხად და იმედი გვაქვს, ისიამოვნებთ.