
2023: კოსმოსური ოდისეა
54 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე და 51 წელი, რაც – უკანასკნელად. ამ დრომდე ეს ბედნიერება მხოლოდ 12 ასტრონავტს ხვდა წილად აშშ-ის კოსმოსური პროგრამის, Apollo-ს, ფარგლებში, ათწლეულების შემდეგ კი გამოჩნდა პროგრამა Artemis-ი (ბერძნულ მითოლოგიაში აპოლონის ტყუპი და), რომლის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია პირველი ქალი ასტრონავტი დასვას მთვარეზე. რატომ და როგორ აპირებს NASA მთვარეზე დაბრუნებას, ამის შესახებ დაწვრილებით მოგითხრობთ სტატიაში „მაღლა + შორს“.
კოსმოსურ რბოლაში გათამამებულებმა, საკუთარი მთვარის გარდა უცხო მთვარეებსაც დავადგით თვალი. დისტანციური კვლევის ხერხებით ასტრობიოლოგები სიცოცხლის ნიშნებს იუპიტერის და სატურნის ყინულოვან თანამგზავრებზე ეძებენ, დედამიწის სხვადასხვა ექსტრემალურ გარემოში კი საკუთარ ძალებსაც ცდიან. მზის სისტემის გარეუბანში საჩვენო ჰაბიტატი თუ ვერ აღმოვაჩინეთ, იქნებ ის მაინც დავადგინოთ, ოდესმე თუ არსებობდა იქ სიცოცხლე.
სტატიებში ნახსენებ სივრცე-დროის მასშტაბებს, რომლებსაც ჩემი გონება ვერ სწვდება, თავისუფლად სწვდება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი. ეს სამეცნიერო-საინჟინრო შედევრი დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ორბიტაზე დაბინავდა და ცნობებს აგროვებს სამყაროს განთიადის შესახებ, ჩვენ კი მიღებულ ინფორმაციას თვალისმომჭრელი ფოტოებით და საინტერესოდ მოთხრობილი ამბებით გიზიარებთ. ჟურნალის ამ სპეციალურ გამოცემას, რომელიც კოსმოსის თემას ეთმობა, საჩუქრად პოსტერიც მოჰყვება – ვების ტელესკოპით გადაღებული კოსმოსური პეიზაჟი.
ოქტომბერი National Geographic – საქართველოს საიუბილეო თვეა. თქვენთან ერთად უკვე 11 წრე შევასრულეთ მზის ორბიტაზე და მადლობას გიხდით, რომ ჩვენი თანამგზავრები ხართ ამ კოსმოსურ ოდისეაში!