
აბიგაილ ოლვუდი
მარსზე ოდესმე სიცოცხლე რომ ყოფილიყო, ალბათ მას სწორედ აბიგაილი აღმოაჩენდა
დედამიწაზე სიცოცხლის პირველი ნიშნების აღმოსაჩენად ასტრობიოლოგი აბიგაილ ოლვუდი ავსტრალიის იზოლირებულ უდაბნოში დადიოდა. ახლა იგი სიცოცხლის ნიშნებს დისტანციურად ეძებს პლანეტაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, არასოდეს ესტუმრება.
ოლვუდი NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში მუშაობს და „მარსი 2020-ის“ როვერის მისიის უფროსი მკვლევარია – პირველი მისიისა, რომლის უმთავრესი მიზანი წინათ მარსზე სიცოცხლის არსებობის კვალის აღმოჩენაა. ოლვუდის დავალება წითელი პლანეტის ქიმიურ შედგენილობაში ძველისძველი მიკრობების ძიებაა.
ამისათვის მან შექმნა PIXL-ი, პლანეტარული ინსტრუმენტი რენტგენული ლითოქიმიისათვის. სამფეხა PIXL-ი ძალიან ნელა, 100-მიკრონიანი ნაბიჯებით გადაადგილდება მარსის ზედაპირზე. გზადაგზა ის სხვადასხვა ადგილის ქიმიურ შედგენილობას გააანალიზებს და იქ გავრცელებულ ელემენტებს რუკაზე დაიტანს.
ოლვუდი თავს იკავებს იმის თქმისგან, ზუსტად რისი პოვნის იმედი აქვს. „თუ წინასწარ გექნება დაგეგმილი, რისი პოვნა გინდა, იმას ვერ შეამჩნევ, რაც იქ ნამდვილად არის“. მაგრამ იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი. „მარსზე რამე საინტერესოს პოვნის ალბათობა მაღალია“, ამბობს ის.