ადაპტაციის ოსტატები
აფრიკის უძველეს ტბაში მობინადრე ციქლიდების უნიკალური მრავალფეროვნება ევოლუციის საიდუმლოების ამოხსნის იმედს იძლევა.
ადაპტაციის ოსტატები
აფრიკის უძველეს ტბაში მობინადრე ციქლიდების უნიკალური მრავალფეროვნება ევოლუციის საიდუმლოების ამოხსნის იმედს იძლევა.
ციქლიდები ყველანაირად უჩვეულო არსებები გახლავთ. მხოლოდ ტანგანიიკის ტბაში, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის მიჯნაზეა, უკანასკნელი 9,7 მილიონი წლის მანძილზე საერთო წინაპრისგან დაახლოებით 250 სახეობა წარმოიშვა.
ზოგი სახეობა პატარა ბავშვისოდენა იზრდება, სხვები კი ნეკის სიგრძეს აღწევენ. ზოგი ცხოვრებას მეწყვილის მოსაზიდად ქვიშის მრგვალი სცენის აგებაში ატარებს, სხვები კი ჰარემებად ჯგუფდებიან. ბევრი მათგანი მზრუნველი მშობელია, თუმცა ზოგჯერ შეიძლება საკუთარი ქვირითი შეჭამოს. ტბის თითქმის ყველა ნიშას მორგებული ეს თევზები ფეთქებადი დივერსიფიკაციის ნათელი მაგალითია.
ამ ტბაში მობინადრე ციქლიდების უმრავლესობა სხვაგან არ გვხვდება, ამიტომ ევოლუციის საიდუმლოების ამოხსნაში მათი დახმარება თუ სურთ, მეცნიერებს დასაკარგი დრო არ აქვთ: ცხოველთა სახეობები ხშირად გადაშენებას ასწრებენ, სანამ მათ გამოვიკვლევთ ხოლმე. ციქლიდებს უამრავი საფრთხე ემუქრებათ: განაშენიანების შედეგად საბინადრო გარემოს დაბინძურება, ბადით თევზაობა, აგრეთვე ლამაზი სახეობების აკვარიუმებისთვის მოპოვება და სხვ. ვალტერ ზალცბურგერი, ციქლიდების ექსპერტი ბაზელის უნივერსიტეტიდან იმედოვნებს, რომ ამ თევზების მიმართ მზარდი მეცნიერული ინტერესი მათი კონსერვაციის საწინდარი გახდება. „ციქლიდების დაცვა ამ უძველესი ტბის მთელი ეკოსისტემის დაცვას ნიშნავს”, – ამბობს იგი.