
ახალბედა მკვლევარი
ბებიის ჩაგონებით შეიარაღებული უილ სმითი თავის შიშებს დაუპირისპირდა და ექსტრემალურ გარემოში იმოგზაურა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწაზე“ National Geographic-ის და Disney+-ის დოკუმენტური სერიალია, რომლის წამყვანი, უილ სმითი, ჩვენი პლანეტის შორეულ და ექსტრემალურ კუთხე-კუნჭულებში მიგვიძღვის. „ჩემი ბებია ამბობდა, რომ ცხოვრების საუკეთესო რამეები შიშის მიღმა არსებობს. ვიმედოვნებ, რომ ჯიჯი მართალი იყო“, – ამბობს იგი.
წყლის შიშის მიუხედავად, სმითი ბაჰამის კუნძულებზე წყალქვეშ აპარატით ეშვება საზღვაო ბიოლოგ დივა ამონთან ერთად. ამონი გვიხსნის, რომ წყალქვეშა სამყაროს 99% გამოუკვლეველია. „ჩვენ მარსის, ვენერას და მთვარის უფრო ზუსტი რუკები გვაქვს, ვიდრე ჩვენი პლანეტის ოკეანის ფსკერის“, – ამბობს იგი.
აპარატით დაშვებისას წყალქვეშა კლდე მოჩანს. „აქამდე აქ არავინ ჩასულა“, – ამბობს ამონი. ახალ აღმოჩენას სმითი „ახალბედა მწვერვალს“ არქმევს – თავისი მეტსახელის და ოთხმოცდაათიანი წლების პოპულარული შოუს სახელის, „ახალბედა პრინცის“ მიხედვით.
დაახლოებით 1000 მეტრის სიღრმეზე წყალქვეშა სამყარო ბიოლუმინესცენციის ზღაპრულ წარმოდგენას მართავს – სინათლეს ცოცხალი ორგანიზმები გამოსცემენ. „ეს შესაძლოა იყოს ჩვენს პლანეტაზე ყველაზე გავრცელებული კომუნიკაციის ფორმა“, – ამბობს ამონი.
სერიალის „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწაზე“ პროდიუსერები არი ჰენდელი, დარენ არონოვსკი და ჯეინ რუტი ფიქრობენ, რომ მეცნიერებას ნებისმიერი რამის, თუნდაც ლორწოვანი სოკოების განხილვით მსმენელის მოხიბვლის ძალა აქვს. ჰენდელის აზრით, სმითის დანიშნულებაა ასეთ თემებზე ქარიზმატულად და მხიარულად ლაპარაკი.
თითოეულ ეპიზოდში ვხედავთ სმითის გულწრფელ რეაქციებს. „ის ამ გამოცდილებაში სამყაროს საოცრებათა მიმართ გახსნილობით და თავმდაბლობით ჩაეფლო“, – ამბობს რუტი.
სმითი ცნობისმოყვარეობით შიშს ყველანაირ სიტუაციაში სძლევს. ვერტმფრენში თავგადასავლების მოყვარულ დუეინ ფილდსთან ერთად სმითი აღიარებს, რომ ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო. ფილდსი კი ყვება, როგორ გადაურჩა სიკვდილს ლონდონში კრიმინალურ ბანდებთან ურთიერთობისას და შემდეგ საკუთარი ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა. დღეს იგი მეორე შავკანიანი მამაკაცია, რომელმაც ჩრდილოეთ პოლუსს მიაღწია.
ფილდსი და სმითი ისლანდიაში, ყინულში ხვრელს ჭრიან, რათა გაიგონ, სად მიედინება მდნარი წყალი. მოგვიანებით, წყალგაუმტარი ტანსაცმლით და აღჭურვილობით, კაიაკით მიუყვებიან მდინარეს.
ამ გადაცემისთვის სმითს სპეციალური მომზადება არ გაუვლია. პროექტზე 700 ადამიანი მუშაობდა 34 ქვეყანაში. „რისკების შეფასება ამ გუნდის საქმიანობის დიდი ნაწილია“, – ხსნის რუტი.
ბრმა მკვლევარი ერიკ ვაიენმაიერი, სმითი და ვულკანოლოგი ვანუატუში ვულკან იასურის ხმების ჩასაწერად კრატერის კედლებში მიცოცავენ. „ეს ძალიან ცუდი ანეკდოტის დასაწყისს ჰგავს, – ამბობს სმითი, – რეპერი, ბრმა კაცი და ვულკანოლოგი თოკით ვულკანში ეშვებიან…“
ტანზანიაში, სერენგეტიში, სმითი დაძაბულობას სიმღერით განმუხტავს. დიდი მიგრაციის ხილვა მას შემდეგ სურს, რაც 30 წლის წინ ჩვენს ჟურნალში მილიონობით გნუს მოგზაურობაზე წაიკითხა.
მდინარე მარაში შესულ პირველ გნუს გიგანტური ნიანგი უტევს. დანარჩენი ძუძუმწოვრები ჩერდებიან, თუმცა საბოლოოდ მდინარეს მაინც გადაკვეთენ. ამ სანახაობით მოჯადოებული სმითი ამბობს: „ბუნებასთან ხშირი შეხება არასოდეს მქონია – განსაკუთრებით კი ასეთთან. ეს ჩემთვის სრულიად ახალი სამყაროა“.

National Geographic-ის სერიალის „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწაზე“ პრემიერა 8 დეკემბერს გაიმართება.
ჟურნალისტი ჟაკლინ კატლერი რეგულარულად აშუქებს ახალ წიგნებსა და გადაცემებს. აქამდე მან დაწერა National Geographic-ის სატელევიზიო სერიალების შესახებ: „გენიოსი: არეთა“ და „იდუმალებით აღსავსე ვეშაპები“.