ახალი ათონის ჩანჩქერი
XIX საუკუნის ბოლოს ახალი ათონის მონასტერში მოღვაწე ბერებს შორის იყვნენ ინჟინრები, არქიტექტორები, მებაღეები და სხვა ოსტატები.
აფხაზეთში, ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, არის ჩანჩქერი, რომელიც მონასტრის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 21 მეტრი სიგრძის ჩანჩქერი 8,6 მეტრის სიმაღლიდან ეცემა, თუმცა ის არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური წარმოშობისაა. XIX საუკუნის ბოლოს ახალი ათონის მონასტერში მოღვაწე ბერებს შორის იყვნენ ინჟინრები, არქიტექტორები, მებაღეები, ხუროები, და სხვა ხელოსნები. მათ მონასტრის მიმდებარედ დაჭაობებული, გაველურებული მიდამოს კეთილმოწყობა განიზრახეს. საჭირო გახდა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსის შექმნა, რომელიც ტერიტორიას წყალმოვარდნისგან დაიცავდა და, ამავდროულად, მონასტრის მიმდებარედ გაშენებული ბაღ-ბოსტნების მოსარწყავადაც გამოდგებოდა. ამ მიზნით, 1882 წელს მდინარე ფსირცხასთან აშენდა კაშხალი, რომლის შედეგად გაჩნდა ახალი ათონის ჩანჩქერი.
მონასტრის საძმო ჩანჩქერს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდა. მის უკან მოწყობილი იყო სარდაფები და სათავსოები, რომლებიც პროდუქტის შესანახად იყო გამიზნული. ბერების მიერ გაყვანილი სარწყავი არხები გორაკის ფერდობზე ტერასულად გაშენებული ზეთისხილის, ფორთოხლის, მანდარინის, ლიმონის ბაღებისა და ბოსტნების მოსარწყავად გამოიყენებოდა. ჩანჩქერის წყალი მიეწოდებოდა აგურის ქარხანას, სამხერხაოსა და სამრეცხაოს. აქვე იყო განთავსებული ორსართულიანი წისქვილი და პურის საცხობი. მოწყობილი კაშხალი უზრუნველყოფდა მონასტრის მიმდებარე ნაგებობების ელექტროენერგიით მომარაგებასაც.