ამ გიბონს რობოტის განსახიერება შეუძლია
აზიის მოცეკვავე პრიმატების აუხსნელ მოძრაობათა გაშიფვრა
ადამიანის მსგავსი მაიმუნების უმეტესობამ ცეკვა არ იცის, თუმცა მდედრი თეთრლოყა გიბონი რეგულარულად ასრულებს მოძრაობებს, რომლებიც „რობოტის ცეკვას“ ჰგავს. მეცნიერებმა ახლახან გააანალიზეს ზოოპარკებსა და თავშესაფრებში მცხოვრები ზრდასრული მდედრი თეთრლოყა გიბონების ათეულობით ვიდეორგოლი და გაესაუბრნენ მკვლევრებს, რომლებსაც უნახავთ მოცეკვავე პრიმატები ჩინეთის და ვიეტნამის ბუნებაში.

მათი კვლევა იუწყება, რომ ცეკვაში გარკვეული რიტმული კანონზომიერება იკვეთება. ტყვეობაში მყოფი გიბონები საცეკვაო კომპოზიციას ძირითადად მომვლელებისთვის ასრულებენ, სავარაუდოდ, სოციალიზაციის და სასუსნავის მოპოვების მიზნით. ველურ ბუნებაში, როგორც ჩანს, ისინი მეწყვილის მოსაზიდად ცეკვავენ. ეს „განსაკუთრებით დამაბნეველია“, – ამბობს ზოოლოგი და კვლევის თანაავტორი კაი კასპარი ჰაინრიხ ჰაინეს დიუსელდორფის უნივერსიტეტიდან. თეთრლოყა გიბონები ცხოვრობენ პატარა ოჯახურ ჯგუფებად, რომლებიც სტაბილური მონოგამიური წყვილების გარშემო იკვრება. შესაბამისად, „მდედრებს არ უწევთ შეჯიბრება თავიანთი პარტნიორების ყურადღების მოსაპოვებლად“, – ამბობს კასპარი. ცეკვა შეიძლება მხოლოდ კონფლიქტების განმუხტვის საშუალება იყოს.

მეცნიერული დასახელება
Nomascus leucogenys
რაციონი
ძირითადად ხილი და ფოთლები, გამდიდრებული ყვავილებით და მწერებით
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა
ველურ ბუნებაში 28 წელი (სავარაუდო); ტყვეობაში 51 წლამდე
საშუალო წონა
7-9 კგ
საკონსერვაციო სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში

National Geographic Society აფინანსებს მკვლევარ ჯოელ სარტორეს „ფოტოკიდობნის“ პროექტს, რომლის მიზანია მსოფლიოს ზოოპარკებში, აკვარიუმებსა და თავშესაფრებში მობინადრე ყველა სახეობის დოკუმენტირება.