13 წლის წინ ფოტოგრაფი მეთიუ ებოტი ავსტრალიაში მდებარე არნემ-ლენდის აბორიგენებთან ერთად დადიოდა გარშემო გაჩაღებულ ხანძრებში. რაც მან იქ იხილა, თითქმის ზუსტად ჰგავდა ამ ფოტოზე გამოსახულ სცენას. ძველი მოგონება ღრმად ჩაებეჭდა მეხსიერებაში და იგი იმედოვნებდა, რომ მსგავს ემოციებს მიიღებდა თავის ახალ სტატიაზე მუშაობისას. „მწუხრის ჟამს ერთი ოჯახი ხანძრის არეალში მიაბიჯებდა, სინათლე ბნელში იძირებოდა და ამ ფონზე გაჩაღებული ხანძარი კიდევ უფრო მძაფრად მოჩანდა, – ამბობს იგი, – მართლაც მომნუსხველი იყო“.
ეს გახლდათ კონტროლირებული ხანძრის ტრადიციული პრაქტიკა, რომელსაც დასავლეთ არნემლენდის აბორიგენები მიმართავდნენ. შედარებით გრილ და ნალექიან სეზონზე ისინი წვავდნენ მიწის გარკვეულ ზოლებს ცხელ და მშრალ პერიოდებში უფრო მასშტაბური ხანძრების თავიდან ასარიდებლად. ეს ფოტო წარმოაჩენს აბორიგენთა კულტურის მჭიდრო კავშირს ცეცხლთან.
ებოტი კარგად იცნობს ავსტრალიის ჩრდილოეთი ტერიტორიების აბორიგენ თემებს, სადაც იგი 2008-2010 წლებში ცხოვრობდა და სადაც არაერთ თემაზე უმუშავია, მაგრამ აღნიშნული სტატია განსაკუთრებულ რეზონანს იძენდა. „უამრავი სტატია, რომელთაც აბორიგენთა თემებზე ვამზადებდი, წარმოუდგენლად სევდიანი და კონფლიქტური ხასიათის იყო, – ამბობს ებოტი და გულისხმობს კოლონიზაციის მძიმე მემკვიდრეობას, – ეს ამბავი კი აჩენდა შესაძლებლობას, რომ აქცენტი გამეკეთებინა აბორიგენთა საოცარ კულტურასა თუ ისტორიაზე – გარემოსა და წინაპართა მიწების თავდადებულ სიყვარულზე“.

სიდნეიში მცხოვრები ავსტრალიელი ფოტოგრაფი მეთიუ ებოტი ძირითადად სოციალურ და გარემოსდაცვით თემებს აშუქებს. იგი გახლავთ World Press Photo-ს ჯილდოს ორგზის მფლობელი, ხოლო ამ უკანასკნელი ნამუშევრისთვის მიიღო World Press-ის ჯილდო წლის საუკეთესო ფოტოამბისთვის.
ფოტო: სასკია უილსონი