
ჩვენი ხმები
ამ სპეციალურ გამოშვებაში, რომელიც ქალებს ეძღვნება და რომლის ყველა ფოტოგრაფი, ავტორი და ილუსტრატორიც ქალია, არქივიდან მრავალ სურათს ნახავთ
National Geographic-ის ისტორიის პირველ მოქმედებაში ერთ ქალსაც კი არ მიუღია მონაწილეობა: 1888 წლის 13 იანვარს ვაშინგტონში, ხით მოპირკეთებულ კლუბში, 33 მწერალი და მეცნიერი მამაკაცი შეიკრიბა და National Geographic Society დააარსა. ჩვენს არქივში ამ შეხვედრის ფოტო არ არის დაცული, რადგან ფოტოები არც გადაუღიათ. ირონიულია – თუკი რამითაა National Geographic-ი ცნობილი, ეს ვიზუალური ჩანაწერების შექმნაა.
National Geographic-ის ფოტოკოლექციის ზრდასთან ერთად, რომელშიც დღეისთვის 64 მილიონზე მეტი ფიზიკური და ციფრული ერთეულია დაცული, უნებლიეთ სხვა ისტორიაც დაიწერა: ქალების ცხოვრების გლობალური ქრონიკა დღევანდელობამდე. ფოტოებიდან ჩანს, როგორ აღიქმებოდნენ ქალები, როგორ ეპყრობოდნენ მათ, რამდენი ძალა ჰქონდათ ან არ ჰქონდათ. ეს სურათები იმის ილუსტრაციაა, რასაც მოხერხებულად „ქალის ადგილს” უწოდებდნენ – კონცეფციისა, რომელიც ჩვენ თვალწინ იცვლება.
ამ სპეციალურ გამოშვებაში, რომელიც ქალებს ეძღვნება და რომლის ყველა ფოტოგრაფი, ავტორი და ილუსტრატორიც ქალია, არქივიდან მრავალ სურათს ნახავთ. ამ გამოცემით ერთწლიან ციკლს ვიწყებთ, რომლის განმავლობაშიც ჩვენს ბეჭდვით, ციფრულ და სამაუწყებლო პლატფორმებზე ქალების ცხოვრებასა და იმ მასობრივ ცვლილებებზე მოგითხრობთ, რომლებიც ქალებსა და გოგონებს ეხებათ მთელ დედამიწაზე.
ცვლილების დასაწყისი წინა გვერდზე ნაჩვენებ არქივის ფოტოში ჩანს, რომელზეც ვაშინგტონში ქალების აღლუმზე შეკრებილი ადამიანები არიან აღბეჭდილნი. ისინი ხმის მიცემის უფლებას ითხოვენ, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის მე-19 შესწორების დამტკიცებასთან ერთად მიიღეს 1920 წელს. 2020 წლის ჩვენი რეპორტაჟები ამ გამარჯვების ასწლეულს მიეძღვნება.
1992 წელს გაზეთის რედაქტორი ვიყავი, როდესაც ჩემმა და მრავალმა სხვა გამოცემამ ის წელი ქალების წლად გამოაცხადა. ამის მიზეზი სენატში ქალი წარმომადგენლების ყველაზე დიდი რაოდენობის – ასიდან ექვსის – არჩევა გახდა. რამდენად გულუბრყვილოდაც უნდა მოგვეჩვენოს ახლა, ეს ამბავი ნამდვილი ცვლილების მომასწავებელ ნიშნად ჩათვალეს.
ამიტომაც გასაგებია ის სკეპტიციზმი, რომელიც იმის მოსმენისას გვიპყრობს, რომ ქალების სტატუსი იზრდება, მაგრამ ვგრძნობ, ამჯერად სხვა მდგომარეობაა. National Geographic-ის დაარსებიდან მე მისი მეათე რედაქტორი ვარ და, ამასთანავე, პირველი ქალი ამ პოზიციაზე. ერთ დროს ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იქნებოდა. ქალები ყველგან აღწევენ მაღალ თანამდებობებს: ბიზნესში, მეცნიერებაში, იურისპრუდენციაში. კომუნიკაციის ტექნოლოგიების განვითარება და სოციალური მედია მათ საშუალებას აძლევს, რომ შემბოჭველი პატრიარქალური სისტემა გაარღვიონ და საკუთარი პირობები წამოაყენონ.
დღევანდელი რიცხვები ნამდვილად მოგვითხრობენ ცვლილების ისტორიას. არჩეული ქალების რიცხვმა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში განუზომლად იმატა. აღნიშნული ცვლილების ნახვა ამ გამოცემისთვის მომზადებულ რუკასა და გრაფიკებზე შეგიძლიათ, 80-ე გვერდზე.
ამ ერთწლიანი პროექტის ფარგლებში ჩვენ დამაიმედებელ მაგალითებს გავაზიარებთ – თუ როგორ მოიპოვეს ქალებმა უფლებები და შესაძლებლობები გასულ საუკუნეში. ჩვენ აუცილებლად მოგითხრობთ იმ მაგალითების შესახებაც, სადაც ქალებს უარი ეთქვათ უფლებებსა და შესაძლებლობებზე, როდესაც გამოიყენეს მათი სისუსტეები და უგულებელყვეს საქმეში მათ მიერ შეტანილი წვლილიც.
ჩვენ უკვე 130 წელია, რაც მსოფლიო კულტურებს ვაშუქებთ და კარგად დავინახეთ, თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს უთანასწორობა უჩინარობად ისე, რომ დათრგუნვილთა ხმა თითქმის აღარ ისმოდეს. წელს მიზნად გვაქვს, მეტი ქალის ცხოვრება გამოვიტანოთ მზის სინათლეზე და მეტი ქალის ხმა ჩავრთოთ დისკუსიაში.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic-ს.