
დაკარგული ვეშაპის ისტორია
თეთრი ვეშაპი მეგობრულად იქცეოდა. ეტყობა, კარგად იყო გაწვრთნილი. მას აღკაზმულობა ეკეთა. აქ საიდან გაჩნდა?
2019 წლის აპრილის მიწურულს ჩემმა ნაცნობმა მეთევზემ, იოარ ჰესტენმა დამირეკა. ნორვეგიის ჩრდილოეთ წყლებში მისი ნავის გარშემო თეთრი ვეშაპი ცურავდა. ჰესტენი დაბნეული ჩანდა – ვეშაპს რაღაც აღკაზმულობა ეკეთა. თეთრი ვეშაპები ძირითადად ყინულოვან და აისბერგებიან ადგილებში მცირე გუნდებად ცხოვრობენ და ნორვეგიის სანაპიროებთან მარტოები იშვიათად გვხვდებიან. რადგანაც საზღვაო ბიოლოგი ვარ, ვიცოდი, რომ აღკაზმულობა სასწრაფოდ იყო მოსახსნელი. წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენად უცნაურ ისტორიაში გავები.
ნორვეგიის მეთევზეობისა და ზღვის ზედამხედველობის ბიუროს დავუკავშირდით. ინსპექტორ იორგენ რი ვიიგის, მისი ჯგუფისა და ჰესტენის ნავების შეხვედრისას, სამნახევარმეტრიანი მამრი ვეშაპი სიამოვნებით შევიდა ჯგუფთან კონტაქტში. უდავოდ გაწვრთნილი იყო.
კიდევ უფრო გაოცდნენ, როდესაც ჰესტენი წყალში ჩავიდა და აღკაზმულობის მოხსნა სცადა. აღკაზმულობაზე კამერის სამაგრი აღმოჩნდა ინგლისური წარწერით: „სანქტ-პეტერბურგის აღჭურვილობა“. ეს აღჭურვილობა დაახლოებითაც კი არ ჰგავდა რამეს, რასაც მეცნიერები ვეშაპებზე დაკვირვებისთვის იყენებენ.
ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ვეშაპი რუსული სამხედრო ძალების მიერ იყო გაწვრთნილი. მედიამ ეს ეჭვი კიდევ უფრო გააბუქა და ვეშაპი „რუსულ ჯაშუშ ვეშაპად“ მონათლა. ერთ-ერთმა გამომცემლობამ მას ჰვალდიმირი შეარქვა – ვეშაპის ნორვეგიული სახელწოდების Hval და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელის ნაერთი.
აღმოჩენიდან ერთ კვირაში ჰვალდიმირი ერთ ნავს ჰამერფესტის ნავსადგომამდე აედევნა, რომელიც მისი პოვნის ადგილიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ვეშაპი იქ მაისის დასაწყისში მოვინახულე და ეს ფოტო გადავუღე. ჰამერფესტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად გავემგზავრე. გამხდარი იყო – დამოუკიდებლად ვერ ჭამდა და ველურ გარემოში, სავარაუდოდ, ვერ გადარჩებოდა. მოგვიანებით მთავრობამ მისი გამოკვების გადაწყვეტილება მიიღო; ჰვალდიმირის გამოკვების პროცესი ჰამერფესტის ტურისტებისათვის მიმზიდველ სანახაობად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ვეშაპის გაწვრთნა დიდ დროსა და თანხებს მოითხოვს, პატრონი არსად ჩანდა. საქმით ნორვეგიის პოლიციისა და უშიშროების სამსახური დაინტერესდა, გერმანელმა ჟურნალისტმა კი “ქრაუდსორსინგისა“ და აღკაზმულობის ლოგოზე დაყრდნობით სანქტ-პეტერბურგში სალაშქრო აღჭურვილობის მიმწოდებელს მიაგნო. სანდო წყაროს ცნობით, ჰვალდიმირი მართლაც მურმანსკიდან, რუსული საზღვაო ძალების პროგრამიდან გამოიქცა. ჩემმა წყარომ არ გამიმხილა, რისთვის წვრთნიდნენ ვეშაპს.
ივნისში მომჯობინებულმა ჰვალდიმირმა ჰამერფესტი დატოვა. მას შემდეგ ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაპირებთან ცურავდა და თავსაც იკვებავდა.
ჯერაც ვდავობთ იმაზე, თუ რა უნდა ვუქნათ ჰვალდიმირს. დელფინარიუმში გამოვამწყვდიოთ, თეთრი ვეშაპების ჰაბიტატში გადავიყვანოთ თუ თავის ნება-სურვილზე მივუშვათ? ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ის მარტოც მშვენივრად გრძნობს თავს.
აუდუნ რიკარდსენი ბუნების ფოტოგრაფი და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტის მტკნარი წყლისა და საზღვაო ბიოლოგიის პროფესორია. ადრე მან თეთრი დათვის მიერ მისთვის კამერის წართმევის შესახებ მოგვითხრო.