
დამოკიდებულების ბუნება
აშშ-ში ყოველ 25 წუთში, ოპიოიდებზე დამოკიდებული ერთი ბავშვი იბადება.
ეს შემზარავი სტატისტიკა დიდი ეპიდემიის მხოლოდ ერთი სიმპტომია. ოპიოიდების ზედოზირება 50 წლამდე ამერიკელების სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და 2015 წელს 33 000 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. ამ მონაცემების კითხვა სასიამოვნო ნამდვილად არაა, თუმცა იმის ცოდნა, თუ რამდენად მასშტაბურია პრობლემა, მისი გააზრებისა და გადაჭრის გზის ძიებაში გეხმარება.
სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია ქართულ რეალობაში – მე ვერ შევძელი. გავიგე, რომ ქვეყანაში დაახლოებით 200-250 ათასი ადამიანია ნარკოტიკებზე დამოკიდებული, აქედან დაახლოებით 55 ათასი სხვადასხვა არასამთავრობოს მიერაა რეგისტრირებული, ხოლო ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობა 2015 წლის მონაცემებით 50-ს არ აღემატება. რამდენი ოპიოიდებზე დამოკიდებული ჩვილი იბადება, არავინ იცის. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა ორსული ქალის ოჯახმა, რომელსაც სურს, ახალშობილს ანალიზები ჩაუტაროს – პაციენტის ვინაობა ანონიმურია.
ამ თვის მთავარ სტატიაში „დამოკიდებული ტვინი”, შევეცადეთ გვეპასუხა კითხვებისათვის: რატომ ხდებიან ადამიანები დამოკიდებული მათთვის საზიანო ნივთიერებებსა და ქცევებზე? რას გვეუბნება უახლესი კვლევები დამოკიდებულებისა და თავის ტვინის შესახებ? შეუძლია თუ არა მეცნიერებას, მეტ ადამიანს დაეხმაროს დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებაში?
თუმცა, მანამ, სანამ მეცნიერები დამოკიდებულების ბუნებას იკვლევენ, ალბათ, დროა, ჩვენ ბოლომდე გავაცნობიეროთ, რომ ნარკოდამოკიდებულება ისეთივე დაავადებაა, როგორც ნებისმიერი სხვა, ხოლო „ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ამ დაავადებას მკურნალობა სჭირდება და არა პატიმრობა”, – როგორც ჩვენი ნომრის სტუმარი, ნეირომეცნიერი, პროფესორი ზაალ კოკაია ამბობს.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.