
დამოკიდებული ტვინი
ნარკოდამოკიდებულება ისეთივე დაავადებაა, როგორიც ნებისმიერი სხვა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი თავად პაციენტია და საკუთარი ნების გარეშე, მისი განკურნება შეუძლებელია
ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის (შვედეთი) დირექტორი, ნეირომეცნიერი, პროფესორი ზაალ კოკაია მრავალი წელია ტვინსა და ღეროვან უჯრედებს იკვლევს. მისი აზრით, ნარკომანიასთან გასამკლავებლად საჭიროა საზოგადოების, ხელისუფლებისა და თავად დამოკიდებული ადამიანების მხრიდან პრობლემის სწორად გააზრება.
ნარკოდამოკიდებულებაზე რას გვეტყვით?
ნარკოდამოკიდებულება ისეთივე დაავადებაა, როგორიც ნებისმიერი სხვა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი თავად პაციენტია და საკუთარი ნების გარეშე, მისი განკურნება შეუძლებელია. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ამ დაავადებას მკურნალობა სჭირდება და არა პატიმრობა. ერთადერთი სწორი მიდგომა მძიმე ნარკოტიკებზე წვდომის ყოველმხრივ შეზღუდვა და პროგრამების შექმნაა, რომლებიც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს განკურნებაში დაეხმარება.
დაზიანებული ტვინის უჯრედების აღდგენა შესაძლებელია?
სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას სხვადასხვაგვარი ზემოქმედება აქვს თავის ტვინის უჯრედებზე. ზოგმა ნივთიერებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტვინის უჯრედების დაღუპვა, მათი უმრავლესობა კი, ტვინის უჯრედებს შორის არსებულ კავშირებზე მოქმედებს. ამიტომაა ძალიან რთული რაიმე უნივერსალური რეგენერაციული სტრატეგიის შემუშავება. დამოკიდებულების მკურნალობა ადრეულ სტადიებზე, შეუქცევადი პროცესების განვითარებამდე, გაცილებით ადვილია.
დამოკიდებული ტვინი ნევროლოგიური დაავადებებისადმი მიდრეკილია?
ცალსახად იმის თქმა, რომ ყველა მძიმე ნარკოტიკული ნივთიერება ნევროლოგიურ დაავადებას იწვევს, ძნელია. თუმცა, ცნობილია, რომ კოკაინმა, ჰეროინმა და ამფეტამინმა, შესაძლოა, ტვინის ინსულტი, კრუნჩხვა ან კოგნიტური დარღვევები გამოიწვიოს – განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. მოდით, ასე ვთქვათ – თუ ადამიანი რომელიმე ნევროლოგიური დაავადებისკენ მიდრეკილია, ნარკოტიკები, დიდი ალბათობით, ხელს შეუწყობს მის განვითარებას.