
ჟურნალისტიკის ოქროს სტანდარტი
გამომცემლისგან
National Geographic – საქართველოს დაარსებიდან 10 წელი გავიდა. ბრენდი, 134-წლიანი ისტორიითა და უნივერსალური ღირებულებებით, ოქროს სტანდარტია ჟურნალისტიკაში, საუკუნის წინ შექმნილი ლოგო კი – ხარისხისა და წარმატების გარანტი.
ყველაფერი, რაც ამ ყვითელ ჩარჩოში ხვდება, უპირობო ნდობასა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
საქართველო ყვითელ ჩარჩოში, როგორც National Geographic-ის დიდი ოჯახის ახალი წევრი, 2012 წელს გიორგი რამიშვილის ინიციატივით მოხვდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ უკვე 10 წელია ჟურნალი „სილქნეტის“ მხარდაჭერით გამოდის და მშობლიურ ენაზეა ხელმისაწვდომი ქართველი მკითხველისთვის. ამისთვის მას საიუბილეო ნომრის ფურცლებიდან მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა.

ფოტო: CLOUD Studio
10 წელი საქართველოში ბეჭდური მედიის არსებობისთვის ნამდვილად არ არის ცოტა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტიზაციამ მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო ბეჭდური მედია. ბოლო დროის, ალბათ, ყველაზე რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, თუ რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს მეცნიერებას, კვლევას და სანდო ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის – იმას, რასაც National Geographic-ი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ემსახურება.
მე მაინც მჯერა, რომ ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეშიც კი, ფურცელთან კავშირის მაგია შეუცვლელია და დარწმუნებული ვარ, ჟურნალის მილიონობით მკითხველი ამაში დამეთანხმება.
ამ საიუბილეო ნომრის სვეტში არ შემიძლია არ გავიხსენო დღე, როდესაც პირველად აღმოვჩნდი ჟურნალის ქართულ რედაქციაში და სტამბიდან ახალგამოსული ნომერი გადავფურცლე – 2016 წლის მაისის ნომერი საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდზე მოგვითხრობდა, ხოლო ერთ-ერთი ქვეთავი ჩემს დიდ ბებიას, ქრისტინე შარაშიძეს ეძღვნებოდა.
ქრისტინე შარაშიძე იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კრების პრეზიდიუმის წევრი, პირველი ქალი პარლამენტარი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ქალი ლექტორი. იგი იყო პირველი ქართველი ფილოლოგი, რომელმაც გაიტანა ინფორმაცია ქართული შრიფტის შესახებ საქართველოს საზღვრებს გარეთ და უცხოელ კოლეგებს სტოკჰოლმის სამეფო ბიბლიოთეკაში გაუგზავნა მისი ნიმუშები. მან მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა ქართული ბეჭდური სიტყვის ისტორიას და იყო ჟურნალ „ჯეჯილის“ გამომცემელი.
ქრისტინე – ჩიტო, როგორც მას ოჯახის წევრები მოიხსენიებდნენ, აკრძალული ლიტერატურის და ხელნაწერი გაზეთების გავრცელების გამოც კი დაუპატიმრებიათ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა, დაამუშავა და შეისწავლა 1500-ზე მეტი ხელნაწერი და სიცოცლის ბოლომდე ყველაზე მეტად უფრთხილდებოდა მათ.
დარწმუნებილი ვარ, დღეს ქრისტინე შარაშიძე National Geographic-ის ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი იქნებოდა. იგი აუცილებლად იამაყებდა, რომ ქართულ ენაზე გამოიცემა მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი და ის ემსახურება ჩვენს ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების გავრცელებას, რასაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო National Geographic – საქართველოს გამომცემელი და ძალიან სიმბოლურია, რომ ჟურნალთან ჩემი პირველი პროფესიული შეხება სწორედ იმ ნომრით დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთვარი გმირი ქრისტინე შარაშიძე იყო.
დაბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო National Geographic – საქართველოს გუნდის თითოეულ წევრს, რომელიც უკვე 10 წელია ერთგულად ემსახურება ოქროს სტანდარტის ჟურნალისტიკას.

„ჩემთვის 2016 წლის მაისის ნომერს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს ეძღვნება, განსაკუთრებული, სიმბოლური დატვირთვა აქვს. პირველად ჟურნალის რედაქციში მაშინ მოვედი, როდესაც ეს ნომერი ახალი მოტანილი იყო სტამბიდან – ინტერესით გადავშალე და მოულოდნელად აღმოვაჩინე მასალა, რომელიც ჩემი დიდი ბებიის, ქრისტინე შარაშიძის შესახებ მოგვითხრობდა“.
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე. ლ. ტოგონიძის კოლექციიდან