ეს ხალისით სავსე და ფუსფუსა პოსტნატალური ცენტრი თავისი მყუდრო გარემოთი, ჩინეთის ქალაქ ხანგჭოუშია. ალბათ იფიქრებთ, რომ მსგავსი სურათი, პირველ რიგში, მზარდ მოსახლეობაზე უნდა მიგვანიშნებდეს, თუმცა აქ კიდევ სხვა რეალობა იმალება, რომელიც ფოტოგრაფმა ჯასტინ ძინმა აღბეჭდა.
„ერთი მხრივ, აღნიშნული ფოტო გვიჩვენებს უამრავ ბავშვს, – ამბობს იგი, – მაგრამ, ამავე დროს, ის მიუთითებს სტრესსა და დიდ ხარჯებზე, რომელთა წინაშეც ქალები დგანან“.
ამ ფოტოს იდეა ძინს გაუჩნდა მაშინ, როდესაც შანხაიში მცხოვრებმა მისმა ძმამ ერთი მეგობრის შესახებ უამბო. „დღეს უამრავი დედა მუშაობს ფინანსურ თუ ტექნოლოგიურ სექტორში, – ამბობს ძინი, – და ისინი სწრაფად, კარგ ფორმაში უნდა დაუბრუნდნენ სამუშაოს“. შედეგად, ჩინეთში ათასობით პოსტნატალური ცენტრი გაიხსნა. საშუალოდ 10 000 ევროს საფასურად ქალებს შეუძლიათ სათანადოდ მოემზადონ მშობიარობის შემდეგ სამსახურში გასასვლელად. ოთხი კვირის განმავლობაში ახალნამშობიარევი დედები ისვენებენ, ვარჯიშობენ თუ იკვებებიან ინდივიდუალური რაციონით, ამ დროს კი მათ შვილებზე მომვლელები ზრუნავენ. „როგორც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი მიუთითებს მშობიარობის მიმართ არსებულ ძალიან სწრაფად ცვალებად შეხედულებაზე“, – ამბობს იგი.

ფოტოგრაფი ჯასტინ ძინი, რომელიც ჰონკონგში დაიბადა და დღეს ბრიუსელში ცხოვრობს, საზოგადოებრივ ცვლილებებს აშუქებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.