ფანტასტიკური არსებები
2024 წლის პირველი ნომრის ყდას ამშვენებს ჩვეულებრივი მღამიობის სრულიად არაჩვეულებრივი პორტრეტი. ყვითელი ჩარჩოს მიღმა დარჩა ამ კბილებდაკრეჭილი, ყურებდაცქვეტილი, გაბურძგნილი არსების კოხტად დაკეცილი უზარმაზარი ფრთები. ერთი შეხედვით ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ დრაკონის თუ რომელიმე სხვა წარმოსახვითი მხეცის აღწერილობის მქონე ეს ცხოველი ისეთი ციცქნაა, რომ ხელისგულზე ეტევა! დედოფლისწყაროს მახლობლად გადაღებული ეს ღამურა საფრთხეს არ წარმოადგენს არავისთვის, გარდა მწერებისა, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც მისი მოდგმის რომელიმე წარმომადგენელი თავზე გადაგვიფრენს, მოუსვენრობა გვიპყრობს; არადა, სანერვიულო არ გვაქვს – ეს მფრინავი ძუძუმწოვრები არაფერს გვერჩიან, პირიქით, თავიანთი არსებობით უდიდეს სამსახურს გვიწევენ, თანაც იმ დროს, როცა ჩვენ გვძინავს (წესით, ისინიც ბედნიერები უნდა იყვნენ, რომ ჩვენს რეგიონში მათი ხორცი საკვებად არ მოიაზრება). სტატია „ღამის ცვლა“ ხელფრთიანებს სულ სხვა თვალით დაგანახებთ და ახლოს გაგაცნობთ საქართველოში გავრცელებულ მათ სახეობებს.
ამავე ნომერში გაგიზიარებთ, რა ხდება ეკოსისტემაში, როდესაც საფრთხეში მყოფ სახეობებს კანონი იცავს; გაგაცნობთ ორ სამყაროს შორის მოქცეულ ამაზონის მკვიდრ ტომს; ასევე დეტალურად მოგითხრობთ რეპროდუქციული მედიცინის მიღწევებსა და დედობის თანამედროვე ტენდენციაზე.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic – საქართველოს.