
ფერადი სამყარო ჩარჩოებს მიღმა
ინდუსტრიის ანალიტიკოსის, მილტონ გრეიპის თქმით, მარგინალიზებული პერსონაჟები კომიქსებში 10 წლის წინ გამოჩნდნენ
2015 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში კომიქსებისა და გრაფიკული ნოველების გაყიდვებმა მილიარდი დოლარი შეადგინა. რასობრივი და კულტურული უმცირესობის წარმომადგენლები, ქალები, ლგბტ პირები უკვე მთავარ როლებში არიან. ზოგი პერსონაჟი ახალია. თუმცა კარგად ნაცნობი გმირები და ბრენდებიც განიცდიან ცვლილებებს. „მარველს“ შავკანიანი ადამიანი-ობობა და ქალი თორი ჰყავს. „არჩის კომიქსების“ პერსონაჟი ჰარპერი შშმ პირია. „დისის“ ვანდერ ვუმენმა ახლახან ლესბოსელები დააქორწინა.
ინდუსტრიის ანალიტიკოსის, მილტონ გრეიპის თქმით, მარგინალიზებული პერსონაჟები კომიქსებში 10 წლის წინ გამოჩნდნენ; კატალიზატორი კი ჰოლივუდის ფილმები და მანგას პოპულარობის ზრდა იყო.
„სუპერგმირები მუდმივად იცვლებოდნენ, – ამბობს რამზი ფაუაზი, “ახალი მუტანტები: სუპერგმირები და ამერიკული კომიქსების რადიკალური წარმოსახვის“ ავტორი. 50-60-იან წლებში ავტორებმა სოციალური არეულობის ფონზე გარიყული და კონტრკულტურული პერსონაჟები შექმნეს. მომდევნო ათწლეულებში ამ სფეროს იდენტობის პოლიტიკისა და ეკოლოგიის თემებიც დაემატა.
ბისექსუალი ავტორი, სტივ ორლანდო ამბობს, რომ მისი გეი სუპერგმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. „ბევრი მეუბნება, მიდნაითერი თავის აღმოჩენაში დამეხმარაო. უყურებ, როგორ ხდება ჩვეულებრივი ბიჭი, პიტერ პარკერი გმირი და ფიქრობ, რომ შეიძლება შენც იყო გმირი“.
1. პროდიჯი
დევიდ ალეინმა „ახალგაზრდა შურისმაძიებლების“ 2013 წლის გამოცემაში განაცხადა, რომ ბისექსუალია.
2. შტორმი
იქს-ადამიანების „ამინდის გრძნეული“ ორორო მონრო პოპულარული კომიქსის პირველი შავკანიანი ქალი გმირი იყო.
3. ლუკ ქეიჯი
ამ შავკანიანმა სუპერშესაძლებლობები 1972 წელს, უსამართლო პატიმრობის შემდეგ შეიძინა.
4. შავი პანტერა
ვაკანდას მეფე ტიჩალა გასაოცარი ფიზიკური და ზებუნებრივი შესაძლებლობების პატრონია. ის 1966 წელს გამოჩნდა.
5. დეარდევილი
ბავშვობაში დაბრმავებული, თუმცა ზეადამიანური შეგრძნებების მქონე მეტ მერდოკი, სტენ ლიმ 1964 წელს შექმნა.
6. სანსპოტი
მზის ენერგიის დამორჩილების უნარის მქონე ბრაზილიელი, რობერტო და კოსტა „ახალ მუტანტებს“ 1982 წელს შეუერთდა.
7. დასტი
ჰიჯაბიანი ავღანელი მუტანტი, რომელსაც მტვრად ქცევა შეუძლია, 2002 წელს გამოჩნდა.
8. კაილი და ნორთსტარი
1992 წელს კაილ ჯინადუზე დაქორწინებით ჟან-პოლ ბობიე პირველი გეი სუპერგმირი გახდა.
9. დანი მუნსტარი
მკვიდრი ამერიკელი გმირი 1982 წლიდან ქალთა გუნდის – უშიშარი მცველების წევრია.
10. კარმა
ეს ვიეტნამელი ნათელმხილველი 1980 წელს გამოჩნდა და ახლა უკვე ერთ-ერთი ღია ლესბოსელია.
11. სკინი
ანხელო ესპინოსა ლათინური ბანდის ყოფილი წევრია. მას კანის შეცვლა შეუძლია. მისი დებიუტი 1994 შედგა.
12. ბეტვუმენი
ბეტმენის გავლენით შექმნილი პერსონაჟი კეიტ კეინი ამერიკის არმიიდან ლესბოსელობის გამო გარიცხეს.