ფლამინგო ბობი
ვარდისფერი ფრინველი სასტუმროს ფანჯარას შეეჯახა და უგონოდ დაეცა ძირს.
ეს არის ამბავი ველურ ბუნებას მოწყვეტილ ფლამინგოზე,
რომელიც ბუნების დაცვის სიმბოლოდ იქცა.


ფლამინგო ბობი
ვარდისფერი ფრინველი სასტუმროს ფანჯარას შეეჯახა და უგონოდ დაეცა ძირს. ეს არის ამბავი ველურ ბუნებას მოწყვეტილ ფლამინგოზე, რომელიც ბუნების დაცვის სიმბოლოდ იქცა.
საუზმეზე – ხიზილალა, საკუთარ მლაშეწყლიან აუზში ნებივრობა, ორ კვირაში ერთხელ ფეხის მასაჟი პლაჟზე – ასეთია ბობის ცხოვრება. მერწმუნეთ, ის ამ ყველაფერს იმსახურებს. ბობი მშობლიურ კუნძულ კიურასაოზე ბუნების დაცვის ელჩად მსახურობს და სკოლის მოსწავლეებს ველური ბუნების სიყვარულს ასწავლის.
ბობი ფლამინგოა.
2016 წელს ბობი სასტუმროს ფანჯარას შეეჯახა და უგონოდ დაეცა ძირს. ფრინველი ვეტერინარ ოდეტ დუსტის ველური ცხოველების არაკომერციულმა თავშესაფარმა – კარიბის ცხოველების და განათლების ფონდმა შეიფარა. როგორც აღმოჩნდა, ბობი უკვე მოშინაურებული იყო: ადამიანების არ ეშინოდა და დატყვევებულ ფრინველებში ფართოდ გავრცელებული დაავადება – პოდოდერმატიტი აწუხებდა. დაავადების გამო ბობს ფეხები გასიებული ჰქონდა და ველურ ბუნებაში დამოუკიდებლად ცხოვრება და საკვების მოპოვება არ შეეძლო.

დუსტმა გადაწყვიტა, ბობი თავშესაფარში ოთხმოცდაათამდე სხვა ცხოველთან ერთად დაეტოვებინა. ასე დაიწყო ბობმა ახალი ცხოვრება და ბუნების დაცვის ელჩის კარიერა. ის ახლა თავშესაფრის ტერიტორიაზე კარაკარასთან, ვირთან, ძაღლებთან და კატებთან ერთად ცხოვრობს. ცხოველებს შორის ორი ურჩი პელიკანიც იყო, სიცოცხლის ბოლომდე თავშესაფრიდან გაქცევაზე რომ ეჭირათ თვალი. თავშესაფრის ბინადართა რიცხვი მუდმივად იცვლება.
დუსტს ჯერ კიდევ უსახელო ფრინველი ფონდის ყოველკვირეულ საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, სკოლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაჰყავდა ნიდერლანდების კუთვნილ კარიბის კუნძულზე. ფრინველმა ყველას გული მოიგო და მალე ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. როდესაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა დუსტს ფლამინგოს სახელი ჰკითხა, დაბნეულ დუსტს პირველი, რაც ენაზე მოადგა, `ბობი“ იყო. მას შემდეგ ფლამინგოს ყველა ამ სახელით იცნობს.

მისი მნახველების უმეტესობას ახლოდან არასოდეს უნახავს ასეთი დახვეწილი, ფერადი და მეგობრული ფრინველი.
„ბობის მეშვეობით მინდა ხალხი ბუნებასა და გარემოს დაცვაზე დავაფიქრო, – ამბობს დუსტი. ბავშვები უნდა მიხვდნენ, რომ ჩვენს თითოეულ მცირე გადაწყვეტილებას დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბუნებაზე“.

პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლება მათარებით, უარის თქმა დაბადების დღის ბუშტებით აღნიშვნაზე, პლაჟის დასუფთავება – ამ ყველაფრის კეთების სურვილი, დუსტის თქმით, ბავშვებს ბობის ხათრით უჩნდებათ.
„ოდეტი ბობის საშუალებით მთელ ველურ ბუნებაზე ლაპარაკობს“, – ამბობს ნიდერლანდელი ფოტოგრაფი იასპერ დუსტი.
ცხოველების მიმართულების უფროსმა რედაქტორმა კრისტინ დელამორემ უკანასკნელად თუთიყუშებით უკანონო ვაჭრობაზე დაწერა სტატია. იასპერ დუსტი ბობს 2016 წლის ნოემბრიდან უღებს ფოტოებს.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.