
ფრინველთა ძახილი
ადამიანები და თუთიყუშები ხმოვანი სიგნალების გამოცემას ერთნაირად სწავლობენ
თუთიყუშები სხვადასხვა დიალექტებზე საუბრობენ.
ბიოლოგმა ტიმოთი რაიტმა და მისი გუნდის წევრებმა კოსტა-რიკაში კვლევისას აღმოაჩინეს, რომ ყველა იქაური თუთიყუში საკონტაქტოდ სპეციფიკურ ძახილს იყენებდა. თანაც, ამ ძახილის აკუსტიკური სტრუქტურა რეგიონის მიხედვით განსხვავდებოდა. როდესაც ერთ ფრინველს მეორის ადგილობრივი დიალექტი ესმოდა, თავის ხმოვან სიგნალებს ახალ ტონალობას უსადაგებდა.
ადამიანები და თუთიყუშები ხმოვანი სიგნალების გამოცემას ერთნაირად სწავლობენ: უსმენენ და გაგონილს იმეორებენ. კომუნიკაციის ამგვარი ხერხი მხოლოდ რამდენიმე ცხოველს აქვს გამომუშავებული. შესაძლოა, თუთიყუშების დიდი პოპულარობა სწორედ ამ თვისებით აიხსნას.
„სხვების მსგავსი ბგერის გამოცემის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია თუთიყუშებისთვის, – ამბობს რაიტი, – როდესაც მეტყველებით სხვას ბაძავ, ეს ნიშნავს, რომ მისი ჯგუფის წევრი ხარ“.