წყალქვეშა სილამაზის აღბეჭდვა ჩვეული ამბავია დევიდ დუბილესა და ჯენიფერ ჰეისისთვის, რომელთაც ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი რიფები გამოუკვლევიათ, თუმცა ზღვის გველთევზების კოლონია, რომელსაც ფილიპინების სანაპიროსთან (იხილეთ სტატია მე-80 გვერდზე) წააწყდნენ, განსაკუთრებული სანახაობა იყო. „National Geographic-ში კარიერა 1971 წელს დავიწყე, როდესაც წითელი ზღვის გველთევზების შესახებ დავწერე, – ამბობს დუბილე, – ამ ფოტოს გადაღება კი თითქოს შინ დაბრუნებას ჰგავდა“.
ზღვის გველთევზები სოციალურებიც არიან და მორცხვებიც. ისინი ინდივიდუალურ სოროებში ცხოვრობენ და დიდ კოლონიებს ქმნიან, რომელთაც პლანქტონის საჭმელად ტოვებენ. „დამატყვევებელია, უცქიროთ ასობით გველთევზის ეგზოტიკურ ცეკვას, რომელსაც ელვისებურად ასრულებენ დაუპატიჟებელი სტუმრის შემოჭრისას, რათა ქვიშაში გაუჩინარდნენ“, – ამბობს დუბილე.
ამ სცენის მოსახელთებლად დუბილესა და ჯენიფერსაც დასჭირდათ გაუჩინარება. გველთევზების კოლონიასთან ჯენიფერმა მოათავსა ფოტოაპარატის ზომისა და ფერის ქვა. გველთევზებიც ნელ-ნელა შეეჩვივნენ ბუნებრივ ქვას და თავიანთი სოროებიდან გამოძვრნენ. მომდევნო დილას ფოტოგრაფებმა ეს ქვა დისტანციურად მართვადი კამერით შეცვალეს ფოტოჩამკეტის შორიდან გასააქტიურებლად, თავად კი დაიმალნენ ჩაძირული გემის ნამსხვრევებთან. იქიდან მათ შეეძლოთ ეყურებინათ ზემოთ გამოსახული სცენისთვის. თავიდან გველთევზები თინუსმა შეაშინა, ხოლო ტუჩა და თევზი-ფლეიტა რეაგირების გარეშე დატოვეს.

ამერიკელი ფოტოჟურნალისტები ჯენიფერ ჰეისი და დევიდ დუბილე პირად ცხოვრებაშიც და პროფესიულ საქმიანობაშიც პარტნიორები არიან. ისინი აშუქებენ წყალქვეშა სამყაროს – ეკვატორიდან პოლუსებამდე.
ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი