გადავარჩინოთ აფრიკის პარკები
ამ კონტინენტის სიმბოლურ ცხოველებს ბრაკონიერობა და ადამიანისგან მომდინარე სხვა საფრთხეები ემუქრებათ. ახლა გამოჩნდა ერთი საკონსერვაციო ორგანიზაცია, რომელიც ჩაძირული ბიზნესივით უყურებს დეგრადირებულ პარკებს და მენეჯმენტის ახლებურ სისტემას ნერგავს. მიდგომა ამართლებს


გადავარჩინოთ აფრიკის პარკები
ამ კონტინენტის სიმბოლურ ცხოველებს ბრაკონიერობა და ადამიანისგან მომდინარე სხვა საფრთხეები ემუქრებათ. ახლა გამოჩნდა ერთი საკონსერვაციო ორგანიზაცია, რომელიც ჩაძირული ბიზნესივით უყურებს დეგრადირებულ პარკებს და მენეჯმენტის ახლებურ სისტემას ნერგავს. მიდგომა ამართლებს
ზაკუმის ეროვნული პარკის ქვიშისფერ შტაბ-ბინას ისე შემორტყმია გარს ქონგურებიანი გალავანი, თითქოს უდაბნოს ძველი ციხესიმაგრეაო. დისპეტჩერის ოთახის კართან გამოსახულია „კალაშნიკოვი“, რომელიც წითელ წრეშია ჩასმული შიგნით ღრმად ამოკაწრული სიტყვებით: შენობაში აკრძალულია იარაღის შეტანა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩადში მდებარე ზაკუმაში ყველა „კალაშნიკოვს“ ატარებს, როგორც რეინჯერები, ისე ველურ ცხოველთა დასახოცად შემოჭრილი თავდამსხმელები.
ზაკუმის ეროვნული პარკი 1963 წელს დაარსდა. მას შემდეგ ის არაერთხელ იქცა სპილოთა ბრძოლის ველად. 50 წლის წინ ჩადში ალბათ 300 000 ინდივიდიც კი დააბიჯებდა ტლანქად, მაგრამ, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს რიცხვი კატასტროფულად შემცირდა – კბილებამდე შეიარაღებული ბრაკონიერები ნამდვილ ხოცვა-ჟლეტას აწყობდნენ. გადარჩენილი სპილოების დიდი ნაწილი, დაახლოებით 4000 ინდივიდი, ზაკუმამ შეიფარა, თუმცა უსაფრთხოება არც აქ იყო გარანტირებული.

შემდეგ, ამ საუკუნის პირველ ათწლეულში, ზაკუმაში მობინადრე პოპულაციის 90 პროცენტზე მეტი გაწყვიტეს, მეტწილად სუდანელმა მხედრებმა, რომლებიც აღმოსავლეთის მხრიდან იჭრებოდნენ ხოლმე პარკში და პარამილიტარულ თავდასხმებს აწყობდნენ სპილოს ძვლის ხელში ჩასაგდებად. ამ მხედრებს ეძახდნენ ჯანჯავიდებს – არაბული სიტყვა, რომელიც თავისუფალი თარგმანით „ცხენზე ამხედრებულ დემონს“ ნიშნავს. ერთ დროს ისინი სუდანის მთავრობამ შეაიარაღა და უმოწყალო დამრტყმელ ძალად აქცია დარფურის კონფლიქტისას, მოგვიანებით კი ისინი სპილოს ძვალზე მონადირე დაქირავებულ ყაჩაღებად დაიგეშნენ.

2010 წელს, ჩადის მთავრობის ინიციატივით, ზაკუმა სამართავად გადაეცა კერძო, არაკომერციულ ორგანიზაციას სახელად „აფრიკის პარკები“ (AP) და მძიმე ტენდენციაც უცებ შემობრუნდა. 2000 წელს ეს ორგანიზაცია დააფუძნა კონსერვაციონისტების პატარა ჯგუფმა. ეროვნული პარკების სამართავად და აღსადგენად AP ხელშეკრულებებს დებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობასთან ერთი მთავარი პირობით, რომ მათ სრულად უნდა გადაეცეთ კონტროლი პარკების მართვაზე. დღეს AP მართავს 15 პარკს 9 ქვეყნის მასშტაბით, ნერგავს ეფექტურ ბიზნეს-პრაქტიკას და დგამს მკაცრ თუ ზედმიწევნით გაწერილ ნაბიჯებს.
დევიდ კვამენის უკანასკნელ წიგნს ეწოდება „გადახლართული ხე: სიცოცხლის რადიკალური, ახალი ისტორია“; 2019 წლის ივნისის გამოცემაში დაიბეჭდა სტატია პანგოლინებით უკანონოდ ვაჭრობის შესახებ, რომლის ფოტოები ბრენტ სტირტონს ეკუთვნის.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.