ღაზის გვირაბები
ეს გვირაბი, ღაზისა და ეგვიპტის სინას ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი ასეულობით გვირაბის მსგავსად, ცუდად იყო ნაშენები და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა


ღაზის გვირაბები
ეს გვირაბი, ღაზისა და ეგვიპტის სინას ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი ასეულობით გვირაბის მსგავსად, ცუდად იყო ნაშენები და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა
ღაზის სექტორის ქვეშ გათხრილ, კონტრაბანდის გადასატან გვირაბებში მუშაობის დაწყების დღიდან, სამირი და მისი ძმა იუსეფი შიშობდნენ, რომ ერთ დღესაც ისინი იქ დაიღუპებოდნენ. 2011 წლის ერთ ცივ ღამეს იუსეფი მართლაც დაიღუპა, სწორედ ისე, როგორც ძმებს წარმოედგინათ – გვირაბში მიწა ჩამოიშალა და ცოცხლად ჩაიმარხა.
დაახლოებით საღამოს 9 საათი იქნებოდა, როცა ღამის ცვლაში მომუშავე ძმები გვირაბში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. ეს გვირაბი, ღაზისა და ეგვიპტის სინას ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი ასეულობით გვირაბის მსგავსად, ცუდად იყო ნაშენები და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
ღაზის უკიდურესი სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფის ქვეშ, დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეში, სამირი გვირაბის შესასვლელთან ახლოს მუშაობდა, იუსეფი და კიდევ ორი თანამშრომელი, ქარიმი და ხამისი, გვირაბის შუა ნაწილში იმყოფებოდნენ. ისინი კედლის გასამაგრებლად მასში ფანერის ჩამაგრებას ცდილობდნენ, როცა კედელმა ჩამოშლა დაიწყო. ქარიმმა ხამისს ხელი სტაცა და სწრაფად გამოათრია, ხოლო იუსეფი საპირისპირო მიმართულებით გადახტა. მიწისა და ქვების ცვენა ცოტა ხნით შეჩერდა. მეგობრები უსაფრთხოდ რომ დაინახა, იუსეფმა იყვირა: „ალჰამდულილაჰ! – მადლობა ალაჰს!“
ნგრევა განახლდა და იუსეფი გაუჩინარდა.
სამირმა ჩამონგრევის ხმა რაციით გაიგონა და გვირაბის სიღრმისაკენ გავარდა. თავიდან მირბოდა, ხოლო შემდეგ, როცა გვირაბი დავიწროვდა და დადაბლდა, ხოხვით განაგრძო გზა…