
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
შეუძლიათ ფრინველებს მიწისძვრის პროგნოზირება?
ფრთოსანი წინასწარმეტყველები
მეცნიერები ახალ სისტემაზე ამყარებენ იმედებს, რომელიც მიწისძვრის შემთხვევაში ჩვენ წინასწარ გაფრთხილებას შეძლებს – მომცრო ზურგჩანთებიან ფრინველებზე. ზუსტად არავინ იცის რატომ, მაგრამ ცხოველები მიწისძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებების წინ არატიპურად იქცევიან. გერმანიის მაქს პლანკის ორნითოლოგიის ინსტიტუტის ეკოლოგისა და National Geographic Society-ს მკვლევარ მარტინ ვიკელსკის თქმით, ფრინველების გუნდებმა შეიძლება გეზს გადაუხვიონ ან უცნაურ დროს გააქტიურდნენ. იგი ICARUS-ს (კოსმოსის გამოყენებით ცხოველთა კვლევის საერთაშორისო თანამშრომლობა), სატელიტური დაკვირვების პროექტს ხელმძღვანელობს. პროექტი მსუბუქ ელექტრონულ სანიშნეებს გამოიყენებს, რომლებსაც ათიათასობით ფრინველზე, ღამურასა და სხვა ცხოველებზე ამაგრებენ, რათა მათ ქცევაში მოახლოებულ სტიქიურ უბედურებებზე მიმანიშნებელი გადახრები აღმოაჩინონ. მოხალისეთა გლობალურმა ქსელმა უკვე დაიწყო ამ ხელსაწყოებით ცხოველების დანიშვნა, რომლებიც, სხვასთან ერთად, მათი მოძრაობის მონაცემებსაც აწვდის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. ვიკელსკი იმედოვნებს, რომ შედეგად სტიქიური უბედურებების წინასწარმეტყველთა ქსელს მიიღებს. – ლინდსი გელმანი
ხოჭოები სახლში

მუქთამჭამელები ყველა ზომისა არსებობენ. როლიში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, ჟურნალ PeerJ-ს მიერ ორმოცდაათ სახლში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სახლებში მეპატრონეებისგან ფარულად ფეხსახსრიანთა ასობით სახეობა ცხოვრობს. უმრავლესობას (73%) ბუზები, ობობები, კრაზანები, ჭიანჭველები და აქ ნაჩვენები ხალიჩის ხოჭოსმაგვარი ხოჭოები შეადგენენ, ასევე ჩრჩილები, ყურბელები, ტარაკნები და მრავალფეხიანები. – ლორი ქათბერტი
ორიგამის გამოწვევა

კრისტიან მარიანჩუკს ამბიციური პროექტი, რომელიც 100 დღის განმავლობაში დღეში თითო ორიგამის წეროს გაკეთებას გულისხმობდა, პირად მიზნად ექცა. მან საბოლოოდ 1000 ულამაზესი წერო დაკეცა ისე, რომ დღე არ გამოუტოვებია.