
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
თაგვები და ადამიანები წინასწარ წარმოიდგენენ, რას დაინახავენ
წარმოიდგინეთ, გამოღვიძებულს რომ დაგენახათ თქვენი სიზმრების სამყარო. იელის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ამგვარი შეგრძნება დაბადებისას გვეუფლება. ახალშობილი თაგვების ტვინზე დაკვირვებით ირკვევა, რომ თვალების გახელამდე თვალის ბადურა მხედველობის სიმულაციას ქმნის და ინფორმაციულ ტალღებს უშვებს. ეს ტალღები თაგვის საფეთქლებიდან მისი ცხვირისკენ მოძრაობს ისე, როგორც ეს თაგვის სირბილის დროს ხდება. ლაბორატორიის დირექტორის, მაიკლ კრერის განმარტებით, ეს სიზმრისმაგვარი მდგომარეობა „თაგვს წინასწარ აცნობს თვალის გახელის შემდეგ მოსალოდნელ შეგრძნებებს“. მსგავსი ვიზუალური აღქმის უნარი ახალშობილ ადამიანებშიც შეინიშნება. კრერის თქმით, „ჩვენ ვიბადებით თანდაყოლილი, რუდიმენტული უნარ-ჩვევებით“.
პროდუქტი პლასტმასის იარლიყების გარეშე

ჰოლანდიაში უსასუქო ხილის და ბოსტნეულის ეტიკეტირების ეკომეგობრული ხერხი გამოძებნეს: ამომცნობ ნიშნებს პროდუქტის ზედაპირზე ლაზერის მეშვეობით გამოსახავენ. მარკირების ეს უსაფრთხო მეთოდი თავიდან გვაცილებს პლასტმასის შეფუთვების საჭიროებას და პროდუქტის ცალკეული ერთეულების შეძენის შესაძლებლობით საკვების ზედმეტ ნარჩენებსაც.
ჩახუტება ნამდვილად უკეთ გვაგრძნობინებს თავს

კვლევებმა ცხადყო, რომ პანდემიის მსხვერპლად ქცეულ ჩახუტებას საგრძნობი ძალა აქვს. იაპონიაში ოთხიდან თორმეტ თვემდე ჩვილებზე დაკვირვებით შეიტყვეს, რომ მშობლებთან ჩახუტება ბავშვის გულისცემას ანელებს. ლონდონში ჩატარებული ექსპერიმენტებით ირკვევა, რომ თვალებახვეულ მონაწილეებს გრძელი ჩახუტებები უფრო სიამოვნებთ. უცხო ადამიანების ჩახუტების შეფასებისას, ექსპერიმენტის მონაწილეებმა 5-10-წამიანი ჩახუტებები უკეთ შეაფასეს, ვიდრე ერთწამიანები.