
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
კოსმოსურ სადგურზე გრავიტაციის არარსებობის გამო ცეცხლი „არაამქვეყნიური“ ფორმებით გვევლინება.
კოსმოსური აალება
დედამიწაზე ცეცხლი მოციმციმე ენებს წააგავს, თუმცა გრავიტაციის გარეშე ცხელ ჰაერს არ გააჩნია ზედაპირზე გაჩერების უნარი, რომ ალს ჩვენთვის ნაცნობი ფორმა მისცეს. მიკროგრავიტაციის პირობებში ცეცხლი ხშირად გუმბათის ან სფეროს ფორმისაა და განსაცვიფრებლად დაბალ ტემპერატურაზე, 480°C-ზე იწვის (გაზქურის მაღალი ტემპერატურის რეჟიმი დაახლოებით 1700°C-ია). ზემოთ ნაჩვენებ გამოსახულებაზე ცეცხლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, პროექტი ACME-ს (Advanced Combustion via Microgravity Experiments) ფარგლებში დაანთეს. „სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მომუშავე მწერლები ცეცხლის შესახებ მეკითხებიან ხოლმე“, – ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის ACME-ს მკვლევარი პიტერ სანდერლენდი, – „ის კოსმოსში არაამქვეყნიურია“. კოსმოსურ ხომალდებზე ცეცხლის საწინააღმდეგო სისტემების დახვეწის მიზნით ACME-მ სადგურზე 1500-ზე მეტი ალი გააჩინა. – მაიკლ გრეშკო
კლიმატის ცვლილება პომიდორს უტევს

პიცის სოუსი, პასტის სოუსი, კეტჩუპი: პომიდორი ბევრი ყოველდღიური საკვების მთავარი ინგრედიენტია, თუმცა უკანასკნელ წლებში მსოფლიოს გადასამუშავებელი პომიდვრის 30%-ის მწარმოებელი შტატი კალიფორნია ექსტრემალურმა სიცხემ და გვალვამ გადაბუგა. სიცხემ ნერგები დააზიანა რის, შედეგადაც ფერმერები და პიცის მოყვარულები დაზარალდნენ. – ალეხანდრა ბორუნდა
ცისფერი მაკაოს დაბრუნება

ბრაზილიაში, ბუნებაში გადაშენებულად გამოცხადებული ცისფერი მაკაო (Cyanopsitta spixii) 20 წლის შემდეგ ბრუნდება. ჰაბიტატის დაკარგვამ და ბრაკონიერობამ ეს ცისფერბუმბულიანი თუთიყუში თითქმის გააქრო. ფრინველი ველურ ბუნებაში უკანასკნელად 2000 წელს შენიშნეს. კონსერვაციონისტებმა და კოლექციონერებმა, რომლებიც რამოდენიმე ფრინველს ფლობდნენ, ბრაზილიაში მათი გასამრავლებელი პროგრამა წამოიწყეს. ივნისში 8 ცისფერი მაკაო დაცულ ტყეებში გაუშვეს. წლის ბოლოსთვის კიდევ ათეული ფრინველის გაშვება იგეგმება. – ენი როთი