
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ნიჟარებით შეიარაღებული რვაფეხების ქცევა პირველად აღწერეს
ნიჟარების მტყორცნელი
განვიხილოთ Octopus tetricus-ი, ცნობილი როგორც პირქუში რვაფეხა, რომელმაც ტერიტორიის დაცვის ახალ ხერხს მიმართა. მასთან მიახლოებისას მან შესაძლოა რაღაც-რაღაცების სროლა დაიწყოს, ნათქვამია ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებულ კვლევაში. ახალი ზელანდიისა და აღმოსავლეთ ავსტრალიის ზღვებში დაფიქსირდნენ თავფეხიანები, რომლებიც მათ თავშესაფართან მიახლოებულ ცხოველებს ნიჟარებს, სილას და წყალმცენარეებს ესვრიან. თავდასხმის ობიექტები თევზები, სხვა პირქუში რვაფეხები და წყალქვეშა კამერებიც კი ხდებიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რვაფეხას ქცევაში სროლის ფაქტი დაფიქსირდა. მეცნიერები არ არიან დარწმუნებულნი მოტივაციაში, თუმცა ეს შეიძლება „პირადი სივრცის დაცვა იყოს“, – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი პიტერ გოდფრი-სმითი (სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი). პირქუში რვაფეხები სასროლად შლამსა თუ ნიჟარებს ფეხებით იღებენ და მილისებრი ორგანოდან, სიფონიდან გამოტუმბული წყლის მძლავრი ჭავლით გატყორცნიან. მათი გადასროლა თავიანთი სხეულის რამდენიმე სიგრძის მანძილზე შეუძლიათ. – ენი როთი
მეტი წვიმა და ცისარტყელა

ზოგიერთი კულტურა ცისარტყელას ავისმომასწავებლად მიიჩნევს. ახალი კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილებას მეტი წვიმა და შესაძლოა მეტი ცისარტყელაც მოჰყვეს.
როდესაც ამინდის ძირითადი კანონზომიერებები დათბობის გამო იცვლება, პრიზმულმა გამოსახულებებმა შეიძლება იმატოს, განსაკუთრებით პლანეტის პოლუსებთან ახლოს. – ალეხანდრა ბორუნდა
ორგანოების გადანერგვა შესაძლოა გახშირდეს

აშშ-ში წელიწადში 6000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ორგანოს გადანერგვის მოლოდინში. თუმცა, იელის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, ქსოვილის სიკვდილი შეიძლება შეჩერდეს ან უკუიქცეს კიდეც, რაც მკვეთრად გაზრდის დონორთა ჯგუფს. მკვლევრებმა ღორის გვამებში შეიყვანეს ამინომჟავების, ვიტამინებისა და სხვა ნაერთებისგან შემდგარი ლურჯი ხსნარი, რათა გულის გაჩერებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღედგინათ ორგანოების ფუნქცია. შემდეგი ნაბიჯია გადარჩენილი ორგანოების ღორებში გადანერგვა ფუნქციის შესაფასებლად. – კონი ჩანგი